დეკანოზი გიორგი ფლოროვსკის შემოქმედება, „ნეოპატრისტიკული სინთეზის" თეორია მრავალი კომპეტენტური მკვლევარისა თუ ღვთისმეტყველის მიერ სიახლედ შეირაცხა.
ერთი შეხედვით, დეკანოზი გ. ფლოროვსკი „რუსულ ღვთისმეტყველებაში დასავლურის ზეგავლენას" აკრიტიკებს, სინამდვილეში სახეზეა მცდელობა, რამენაირად საფუძველშივე სახეუცვალოს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას.
გ. ფლოროვსკი წერს: „მრავალი გრძნობს, რომ რუსული ღვთისმეტყველება უნუგეშოდ დამახინჯდა დასავლურის ზეგავლენით. ამდენად, მომწიფდა დრო, რომ შემართებით შევცვალოთ ის თავის საფუძვლებში და დავუბრუნდეთ დავიწყებულ საწყისებს - ჭეშმარიტ მამებისეულ მართლმადიდებლობას. ამგვარ შემობრუნებაში მოვიაზრებთ მრავალსაუკუნოვანი ჩვევებისაგან მის განთავისუფლებას".1
უცნაური „სინთეზია": ერთი მხრივ, გაისმის მოწოდება მამებისეული მართლმადიდებლობისკენ შემობრუნების აუცილებლობაზე, მეორე მხრივ, დეკანოზი მრავალსაუკუნოვანი „ჩვევების" (ანუ ტრადიციის) უარყოფისკენ მოგვიწოდებს.
შემდეგ ვკითხულობთ: „მართლმადიდებლობისთვის დასავლური „საცთურის" გადალახვის გზა არა იმაშია, რომ ეჭვის შეტანითა და შეზიზღებით უკუვაგდოთ დასავლური მიღწევები. არა, ჩვენ უნდა გადავლახოთ და გავასწროთ მათ ახალი შემოქმედებითი აქტიურობით".2
აქაც უცნაური „ნეოპატრისტიკული სინთეზია":
1) მართლმადიდებლობამ თან უნდა გადალახოს და გაასწროს დასავლურ ღვთისმეტყველებას (რაც ამპარტავნული სულისკვეთების მანიშნებელია).
2) თან არ უნდა უკუაგდოს დასავლური ღვთისმეტყველება.
გამოსავალს ამ ვითარებაში გ. ფლოროვსკი „შემოქმედებით აქტიურობაში" ხედავს. ისმის კითხვა: ნუთუ შემოქმედებითი აქტიურობით, სათანადო სულიერი განწყობილების (მართლმადიდებლური სწავლებისა და ასკეზის) გარეშე, შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა? ან, რატომ უნდა დავეწიოთ და გავასწროთ? სად გვეჩქარება? ნუთუ ჭეშმარიტება შემოქმედებითი აქტიურობით განიზომება?!
რეალურად, მართლმადიდებლური ცნობიერების ყალბით ჩანაცვლებასთან გვაქვს საქმე, რასაც არაფერი საერთო არა აქვს ჭეშმარიტ მამებისეულ მართლმადიდებლობასთან. ამაში მდგომარეობს ფლოროვსკისეული „ნეოპატრისტიკული სინთეზი", რომელიც მან დაუპირისპირა რუსულ ღვთისმეტყველებაში „სქოლასტურ (ლათინურ) ტყვეობას".
გაცილებით უფრო დამანგრეველია გ. ფლოროვსკის ეკლესიოლოგიური თვალთახედვა. ის წერს:
„არ გვიკვირს, რომ „ეკლესიის მიღმა" extra Ecclesom არსებობს ცხონების შესაძლებლობა. ეს ძირითადი ანტინომიაა ეკლესიის სწავლებაში.
„განშტოების თეორიის" ანტინომია არ გამოდგება. არ არსებობს თანასწორი განშტოებები. უფრო სწორად რომ ვთქვათ, დასნეულებული რტოები მყისიერად არ ხმება, ესაა ფაქტი. საყოველთაო მთლიანობის, „კრებსითობის" არარსებობა (როგორც ჩანს, სხვა კონფესიებთან ერთიანობის არარსებობას გულისხმობს), დოგმატური ცნობიერების მარცხია. მეტიც, აშკარა ცდომილებაა, ყოველივე ეს ადამიანური სიყალბეა, არამართებულობას არ ძალუძს სულიწმინდის მოქმედების შეჩერება... ვეთანხმები ხომიაკოვს: „მიწიერი და ხილული ეკლესია ჯერ არ ნიშნავს სისავსეს და სრულყოფას მთელი ეკლესიისა. ეს ერთობა საბოლოო სამსჯავროზე მთელი კაცობრიობის წინაშე განცხადდება. შესაბამისად ის (ეკლესია) მხოლოდ საკუთარი საზღვრების ფარგლებში მოქმედებს და დანარჩენებისაგან გამიჯნულობას ადასტურებს, კერძოდ, რომ არ მოიაზრებიან ეკლესიაში ისინი, ვინც თავად გამოეყო მას; რომ ღმერთმა არ ინება ყველაფრის განცხადება სამსჯავრომდე (Церковь Одна. § 2). დიახ, არსებობს უხილავი, განდგომილებისა და განხეთქილების მიუხედავად არსებული განუყოფელი კავშირი"."3
აქ გ. ფლოროვსკი ეკუმენისტური ეკლესიოლოგიის კომპრომისულ ვერსიას გვთავაზობს. თითქოს აკრიტიკებს „განშტოების თეორიას", სინამდვილეში არანაკლები ერესი შემოგვთავაზა: „არა განშტოებები, არამედ „დასნეულებული", „არა გამხმარი რტოებია", ანუ ნაწილობრივი მადლის (ქარიზმის) მატარებელი „ეკლესიის განშტოებებია". ერთი დაზუსტებით: „არ იმყოფებიან" ჩვენთან ხილულ კავშირში, მაგრამ „უხილავი კავშირი", განდგომილების მიუხედავად, სახეზეა.
გ. ფლოროვსკის აზრით, ხილული გაერთიანება სხვა კონფესიებთან მამებისეული ეკლესიოლოგიის რევიზიითაა შესაძლებელი: „კვიპრიანეს ისტორიული ზეგავლენა ხანგრძლივი და ძლიერი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, წმ. კვიპრიანეს საღვთისმეტყველო სწავლება არასდროს ყოფილა უგულებელყოფილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს მასთან ერთად ეკლესიის სხეულიც შემოვსაზღვროთ საბოლოო კონტურებით, მარტოოდენ კანონიკური განსაზღვრებით".4
როგორც ვხედავთ, გ. ფლოროვსკი „ტექნიკურად" უარყოფს წმ. კვიპრიანე კართაგენელის მართლმადიდებლურ სწავლებას. ის ვერ ჰპოულობს კვიპრიანეს ღვთისმეტყველებაში წუნს, მაგრამ ეკლესიის საზღვრების პრინციპულობით დაცვასაც ვერ ეგუება. სინამდვილეში, ამით მკაფიოდ გამოავლინა თავისი სულიერი სახე ტიპიური ადოგმატისტისა და მოდერნისტისა. (გაგრძელება იქნება...)
2 იქვე. Западное влияния...
3 Прот. Г. Флоровский. Проблематика Христианского воссоединения. Париж. „Символ". 1984. С. 561.
4 Прот. Г. Флоровский. О границах Церкви. Путь. 1994. N 44. C. 171.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია