2016 წლის კრეტის კრებაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომესა და მეტწილად ბერძენ (ელინ) ეპისკოპოსთა თაოსნობით, მიღებულ იქნა ექვსი დოკუმენტი და ორი ეპისტოლე. ერთ-ერთს „ენციკლიკა" ეწოდა, სადაც მსოფლიო პატრიარქი წერს:
„ჩვენი შეფასება ნაკარნახევია აუცილებლობით - დარეგულირდეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საკითხები. ისინი ძირითადად ეკლესიის კანონიკური წყობის გამო გაჩნდა. ყველა ავტოკეფალური ეკლესია მიიჩნევს, რომ საკუთარ საზღვრებში უფლებამოსილია დაარეგულიროს საკუთარი, შიდა საკითხები, მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც ხანდახან ართულებს ეკლესიის „ერთიანი ბაგითა და გულით" მოწმობას თანამედროვე სამყაროში. ეს ქმნის გაუგებრობას, რითაც ირღვევა ერთობა. თუმც ასეთი წყობა არის კანონიკური და ეკლესიოლოგიურად გამართლებული, ჩნდება საშიშროება ეკლესიის ერთგვარად „ეკლესიათა ფედერაციად" გადაქცევისა, როდესაც ყოველი მათგანი წინ წამოსწევს საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებს. ეს გარემოება არსით ყოველთვის არ გახლავთ წმინდა ეკლესიური, ამიტომ ჩნდება კრებსითობის გამოყენების აუცილებლობა".1
როგორც ვხედავთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის იდეოლოგიის თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული „კანონიკური და ეკლესიოლოგიური" პრინციპები „პრობლემატურია", ქაოსს იწვევს და მის ნაცვლად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მმართველობითი სისტემა გაურკვეველი კრებსითობის საფუძველზე.
შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ „ამ დოკუმენტებს აქვთ პანორთოდოქსული ავტორიტეტი" (მუხლი 13). არასრული შემადგენლობის მიუხედავად მან კრებას ყველასათვის სავალდებულო უწოდა. მაგრამ კრების ავტორიტეტი არ დგინდება რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლის, გნებავთ პატივით (და არა უფლებამოსილებით) პირველი პატრიარქის სურვილით.
კრეტის კრების დოკუმენტებში მსოფლიო მნიშვნელობის კრებებს შორის კონსტანტინოპოლის 1872 წლის კრებაც ახსენეს, სადაც ბულგარეთის ეკლესია ეთნოფილეტიზმის ბრალდებით სქიზმად დასახელდა.
ყურადსაღებია, რომ კრებას არ გაუვლია ზღვარი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასა და ერესებს შორის. ერთადერთხელ გაისმა ტერმინი „ერესი" კონსტანტინოპოლის 1872 წლის კრების ხსენებისას, თუმცა მასთან შედარებით კათოლიციზმი, პროტესტანტობა თუ მონოფიზიტობა „უვნებელი კონფესიებია", მეტიც - „ეკლესიები".
ცხადია, ხსენებულ კრებაზე არა „სქიზმის" (როგორც 1872 წ. კრებაზე) არამედ „ერესის" ბრალდებით ის ადგილობრივი ეკლესიები „დაჯილდოვდნენ", რომლებიც არ დაესწრნენ 2016 წლის კრებას. აღნიშნულ ეკლესიებს (ბულგარეთის, ანტიოქიის, საქართველოსა და რუსეთის) ბრალი დასდეს, არც მეტი, არც ნაკლები, ვით განხეთქილებისა და ერესის - ეთნოფილეტიზმის მომქმედთ. თითქოს, როგორც 1872 წელს, 2016 წელსაც უკვე არა მხოლოდ ბულგარელები, არამედ ოთხი ადგილობრივი ეკლესია „დავიმსახურეთ" ეს ბრალდება. (შენიშვნა კიპროსის მთავარეპისკოპოსის ქრისოზტომოსის II მიერ ითქვა).
მართალია, „ენციკლიკაში" უარყოფილია გლობალისტური უკიდურესობანი, თუმცა ნაციონალური ინტერესებიც იმავე კონტექსტშია ნახსენები: „მართლმადიდებელი ეკლესია გლობალიზაციით გამოწვეული ნივილირებადი და უსახო ჰომოგენიზაციის, ასევე უკიდურესი ეთნოფილეტიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ადგილობრივი ტრადიციის გაძლიერებისა და დაცვის ეგიდით ვლინდება".2
როგორ უნდა შეფასდეს კრება, რომლის დღის წესრიგში არ დადგა მართლმადიდებელი ეკლესიის მართლაც საჭირბოროტო საკითხები, თუნდაც თანამედროვე ერესების მხილება? მეტიც: ერეტიკოსები (პაპისტები, პროტესტანტები, მონოფიზიტები და ა.შ.) ოფიციალური სტუმრის სტატუსით მოიწვიეს, ხოლო „ერესისა" და „სქიზმის" ბრალდება არადამსწრე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მისამართით არ დაიშურეს.
ყოველივე ამის ფონზე, ცხადია, თავად ტერმინ „ეთნოფილეტიზმის", ვით ერესის კვალიფიკაცია, მრავალ შეკითხვას ჰბადებს:
1) რა მოიაზრება ამ ტერმინში?
2) რაში მდგომარეობს ერესის ბრალდება?
3) რა მიზანს ისახავდა ის 1872 წლის კრებაზე?
4) და რას, 2016 წ. კრეტის კრებაზე?
დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, თუ რა იმალება ამ ტერმინოლოგიური „ფანდის" მიღმა. რა პროცესები უნდა გადამალოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ადგილობრივი ეკლესიების სამართლებრივი უფლებების უგულებელყოფის საფუძველზე? (გაგრძელება იქნება...)
1 ციტ. წიგნ. პარიზის სკოლის კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში. თბ. 2017. გვ. 104.
2 Окружное послание Критского Собора. 2016.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია