როგორც მოგახსენეთ, ბიზანტიის დაცემის შემდეგ ბერძნებმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მსოფლიო მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი გადმოსახედიდან სხვადასხვა ქვეყნების მიერ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის ბრძოლა ეთნოფილეტიზმისა და ტრაიმბალიზმის გამოვლინებად მიიჩნეოდა.
რუსეთის ეკლესიის გაძლიერების ფონზე სხვა სლავურ ქვეყნებსაც გაუჩნდათ ავტოკეფალიის მოპოვების სურვილი. ყველაზე მტკივნეულად ეს პროცესი ბულგარეთის ეკლესიაში განვითარდა. ბულგარელმა ხალხმა სასულიერო პირებთან ერთად, რომლებიც მანამდე კონსტანტინოპოლის ეკლესიას ექვემდებარებოდნენ, 1870 წელს ავტოკეფალია გამოაცხადა.
ამ ფაქტს კონსტანტინოპოლის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა. 1872 წელს კონსტანტინოპოლში შედგა კრება, რომელზეც კონსტანტინოპოლის (ანტიმოსი), ალექსანდრიის (სოფრონი) და ანტიოქიის (იორეთეოსი) პატრიარქები და 28 ეპისკოპოსი (მეტწილად კონსტანტინოპოლელი) შეიკრიბა. იერუსალიმის ეკლესიამ წინასწარი, კრებამდელი შეკრების შემდეგ უარი განაცხადა კრებაში მონაწილეობაზე - ის არ მიიჩნევდა თავს ვალდებულად ხელი მოეწერა კრების გადაწყვეტილებაზე, როგორც ეროვნული ვნებათაღელვის ზეგავლენით მიღებულზე.1 დიდად არც სხვა დამსწრე ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს სურდათ ხელმოწერა, მაგრამ მათ ელინიზმისა და მართლმადიდებლობის ღალატით აშანტაჟებდნენ.2
ამრიგად, აღნიშნულ კრებაზე ბულგარეთის ეკლესიის კონსტანტინოპოლისგან (დედაეკლესიისგან) გამოყოფის ფაქტი ეთნოფილეტიზმად და სქიზმად შეფასდა.
1872 წ. კონსტანტინოპოლის კრებამ დაადგინა:
„ვემიჯნებით და ბრალს ვდებთ ნაციონალური (ტომური) განსხვავებულობის ნიშნით გამოყოფას, ხალხებსა და ქრისტეს ეკლესიის წიაღში უთანხმოებას, როგორც სახარებისეული სწავლებისა და წმინდა მამათა კანონებით მიუღებელ მოვლენას, რომელზეც დამყარებულია წმინდა ეკლესია, ამშვენებს რა ადამიანურ საზოგადოებას, მივყავართ ღვთაებრივი კეთილკრძალულებისკენ. ვინც ნაციონალური ნიშნით შეუდგება ამგვარ გამოყოფას და გაკადნიერდება მასზე დააფუძნონ დღემდე გაუგონარი ნაციონალური ნიშნით შესაკრებელი, წმინდა კანონების თანახმად ვადგენთ, რომ ეს უცხოა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისთვის და ნამდვილ სქიზმატებად ვსახელდებთ მათ". (შეადარეთ რუსულთან).3
კრების კომისიის მოხსენებებში ყურადღება გამახვილებული იყო ისტორიულ მოცემულობაზე, რომ ბულგარელებმა მოიძულეს თავიანთი კანონიკური დედაეკლესია, იმთავითვე ხელმძღანელობდნენ ეთნოფილეტიზმისა და ტრაიმბალიზმის პრინციპით. ასევე აღნიშნა, რომ ეთნოფილეტიზმი ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სახარებისა და წმინდა მამების სწავლებას. აღინიშნა, რომ სწორედ ეთნოფილეტიზმია მიზეზი სხვადასხვა რასობრივი მენტალობის წარმოშობისა და დისკრიმინაციისა. ასევე ქრონოლოგიურად იყო ჩამოთვლილი ბულგარელების ანტიკანინიკური აქტები და მოქმედებები.4
მოკლედ ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: მათ, ვინც აფუძნებს ახალ ადგილობრივ ეკლესიას ნაციონალური ნიშნითა და განსხვავებულობით, განვკვეთთ ქრისტეს ეკლესიისგან.
1872 წლის კრება არაერთგვაროვნად იქნა აღქმული ეკლესიის სისავსის მიერ. თავად ის ფაქტი, რომ მას მხოლოდ სამი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ადასტურებს ამას. ჩვენთვის ბევრი რამ ბუნდოვნად ჟღერს, მაგალითად: კრებამ „დღემდე გაუგონარი ნაციონალური ნიშნით შესაკრებელი" უწოდა ბულგარელების ავტოკეფალიის მოთხოვნას. მაგრამ ეკლესიის ისტორია მინიმუმ ორ შემთხვევას გვახსენებს:
1) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას (487 წ.) ანტიოქიის ეკლესიისაგან მიღებულს.
2) რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიას (1448 წ.), რომელიც კონსტანტინოპოლის ეკლესიამ 1589 წელს აღიარა.
სინამდვილეში, ბულგარეთის ეკლესიის (როგორც მანამდე საქართველოსა და რუსეთს) ნაციონალური თვითშეგნების ზრდა ბერძნული ნაციონალურ-პოლიტიკური ზეგავლენის შესუსტებას იწვევდა. ელინური ეკლესიების ცენტრს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავლენების დაკარგვის საფრთხე შეექმნა.
1872 წლის კონსტანტინოპოლის კრების შემდეგ, ერთიმეორეს მიყოლებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რვა ეკლესია გამოეყო: ელადის (1833-1850), რუმინეთი (1865-1885), ბულგარეთის (1872-1945), სერბეთის (1879), პოლონეთის (1924), ალბანეთის (1929-1937), ჩეხეთის (1998), გაცილებით ადრე კი რუსეთის (1448-1589 წწ), რომელიც ასევე ნაციონალური თვითმყოფადობის ფაქტორით გახდა ავტოკეფალური.
გარდა ამისა, თავად ბულგარეთის, რუსეთის ეკლესიის გამოჩენილ ღვთისმეტყველებსა და წმინდანებს (თეოფანე დაყუდებულს, ფილარეტ მოსკოველს, სერაფიმე სობოლოვს, მაკარი ბულგაკოვსა და სხვა) მრავალი შეკითხვა ჰქონდათ კრების მისამართით. მაგალითად:
1) რამდენად შეიძლება ეროვნული თვითმყოფადობის ნიშნით მოპოვებული ავტოკეფალია ჩაითვალოს ეთნოფილეტიზმად?
2) რას მოიაზრებს თავის თავში ეთნოფილეტიზმი?
3) გაუგებარი იყო ბრალდების შინაარსი.
4) რატომ არ მიეცა სიტყვა ბრალდებულ მხარეს?
5) რა კრიტერიუმით გადაკვალიფიცირდა სქიზმა ერესად?
არქიმანდრიტი გრიგორი (პაპატომასი) წერს: „ტერმინი ეთნოფილეტიზმი, როგორც ცნება, სპეციალურად მოიგონეს კონსტანტინოპოლის 1872 წლის კრებაზე".5
ბულგარელების აზრით, „ფაბრიკაციას ჰქონდა ადგილი". მიაწერეს რა ბულგარელებს „ახალი დოქტრინის" გამოგონება, ბერძნებს ამით შესაძლებლობა მიეცათ სათანადოდ დაესაჯათ განხეთქილების შემოქმედნი. დღესაც ამ პრინციპით მოქმედებს კონსტანტინოპოლი. ასორმოცი წლის წინ თუ ეთნოფილეტიზმს „სქიზმა" ეწოდებოდა, დღეს ის (კრეტის 2016 წლის კრებაზე) „ერესად" მოინათლა. ამ ნუსხაში, როგორც ჩანს, ირიბი მინიშნებით, შესაძლოა ჩვენი ეკლესიაც მოიაზრებოდეს (ამაზე მოგვიანებით).
ბულგარელებისთვის გაუგებარი იყო, რა არის ბრალდების არსი. მათ იმაში დასდეს ბრალი, რომ ამასოფლის საერო სული, ახალი ეთნოფილეტური სწავლება შემოიტანეს ეკლესიაში. არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, რას ასწავლის კონკრეტულად ეს ახალი დოქტრინა.
საეკლესიო სამართლის თანახმად:
1) უნდა ჩამოყალიბდეს მცდარი სწავლების არსი.
2) შემდეგ კი ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება ამ საკითხის შესახებ.
3) ხოლო შეფასების შემდგომ გამოტანილი უნდა იყოს სათანადო დასკვნა.
ბულგარეთის მხარე მიიჩნევდა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია წარმოდგენილი იყო როგორც საკუთარი საქმის განმხილველიც და, აგრეთვე დაინტერესებული მხარეც. ეს გარემოება იურიდიული თვალსაზრისით აბსურდულია. აღსანიშნავია, რომ სიტყვა ამ მისცემია ბრალდებულ მხარეს, (ის საერთოდ არ არსებობდა კრებაზე). ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენლები არ გამოუძახებიათ, რაც კანონიკური სამართლის მიხედვით სერიოზული დარღვევაა.
არსებითად, კრების მიზანი არც ყოფილა საკითხის განხილვა, არამედ ეს იყო უაპელაციო ბრალდება ბულგარეთის ეკლესიის მიმართ. გაუგებარია, რანაირად შეიძლება ამხილო სქიზმასა თუ ერესში ეკლესია ცრუსწავლების განხილვისა და დადასტურების გარეშე? ამიტომ, ასეთ გადაწყვეტილებებს არანაირი ლეგიტიმური ფასი არა აქვს მართლმადიდებელ ეკლესიაში, მით უფრო ვერ მიენიჭება მას მსოფლიო ავტორიტეტი, - წერს ბულგარეთის ეკლესიის ღვთისმეტყველი, დეკანოზი ბოჟიდარი (გლავევი) კონსტანტინოპოლის ეკლესიის ბრალდების საპასუხოდ.6
ცნობილი ფაქტია, რომ 1879 წ. რუსეთის ეკლესიამ, საეკლესიო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ვრცელი ეპისტოლეთი მიმართა.
მასში აღნიშნულია, რომ ბულგარეთის ეკლესიის პოზიციას არ შეიძლება მოენიჭოს არც სქიზმის, არც ერესის კვალიფიკაცია, არამედ ეს არის თვითნებური შესაკრებელის მოთხოვნა.7
1891 წ. მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი) წერდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სავსებით ლეგიტიმურად უნდა აღიაროს ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალურობა და დაემორჩილოს სულთანის (აბდულ-აზიზის) ფირმანს.
წმ. თეოფანე დაყუდებული 1872 წლის კრების შესახებ წერდა: „კონსტანტინოპოლის ეკლესიის ბრალდება შეშფოთებას იწვევს... აქ ელინიზმი ზეიმობდა".8
წმ. მიტროპოლიტი ფილარეტი (მოსკოველი) წერდა: „დიახ, უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ბულგარელების ბრალეულობის მიზეზი ბერძნებია, ხოლო ბერძენთან ბრალეულობის - თავად ბერძნები".9
ამრიგად, ბულგარელების ეთნოფილეტიზმი ეკლესიის არა დოგმატურ, არამედ კანონიკურ პრობლემად უნდა მივიჩნიოთ.
ბერძნების აზრით, ბულგარელებმა ავტოკეფალია არა ტერიტორიული, არამედ ეთნიკურ-ეროვნული ან ენობრივი ნიშნით განსაზღვრეს. ე.ი. უპირატესობას ნაციონალური ნიშნით წარმოაჩენენო, მაგრამ რატომაა პრობლემური ნაციონალური ნიშნით ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბება, ცალკე განხილვას საჭიროებს. (გაგრძელება იქნება...)
1 И. Теплов. Греко-Болгарский церковный вопрос. 1883.
2 იქვე. И. Теплов.
3 Митр. И. Влахос. Заговор и раскол националозма. Orthodoxia.info.
4 იქვე.
5 Diri.bg. Этнофилетизм и церковная диаспора. ციტ. Прот. Божидар. Гловев. Budiveren.com.
6 Схизма, навэзанная Царьградским патриархатом Болгарской Церкви – плод упрямства и злобы. Прот. Божидар. (Главев). Budiveren.info.
7 ვრცლად. Межцерковные отношения Болгарского экзархата со вселенским патриархатом.
8 Теплов. Греко-Болгарский вопрос.
9 იქვე.