არსებობს ორგვარი ნება, ორგვარი საგანი, რომლებიც ერთმანეთს შეესატყვისება:
1) უშიშრობა და რწმენა;
2) შიში და ურწმუნოება.
ორივე ურთიერთხელჩაკიდებულნი აღასრულებენ თავიანთ ნებას. როდესაც ხედავთ ურწმუნოებას, შიში გეუფლებათ, ხოლო როდესაც ხედავთ შიშს - ავლენთ ურწმუნოებას.
უფალი გვასწავლის, არ ვითხოვოთ ჩვენი პრობლემებისა და უბედურებების მყისიერი გადაჭრა, არამედ მამაცურად დავითმინოთ ისინი. უფალს სურს, რომ დავითმინოთ განსაცდელები და შევმატოთ თავს სიმამაცე, სარწმუნოება და სასოება. ეს ცხონების ლაბორატორიაა ამ სამყაროში.
თუკი შევიცნობთ ქრისტეს, ჩვენ ვიხილავთ მას განსაცდელის ჟამს. თუკი ვერ ვხედავთ მას, ე.ი. ჩვენს შემეცნებას რაღაც აკლია.
სამყაროს რაციონალისტური ხედვა ბადებს შიშს. ამიტომ, შეუძლებელია, ვიყოთ ქრისტეს მოწაფენი, ვენდობოდეთ მას, და ვიყოთ მოცულნი შიშით.
პეტრე მოციქულმა, უფლის ნებით, ზღვაზე გაიარა, მაგრამ შეეშინდა ქარის, აღელვებული ზღვის და ჩაძირვა დაიწყო. მას შეეშინდა იმის, რაც ნაკლებია იმაზე, რაც აღმატებულია.
დღევანდელ ვითარებაშიც იგივე ხდება. ქრისტემ გაიმარჯვა სიკვდილზე, მართებულია არ გვეშინოდეს სიკვდილის, მაგრამ ჩვენ დაგვეუფლა შიში იმის, რაც ნაკლებია - სნეულება. ეს რაზე მეტყველებს? თუკი გვეშინია, ე.წ. პანდემიის? სად ვართ სულიერი თვალსაზრისით? როგორ ფიქრობთ, რატომ დაუშვა ეს განსაცდელი ღმერთმა? ის მოგვმართავს ჩვენ: „მცირედმორწმუნენო!" ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მე ვდგავარ ყოველივეს უკან, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში? რაგვარია ჩვენი რწმენა? ვენდობით უფალს? არა! ჩვენ მივეშურეთ ვაქცინისკენ, უღმერთო ადამიანების ექსპერიმენტებისკენ, რომ გვიხსნან განსაცდელებისაგან.
პეტრე მოციქულმა იხილა ზღვაზე მოსიარულე უფალი, მაგრამ მაინც შეეჭვდა. სამწუხაროდ, ჩვენც ამავეს ვაკეთებთ დღეს. მაგრამ კარგი სიახლე ისაა, რომ უფალი არ გვტოვებს მაშინაც, როდესაც ჩვენ ვტოვებთ მას.
პეტრეს დანთქმის მიზეზი არა ქარი, არამედ ურწმუნოება იყო. ქრისტეც არა ქარს ამხელს, არამედ მცირედმორწმუნე პეტრეს. იმავეს აკეთებს ჩვენს შემთხვევაშიც.
პეტრე მოციქული ყველაფერში როდი იყო დაეჭვებული. მას ეშინოდა, შესაბამისად არ ყოფნიდა სარწმუნოება. ჩვენც გვეშინია, ჩვენს არ გვყოფნის რწმენა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც დაიწყო ე.წ. პანდემია, გასაგები იყო, რომ დაუშვა ღმერთმა ის. მაგრამ მაპროვოცირებელი დემონი იყო. საიდან ვიცით ეს? შიშის გამო. დღემდე ეშმაკები ნერგავენ შიშს ჩვენში, ამიტომაც ვიმალებით და აღვასრულებთ მმართველი ელიტის ნებას. შიში მტრისაგან მოდის, და მტერს სურს, რომ არ ვენდოთ ღმერთს.
განსაცდელის გადალახვა ორგვარად ხდება:
1) ერთნი ამბობენ: სნეულების შემდეგ ჩემში რწმენა, სასოება უფლისა გაძლიერდა.
ასეთი ადამიანები ცხონების გზაზე დგანან.
2) მეორენი ამბობენ: მე მეშინია და მივენდობი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, იმათ უკეთ იციან მე რა მიშველის, მაგრამ ქრისტე სადღაა?! ცხადია, წამალიც ღვთისგანაა, მაგრამ არის კი ეს წამალი?!
ამ ცხოვრებაში გვმართებს იერარქიული პრინციპების დაცვა. ჯერ ღმერთი, შემდეგ მისი მოძებული საშუალებები.
ამგვარი მიდგომით ვსწავლობთ სულების განრჩევასა და ხედვას, თუ ვისგან მოდიან ისინი. შედეგად, არც გვეშინია.
როგორ მოვიქცეთ? შევღაღადოთ პეტრესთან ერთად: „უფალო მიხსენ, ვიძირები!" და ის მყისიერად მოვა ჩვენს გადასარჩენად. სულ ესაა პასუხი!
ქრისტემ არ უწოდა პეტრეს ურწმუნო, არამედ მცირედმორწმუნე. აი, სად, რა სულიერ მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ!
პეტრე მოციქულის ზღვაზე სვლის სასწაულის სულიერი არსი შემდეგია: ნავი - დედამიწაა, ზღვა - ჩვენი ცხოვრება, განსაცდელებით აღსავსე, ღამის წყვდიადი - ღვთის ნების ვერ ხედვა, ხმელეთი - ეპოქის დასასრული.
ყველა განსაცდელი სამზადისია. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ვხედავდეთ შიგთავსს ყოველივესას, რაც ხდება და არ მივეცეთ ამსოფლიურ ზრახვას. მოვემზადოთ დევნისთვის, სარწმუნოების აღმსარებლობისთვის.
დეკანოზი პიტერ ჰირსის ქადაგება (შემოკლებით)
www.xareba.net - ის რედაქცია