თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანის დიდი ნაწილი, განმსჭვალული პოლიტიკური მუხტით, ერთმანეთში ურევს რელიგიურ-პოლიტიკურ საკითხებს. მრავალი ფიქრობს:
თუკი ის პროდასავლური ორიენტაცისაა, მაშინ მხარი კონსტანტინოპოლს უნდა დაუჭიროს, ხოლო თუკი პრორუსული ორიენტაციის, მაშინ - მოსკოვს.
ცხადია, ამგვარი საზომი არ გამოდგება მართლმადიდებლური სწავლების შეფასებაში. უტყუარი ფაქტია, რომ ორივე მხარის ელინურის (კონსტანტინოპოლი) თუ სლავურის (მოსკოვი) ლიდერი იერარქები თანაბარი „ენთუზიაზმით" მიილტვიან რომისკენ. დაკვირვებული და ინფორმირებული ქრისტიანი დამერწმუნება ამაში.
ერთი მხრივ, რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქები (პატრიარქი კირილე, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) სულაც არ თაკილობენ რომის პაპთან ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერას. (გავიხსენოთ 2016 წ. მათი შეხვედრა კრებაზე, რომელზეც მართლმადიდებლური თვალსაზრისით, საკმაოდ სკანდალური განცხადებები გაკეთდა). ამჟამად რომის პაპისა და პატრიარქ კირილეს ახალი შეხვედრა მზადდება, რაც სათანადო შეფასებას მოითხოვს.
მეორე მხრივ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ „ღალატობს" თავისი წინამორბედების ტრადიციას და კიდევ უფრო აქტიურად შეუდგა რომთან დაახლოებას.
შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფაქტს.
ფლორენციაში ლოპინოს უნივერსიტეტში ორგანიზებულ ღინისძიებაზე, რომლის თემა იყო „პაპი პავლე VI, პატრიარქ ათინაგორას და კიარა ლუბიჩი - წინასწარმეტყველება ეკლესიების ძმური ერთობის შესახებ" კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა: „ეკუმენისტური დიალოგის მიზანი არის საერთო ევქარისტია".1
კონსტანტინოპოლის პატრიარქის სიტყვით „ორდღიანმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ მოგვიწოდა კურთხეული გზისკენ, რომელიც დაგეგმა პაპმა პავლე VI-მ და პატრიარქმა ათინაგორამ.
მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ხვდებოდეს, რომ რომის ერეტიკული სწავლებების შენანების გარეშე (რაც წარმოუდგენელია „უცდომელი" პაპების პირობებში) ვერანაირ ევქარისტიულ, ანუ ერთობლივი წირვა-ლოცვის პრაქტიკის აღდგენა ვერ მოხდება. ხოლო თუკი ამგვარი რამ განხორციელდება, მას რომთან მორიგი უნია დაერქმევა, რაც ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის ერესში გადასვლას ნიშნავს. (ნუ იყოფინ!).
2021 წლის 30 ნოემბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან დიალოგმა გაამდიდრა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია.
„დიალოგი რომის ეკლესიისა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გახდა ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნისა და ეკლესიების ურთიერთ გამდიდრების ადგილი..." ეს სიყვარულისა და ჭეშმარიტების დიალოგი კვებავს და ამყარებს დიალოგის სულს და უფრო ფართო გაგებით ამსუბუქებს მსოფლიოს".2
ნუთუ შესაძლებელია, ერეტიკული რომის „საღვთისმეტყველო ცოდნა" „ამდიდრებდეს" მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას? ნუთუ ამგვარ „დიალოგს" შეუძლია მოუტანოს „სიმსუბუქე" მსოფლიოს? (ნუ იყოფინ!).
არც რომის პაპი აყოვნებს „სიყვარულის წერილებს". კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი მიმართულ წერილში პაპი ფრანცისკი აღნიშნავს, რომ „სწადია სრული ერთობა ფარანთან, მიუხედავად იმისა, რომ საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური საკითხები კვლავ რჩება საღვთისმეტყველო დიალოგის ძირითადი საკითხი". იქვე დასძენს, რომ „სრული ერთობა უთუოდ არის ნიჭი ღვთის და სულიწმინდის მოქმედების ნიშანი... დაე, ღმერთი შეგვეწიოს, რომ მზადყოფნა გამოვავლინოთ ეს ნიჭი ლოცვით, შინაგანი მზადყოფნით ვეძიოთ და გავცეთ მიტევება".3
ვფიქრობთ, მკითხველისთვის გასაგებია, რომ „სრული ერთობის" მიღწევა რომის პაპის ქვეშ მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებას ნიშნავს.
სამწუხაროდ, ბევრი ვერ იაზრებს ვითარების სიმძიმეს და კვლავ პროდასავლურობითა თუ პრორუსულობით ხსნის ყოველივეს, რაც ან საკითხში გაურკვევლობის, ან მართლმადიდებლობის შეგნებული ღალატის მანიშნებელია.
1 fanarion.blogpost.com.
2 fosfanariou.gr.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია