მართალია, უკვე ვისაუბრეთ იეროთეოსის (ვლახოსი) ღვთისმეტყველებაზე დეკანოზ ი. რომანიდისის ზეგავლენის შესახებ, მაგრამ სრულყოფილი პორტრეტის შესაქმნელად სულიერი ცხოვრების გაანალიზებაც მნიშვნელოვანია - ის (ი. ვლახოსი) ხომ არა მხოლოდ დიდ ღვთისმეტყველად, არამედ დიდ ასკეტ ისიხასტადაა ცნობილი საზოგადოებაში.
მიტროპოლიტის (ი. ვლახოსი) ნაშრომებოდან ვიგებთ, რომ მისი სულიერი ცხოვრების წარმართვაში განსაკუთრებული როლი არქიმანდრიტმა სოფრონმა (სახაროვი) შეასრულა: „ათონის მთის და სხვაგან მოღვაწე ასკეტ ბერებთან, ვგულისხმობ არქიმანდრიტ სოფრონს, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა ისიხასტური ცხოვრებით, რაც არის სწორედ ჩვენი ტრადიციის საფუძველი".1
ამიტომ, ვფიქრობთ, არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა უკეთ დაგვანახებს ი. ვლახოსის სულიერ მიმართულებას. მკითხველის ყურადღება გვსურს გავამახვილოთ არქიმანდრიტის ცხოვრების ნაკლებად ცნობილ, მაგრამ შემაშფოთებელ ფაქტებზე, რომლებიც არაერთი სასულიერო თუ საერო პირის კვლევათა შედეგად გახდა ცნობილი.
საზოგადოებამ არქიმანდრიტ სოფრონის შესახებ მისი წიგნიდან („Старец Силуан") შეიტყო. სოფრონი (სახაროვი) მის (სილუანეს) სულიერ შვილად მიიჩნევდა თავს. ცნობილია, რომ მისი ეპოქის გამოჩენილმა მოღვაწეებმა (არქიმანდრიტებმა კირილემ (პავლოვი), იოანემ (კრესტიანკინი), მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (რომანცევი), მიტროპოლიტმა ზინობიმ (მაჟუგა), იღუმენმა ნიკონმა (ვორობიოვი) და სხვებმა) საკმაოდ კრიტიკულად შეაფასეს ეს ნაშრომი. არც ათონელი ბერების, მაგალითად, წმ. პაისის მემკვიდრეობაში გვხვდება რაიმე საუბარი ამ ნაშრომზე.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) პირდაპირ გვაფრთხილებს, რომ დიდი განსხვავებაა ბერი სილუანესა და არქიმანდრიტ სოფრონის სულისკვეთებას შორის: „ვის შეეძლო დანამდვილებით გამოეკვლია სილუანეს გამოცდილება? გპასუხობთ - კეთილ ადამიანებს. როგორ გავიგებთ, როგორი იყო სოფრონის გამოცდილება? მისი პირადი მიმოწერისა და წიგნებიდან. მისი წიგნის („Видеть Бога таким, каков он есть") სულისკვეთება, მიმაჩნია, რომ განსხვავდება სილუანეს სულის ნოტებისაგან, ამიტომ გაფრთხილებთ, რომ წიგნით „სტარეცი სილუანე" არქიმანდრიტი სოფრონის პიროვნების ლუსტრაცია ხდება". 2
(ამ საკითხს მიტროპოლიტი ათანასეს სწავლების განხილვისას კვლავ შევეხებით - კ. ჯ.).
არქიმანდრიტი სოფრონის (სახაროვი) ცხოვრების მრავალი დეტალი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მართლმადიდებელ საზოგადოებაში. ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ, რაც, ვფიქრობთ, საკმარისი იქნება მისი სულიერი პორტრეტის გასაცნობად.
ბიოგრაფიული ცნობებიდან ვიგებთ, რომ სერგი (სოფრონი სახაროვი) მართლმადიდებლობაზე მოქცეული ებრაელი იყო.3 სოფრონის პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდში მართლმადიდებლობისთვის შეუთავსებელი ორი ფაქტორი იკვეთება:
1) ის გატაცებულია ავანგარდული მხატვრობით (ცნობილია მისი (მიმართულების) სატანისტური შინაარსი).
2) აღმოსავლური მისტიკა და ოკულტიზმი, რომლის პრაქტიკა გამოიყენებოდა ავანგარდისტულ წრეებში და რომელშიც ჩათრეული იყო ახალგაზრდა (23 წლის) სერგი (სოფრონი) ვ. კანდინსკის ზეგავლენით (1921 წ.).
აღარ შევუდგებით ამ მოვლენათა სატანისტური აზრის განმარტებას. (ყველა მართლმადიდებლისთვის ეს ცხადზე უცხადესია). ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მიტროპოლიტისეული (ი. ვლახოსი) შეფასებაა მოვლენისა. ის წერს:
„სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა სოფრონიმ ახალგაზრდობაში მიღებული შემოქმედებითი გამოცდილების წყალობით, მოძღვარმა სულიწმინდისაგან მიიღო სიკვდილის ხსოვნის ნიჭი და ამ ნიჭმა გაუძლიერა სურვილი გამოსულიყო შეზღუდვების მიღმა, მარადიულობისაკენ აღამაღლა ის. ამან სტუდენტობის წლებში მიიყვანა ის (სოფრონი) აღმოსავლურ მისტიციზმამდე".4
1) პირადად გამიჭირდებოდა ავანგარდიზმის გატაცება შემოქმედებით გამოცდილებად მიმეჩნია.
2) სად შეიტყო მიტროპოლიტმა (ი. ვლახოსი), სულიერ ცხოვრებაში გამოცდილმა ადამიანმა, რომ აღმოსავლურ მისტიკაში მობოდიალეს სულიწმინდის ნიჭები ეძლეოდა? - გაუგებარია! წარმოუდგენელია ამტკიცო, რომ სულიწმინდამ მიიყვანა სერგი (სოფრონი) აღმოსავლურ მისტიკამდე!
ეს ყოველივე ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ტრადიციასა და მსოფლმხედველობას.
ცნობილია, რომ სახაროვი ოკულტიზმით 7-8 წლის მანძილზე იყო დაკავებული, ანუ 23-დან 30 წლამდე. პრაქტიკულად, ამგვარი „გამოცდილების" ადამიანების სულიერი მდგომარეობა (ღრმა სინანულის შემთხვევაშიც) მთელი ცხოვრების მანძილზე დაზიანებული რჩება.
ამას ემატება ე.წ. „პარიზის სკოლაში" ჩაბარება. იქ სოფრონი დაემოწაფა ცნობილ ერეტიკოსებს დეკანოზ ს. ბულგაკოვს და ნ. ბერდიაევს.
მიტროპოლიტი (ი. ვლახოსი) იხსენებს: „ფილოსოფიური მიმდინარეობებიდან ყველაზე დიდი ზეგავლენა სტარეც სოფრონიზე (სახაროვი) რუსმა ემიგრანტებმა პარიზში ს. ბულგაკოვმა იქონია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო მისი სულიერი მოძღვარი, ასევე ნ. ბერდიაევმა".5
მკითხველს შევახსენებთ, რომ დეკანოზი (ს. ბულგაკოვი) გაუგონარ დოგმატურ ცდომილებას ქადაგებდა სოფიაზე, როგორც ქალურობის საღვთო საწყისზე, ხოლო ნ. ბერდიაევი, ფილოსოფოსი-ერეტიკოსი ამტკიცებდა, რომ „ღმერთი მილიციონერზე ნაკლებ უფლებას ფლობს. ის (ღმერთი) არ მართავს ამ სამყაროს, ამა სოფელს მართავს მეუფე ამა სოფლისა" (Н. Бердиаев. Самоподение) (აღარ შევუდგები მათი ერეტიკული სწავლებების განხილვას. კ.ჯ.).
ამგვარი სულიერი (ოკულტური) და საღვთისმეტყველო (ერეტიკული) „გამოცდილებითა" და „მარაგით" არქიმანდრიტი სოფრონი ადის ათონზე. მან სწრაფად მოიპოვა მოღვაწისა და ისიხასტის სახელი. მას ხშირად სტუმრობდნენ გამოჩენილი პიროვნებები, პატრიარქი ბართლომე, მიტროპოლიტები: ი. ვლახოსი, ი. ზიზიულასი, ი. ალფეევი და სხვები, რომლებიც არქიმანდრიტს სულიერ მოძღვრად მიიჩნევდნენ.
უნდა გვახსოვდეს, ათონი ჯერ არ ნიშნავს სამოთხეს, არც ათონზე მოღვაწე ხდება ავტომატურად წმინდანი.
იქაც მიმდინარეობს სულიერი ბრძოლა და ვრცელდება განსხვავებული შეხედულებები. მაგალითად, ეპისკოპოსი ვ. კრივოშეინი ათონზე ცხოვრების დროს (XX ს. 20-იანი წლები), მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა კათოლიკე ბერებთან, რომლებიც იმ პერიოდში ჩადიოდნენ ათონზე შევიტონის ლათინური მონასტრიდან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვ. კრივოშეინი და ს. სოფრონი (სახაროვი) ტოვებენ ათონს. (ზოგიერთი ცნობით, ისინი გააძევეს ათონიდან ჰიტლერთან შეთანხმების გამო). ვ. კრივოშეინი აქტიურ ეკუმენისტურ მოღვაწეობას შეუდგა, ხოლო ს. სახაროვი დაუბრუნდა „პარიზის სკოლას".
თუმცა, დავუბრუნდეთ ს. სახაროვის ათონზე მოღვაწეობას. როგორც გითხარით, არქიმანდრიტმა სწრაფად მოიპოვა ისიხასტის სახელი.
სილუანეს გარდაცვალების შემდეგ, არქიმანდრიტი უდაბნოში განმარტოვდა, რათა განდეგილივით ეცხოვრა. „იქ ის მიეცა ლოცვას მთელი სამყაროსთვის".6
მისი ლოცვითი მეთოდის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს არქიმანდრიტი ქერუბიმის წიგნიდან (От Удела Божией матери) ვეცნობით:
„ლოცვითი მიმართულება, რომელსაც ის (ს. სოფრონი) იყენებდა... დაე, შემინდეთ, რომ განვაცხადე მეტად პირადული მომენტი საკუთარი სულიერი ცხოვრებიდან, „მამაო ჩვენოს" ხელების ზეცად აღპყრობით გამეორებაში მდგომარეობდა. ლოცვის გამეორება ძალიან ნელი ტემპით, დამარცვლით ხდებოდა, რათა გონებას და გულს შეძლებოდა დაეჭირა ყოველი სიტყვა მადლმოსილი ლოცვისა, ჩაწვდომოდა რა მის (ლოცვის) სიღრმისეულ აზრს. ის ლოცვას საღამოს იწყებდა და მზის ამოსვლისას ასრულებდა".7
მოდით, წარმოვიდგინოთ, როგორია ს. სოფრონის ლოცვის მეთოდი, ნელი, დამარცვლილი ლოცვა ხელაპყრობით? ეს ძალიან უცნაური ლოცვაა, რომელსაც ვერ იპოვით წმ. მამებთან. ის მედიტაციას უფრო ჰგავს (იოგასა და ოკულტიზმის პრაქტიკას, რომლითაც ის იყო წლების მანძილზე დაკავებული). მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ამგვარ ლოცვის პრაქტიკას „ქრისტიანულ იოგას" უწოდებდა. ცნობილია, რომ ოკულტისტები მამაო ჩვენოსა და იესოს ლოცვას იყენებდნენ მედიტაციის პროცესში.
1947 წ. აღზევებული სულიერი კარიერა მყისიერად შეწყდა. ს. სახაროვმა ვ. კრივოშეინთან ერთად დატოვა ათონი.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შენიშნავს: „ათონიდან წასვლა თუკი არ არის კურთხევასთან და აუცილებლობასთან დაკავშირებული, ძირითადად იმაზე მეტყველებს, რომ ის ადამიანი არ აღმოჩნდა ათონელი. ათონმა გაიყვანა ის თავისი მოღვაწეობის ფარგლებიდან".8
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ათონიდან წამოსულმა არქიმანდრიტმა „პარიზის სკოლას" მიაშურა. რამდენად შეუთავსებელია ათონური სულისკვეთებისთვის პარიზის მოდერნისტული სასწავლებელი! თუნდაც ეს გადაწყვეტილება ნათლად მიგვანიშნებს სოფრონის (სახაროვი) რეალურ სულიერ მდგომარეობაზე. ნუთუ ასეთი უნდა იყოს ათონის მთაზე ოცწლიანი ღვაწლის შედეგი? - გაუგებარია.
არც ურთიერთობის წრე შეუცვლია მას. მისი ნაწერებიდან ვერსად ვხედავთ, რომ შეინანა ურთიერთობა ისეთ თვალსაჩინო ერეტიკოსებთან, მოდერნისტებთან და ეკუმენისტებთან, როგორებიც არიან ნ. ბერდიაევი, ს. ბულგაკოვი, ვ. კანდინსკი, აფანასიევი და სხვა. პირიქით, როგორც უდიდეს შემოქმედებსა და ღვთისმეტყველებს, ისე იხსენებს მათ.
1959 წ. ს. სახაროვი ინგლისში წავიდა საცხოვრებლად. ექსექში დააარსა შერეული მონასტერი (მამებისა და დედების ერთ ტერიტორიაზე, რაც იკრძალება მსოფლიო კრებების მიერ (VII მს. კრ. მე-20 კანონი)).
გარდა ამისა, მონასტერში არ არსებობდა მონასტრული საღვთისმსახურო ტიპიკონით გათვალისწინებული პრაქტიკა (გარდა წირვისა). ყოველივე იესოს ლოცვის წართქმით იყო ჩანაცვლებული.
ამ ფაქტს მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) შემდეგნაირად ხსნის:
„სოფრონის მიერ შექმნილი მუნიციპალიტეტი იმთავითვე საერთაშორისო იყო. ამიტომ გადაწყვიტა მაქსიმალურად გაემარტივებინა საღვთისმსახურო ტიპიკონი, რომელიც რამდენიმე ასეული იესოს ლოცვისაგან შედგებოდა".9
უცნაურია: მღვდელმონაზონი სერაფიმეს (როუზი) მონასტრის საძმოც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისაგან შედგებოდა, მაგრამ მან არათუ შეცვალა მონასტრული წეს-განგება, არამედ მსახურებასაც ძველ სლავურზე აღასრულებდა.
ს. სახაროვის ეს მიდგომაც ერთობ „მისაღებ" მემკვიდრეობად მიიჩნიეს მომდევნო თაობის „პარიზელებმა", რომლებიც „ისიხაზმის პრაქტიკოსებად" მოგვევლინენ დღეს.
საჭირო არაა განსაკუთრებული საღვთისმეტყველო და სულიერი ცოდნა საიმისოდ, რომ გაარჩიო, რამდენად დიდია განსხვავება ბოლო ჟამის წმინდა მამების (წმ. პაისი ათონელი, იოანე კრონშტანდტელი თუ სხვა) სულისკვეთებასა და სოფრონისეულ გამოცდილებას შორის.
მიტროპოლიტი ი. ვლახოსი ყველას გასაგონად სიამაყით საუბრობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც სოფრონი სახაროვისაგან მიიღო მემკვიდრეობით, მაგრამ ისმის კითხვა:
არის ეს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული გამოცდილება?!
1 მიტრ. ი. ვლახოსი. სულიერი მედიცინის მეცნიერება. თბ. 2018. გვ. 43.
2 Р. Карелин. О Софронии и книге его „Старец Силуан". წიგნ. Ва нектоже прельстит вас. გვ. 151.
3 Св. М. Полоцев. Иларион (Алфеев) проповедует ересь св. Соборами.
4 В поисках совершенства в мире искуства. Творческий путь Софрония. 2014. Англия. Монаст. Есеекс. წიგნ. Посмотрим на Архимандрита Софрония Сахарова таким, каков он есть. Игумен Адриан (Павлов). www.budiveren.com.
5 Митр. И. Влахос. Я знаю одного человека во Хрисме. Azbuka.ru.
6 Мон. Гавриила. В. «Я попросила сиятельства». Стр. 100.
7 Арх. Херувим. От Удела Божей матери.
8 Арх. Р. Карелин. О Софронии.
9 Митр. И. Влахос. Арх. Софроний Православное богословие рубежа века. М. 1999. С. 335.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია