ერთმა წარმართმა მეფემ თავისთან იხმო ქრისტიანი ეპისკოპოსი და უბრძანა, უარი ეთქვა თავის სარწმუნოებაზე. ეპისკოპოსმა მოკლედ და მშვიდად უპასუხა: „არ შემიძლია!" მბრძანებელი განრისხდა და უყვირა: „განა არ იცი, რომ შენი სიცოცხლე ჩემს ხელშია? ერთ წამში შემიძლია შენი მოკვლა". „ეგ კარგად ვიცი, - უპასუხა ეპისკოპოსმა, - მაგრამ ნება მომეცით გკითხოთ: წარმოიდგინეთ, მბრძანებელო, რომ თქვენი ერთგული მსახური თქვენს მტრებს ჩაუვარდა ხელთ, ბევრს ეცადნენ, ეღალატა თქვენთვის, მაგრამ თქვენ მიმართ მისი თავდადება და ერთგულება ვერაფრით შეარყიეს. მაშინ ტანისამოსი შემოაძარცვეს და დასამცირებლად გარეთ გააგდეს. ახლა მითხარით, მბრძანებელო, როცა მტრისგან შეურაცხყოფილი მსახური დაგიბრუნდებათ, განა არ შეამკობთ დიდებითა და პატივით და განა არ უწყალობებთ ყველაზე ძვირფას სამოსს სიშიშვლის დასაფარად?". „რაღა თქმა უნდა, რომ ასე მოვიქცევი, - უპასუხა მეფემ, - თუმცა ვერ ვხვდები ამის შესახებ რატომ მიყვები". მაშინ ღვთისმოსავმა ეპისკოპოსმა უთხრა: „მბრძანებელო, თქვენ შეგიძლიათ შემომაძარცვოთ ეს მიწიური სამოსი, ანუ წამართვათ სიცოცხლე, მაგრამ ახალი და უფრო მშვენიერი სამოსით შემმოსავს ჩემი უფალი". ეს რომ მოისმინა, ჩაფიქრდა მბრძანებელი, შემდეგ ეპისკოპოსი გაუშვა და აღარასდროს მოუთხოვია მისთვის, რომ უარი ეთქვა თავის სარწმუნოებაზე.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"