ერთი ძმა თავის სენაკში მდუმარებაში იმყოფებოდა. დემონებმა მისი ცდუნება გადაწყვიტეს და ანგელოზების სახით გამოეცხადნენ. ისინი მიდიოდნენ, აღვიძებდნენ, ნათელს აჩვენებდნენ და ღვთისმსახურებაზე დასასწრებად იწვევდნენ. ძმა ერთ მოღვაწე ბერთან წავიდა და უთხრა: „აბბა, ჩემთან ანგელოზები მოდიან და ღვთისმსხურებაზე მიხმობენ". ბერმა დაარიგა: „ნუ მოუსმენ მათ, შვილო, ისინი დემონები არიან. როცა კვლავ მოვლენ შენს გასაღვიძებლად, უთხარი: „როცა სურვილი გამიჩნდება, თავად ავდგები". დამშვიდებული ძმა სენაკს დაუბრუნდა. მომდევნო ღამეს დემონები, ჩვეულებისამებრ, ისევ ეწვივნენ გასაღვიძებლად. „მე თქვენ არ დაგემორჩილებით, როცა მოვისურვებ, მაშინ ავდგები", - განუცხადა მათ ძმამ. განრისხებული ეშმაკები აყვირდნენ: „ის ბერი ბოროტი და თვალთმაქცია, თავისი დარიგებით გონება აგირია! მასთან ერთი ძმა მივიდა ფულის სასესხებლად და მიუხედავად იმისა, რომ ფული ჰქონდა, უარით გაისტუმრა. განა ის გაიძვერა და ფლიდი არ არის?!" ძმა ადრიანად წავიდა ბერთან და დემონების ნაამბობი სიტყვა-სიტყვით უამბო. ბერმა უპასუხა: „ფული რომ მქონდა, ეგ მართალია, მაგრამ ძმას იმიტომ არ მივეცი, რომ ვიცოდი, ამით მის სულს ზიანს მივაყენებდი. მე ერთი მცნების დარღვევა ვარჩიე, რათა მისი შესრულებით არ დამერღვია ათივე. მას მე ავაცილე განსაცდელი, რომელშიც ფულის გამო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. შენ კი ნუ უსმენ დემონებს, რომლებსაც შენი ცდუნება განუზრახავთ". ბერის სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნებული ძმა მშვიდად დაბრუნდა თავის სენაკში.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"