ერთხელ მონაზონმა მარკოზმა ღირს ნიფონტ ათონელს ზღვაში თევზაობისთვის კურთხევა სთხოვა, თუმცა წმინდა მამისგან შემდეგი რამ მოისმინა: „ჯერ უწმინდური გულისთქმების შემჩნევა და დაჭერა ისწავლე, ხოლო ზღვისა და თევზაობისგან თავი შეიკავე, რათა ცდუნებათა ზღვაში არ აღმოჩნდე". მარკოზმა ყური არ ათხოვა ბერის რჩევა-დარიგებას, დასვრილი კაბის გარეცხვა მოიმიზეზა და ზღვისკენ გასწია. ანკესი მოისროლა და სიამოვნებას მიეცა. თუმცაღა მონაზვნის ურჩობამ უკვალოდ არ ჩაიარა. სწორედ მაშინ, როდესაც მარკოზი თავის საყვარელ საქმეში მთლიანად ჩაეფლო, უეცრად ზღვიდან უზარმაზარი მხეცი ამოხტა და ეძგერა. თავზარდაცემულმა მონაზონმა ლოცვით თავის ბერს მოუხმო დასახმარებლად და დიდი ვაივაგლახით გათავისუფლდა საზარელი არსებისაგან. შიშისაგან გონებაარეულმა თევზით ხელში წმინდა მამასთან მიირბინა, მან კი მამობრივი სიყვარულით დამოძღვრა: „გაუგონარო! ის, ვინც გველად იქცა დიდი მამების შესაცდენად, ახლა ზღვის ძაღლის სახე მიიღო შენს დასაღუპად. ქრისტე კი, რომელიც წუთისოფელში ბოროტი ძალის დასამარცხებლად მოვიდა, შენი სინანულის მოლოდინში თავისი უსაზღვრო მოწყალებით შეგეწია. ხოლო შენ მიერ დაჭერილ თევზს რაც შეეხება, შეხებაც არ მსურს, რადგან ის ურჩობის ნაყოფია". ბერის განაჩენით სულით ხორცამდე შეძრული მარკოზი ნეტარს ფეხებში ჩაუვარდა და სინანულის ცრემლებით ატირდა. ურჩი მონაზონი იმ დღის შემდეგ გამოსწორდა და სიკვდილამდე ღირს ნიფონტთან სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"