ერთხელ სავანეში ერთი ეშმაკეული მიიყვანეს. მისთვის ლოცვები აღავლინეს, მაგრამ სასტიკი ავი სული არაფრისდიდებით არ ტოვებდა მას. სასულიერო პირები ერთმანეთში ბჭობდნენ: „რა მოვუხერხოთ ამ დემონს? არავის შესწევს ძალა მისი განდევნისა, აბბა ბესარიონის გარდა, მაგრამ თუ მას ამის შესახებ ვთხოვთ, ტაძარშიც კი არ მოვა". ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ეშმაკეული ეკლესიაში აბბას ადგილას დაესვათ. როდესაც ბესარიონი ტაძარში შემოვიდოდა და ლოცვად დამდგარ ძმებს იხილავდა, მაშინ ისინი ეტყოდნენ: „აბბა! უბრძანე ამ ძმას, რომ ფეხზე წამოდგეს". ძმები ასეც მოიქცნენ. როდესაც დილაადრიანად ბერი ტაძარში შევიდა, ძმებმა ეშმაკეულზე მიუთითეს, აბბა ბესარიონმა კი, ისე, რომ არაფერში დაეჭვებულა, მკაცრად წარმოთქვა: „ადექი და გადი აქედან". დემონმაც მაშინვე დატოვა ეშმაკეული და ავადმყოფი მყისიერად გამოჯანმრთელდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"