ვარვარა ვერტლიცკაიამ გვიამბო შემდეგი: „1935 წლის გაზაფხულზე მე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მომიხდა და მიტიშციდან გადავსახლდი ზაგორსკში, მოსკოვის ოლქში. იქ ორ ყრმა შვილიშვილთან ერთად ჩავედი. როდესაც ვაგზლიდან კრასიუკოვსკისკენ მივდიოდით, ძირს დავეცი და როგორც შემდეგ გაირკვა, მარჯვენა ხელი მოვიტეხე. საავადმყოფოში თაბაშირის სახვევი დამადეს, მაგრამ ტკივილებისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. ახალგაზრდობაში ჩვევად მქონდა, რომ გაჭირვებასა და განსაცდელში ყოველთვის ღირსი სერგისთვის მიმემართა. სანამ მკურნალობის ხანგრძლივ პროცესს შევუდგებოდი, შვილიშვილებს ვთხოვე, რომ წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში წავეყვანე, რათა იქ წმინდა სერგის სასწაულთმოქმედ ხატთან მელოცა. ერთ-ერთმა ძმამ ჩემი თხოვნით წმინდა ხატის წინ პარაკლისი გადაიხადა. როდესაც ღირსი მამის ხატთან ვიდექი და როგორც ცოცხალ წმინდანს, ისე შევცქეროდი, წამოვიძახე: „მამაო სერგი! იმად ჩამოვედი შენს ქალაქში, რომ ხელი მომეტეხა? მოიღე ჩემზე წყალობა, იყავი ჩემი მეოხი უფლისა და დედა ღვთისმშობლის წინაშე და ჩემთვის, ერთი უღირსი დედაკაცისთვის, ზეციური შეწევნა გამოითხოვე. მწამს, წმინდაო, რომ შეგწევს ძალა ყოველგვარი სნეულებების განკურნებისა". ლოცვისას უეცრად ვიგრძენი, რომ მოტეხილობის შემაწუხებელი ტკივილი დამიამდა, ვერც კი შევამჩნიე, ისე გამოვისახე პირჯვარი მტკივანი ხელით და მალევე მივხვდი, რომ ჩემი ხელი სრულიად განკურნებულიყო. მადლიერებით აღვასრულე მეტანია ღირსი სერგის ხატის წინ და საბოლოოდ დავრწმუნდი წმინდანის საკვირველმოქმედ ძალაში".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"