ესთიგმენის მონასტრის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთით, არის მთა, რომელსაც სამარიისას უწოდებენ. სწორედ იქ ცხოვრობდა განმარტოებით მონაზონი დამიანე, რომელსაც თავისმა სულიერმა მოძღვარმა, კოზმა ათონელმა, მცნებად დაუდო, რომ არასდროს დარჩენილიყო და არ დაეძინა სხვის სენაკში. მოხდა ისე, რომ დამიანეს რაღაც საჭიროების გამო მეზობელ ძმასთან წასვლა მოუხდა და რამდენადაც ის შინ არ დახვდა, მონაზონს საღამომდე დაცდა მოუწია. ძმას ღამის გზის საფრთხისა და მოსალოდნელი წვიმისაგან მისი დაცვა სურდა და შეევედრა, რომ გათენებამდე მასთან დარჩენილიყო, თუმცა ამაოდ, რადგან მონაზონი მტკიცედ ემორჩილებოდა თავისი მოძღვრის მიერ დადებულ მცნებას. ძმა ტყუილად როდი შიშობდა, მართლაც, ირგვლივ დასადგურებული უკუნეთისა და თავსხმა წვიმის გამო, დამიანეს გზა აებნა და ვერ გაეგო სად იმყოფებოდა, ანდა საით უნდა წასულიყო. უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ხელები ზეცად აღაპყრო და უფალს შეჰღაღადა: „ღმერთო ჩემო! დამიფარე, რადგან ვიღუპები!" და უეცრად იხილა, რომ თავისი სენაკის კართან იდგა. ამ სასწაულით გაოცებულმა და მონუსხულმა დამიანემ მაშინვე ღირს კოზმასთან გასწია და ყოველივე დაწვრილებით უამბო. „ძმაო, დაიცავი მოძღვრის კურთხევა, - უთხრა მას წმინდა მამამ, - და უფალი დაგიცავს სიკვდილისაგან".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"