წმინდა ანასტასი სინელი გვიამბობს: ერთი ბერი, რომელმაც თავისი ცხოვრება დაუდევრობასა და სიზარმაცეში გაატარა, მძიმედ დასნეულდა და სიკვდილს ელოდა. მონასტერში წესად ჰქონდათ, რომ მომაკვდავის სარეცელთან შეკრებილი ძმები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ძმის გვერდით უნდა დარჩენილიყვნენ. მაშინაც სწორედ ასე მოიქცნენ, ისინი, ჩვეულებისამებრ, სნეულის საწოლთან მოგროვდნენ, მაგრამ ნანახით გაოცდნენ, რადგან სნეული ძმა სიკვდილის შიშის გარეშე, ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებითა და მხიარული გამომეტყველებით ტოვებდა წუთისოფელს. „ძმაო, - ჩაეკითხნენ მომაკვდავს ძმები, - ჩვენ ვიცით, რომ მთელი ცხოვრება დაუდევრობასა და სიზარმაცეში გაატარე. გაგვიმხილე, აღსასრულის მოლოდინში ასე რა გახარებს და გამხიარულებს?" ძმამ მიუგო: „პატიოსანო მამებო, მე ჭეშმარიტად დაუდევრად ვცხოვრობდი, თუმცაღა გაგიმხელთ, თუ რა შემემთხვა: ვიხილე ღვთის სამსჯავრო, სადაც ანგელოზებმა ჩემი ცოდვების ჩამონათვალი წარმომიდგინეს, წამიკითხეს და განმიცხადეს: „იცი, რომ ესენი შენი ცოდვებია?" „ვიცი, - მივუგე მე, - მაგრამ ჩემი ბერად აღკვეცის დღიდან არავინ განმიკითხავს და ბოროტება არ მქონია არავის მიმართ, სწორედ ამიტომ ვევედრები ყოვლადმოწყალე უფალს, რომ ჩემზე აღასრულოს სიტყვები: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ" (ლუკ. 6, 37). როგორც კი ეს წარმოვთქვი, ანგელოზებმა ჩემი ცოდვების სია დახიეს. აი, ამიტომ ვარ ასე მშვიდად და მხიარულად მოველი აღსასრულს". ეს თქვა და სული უფალს მშვიდად მიაბარა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"