ერისკაცის მნიშვნელობა ეკლესიაში სულ უფრო დიდი და აღმატებული ხდება, როდესაც მისი სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითით და სიტყვითაც გამოიხატება.75 „გაიზიარეთ ჩემთან ერთად, გთხოვთ, ეს მსახურება. მე მივმართავ ზოგადად ყველას, თქვენ კი უთხარით თითოეულს კერძოდ. დაე, თითოეული თავისი ახლობლის გადარჩენას შეეწიოს".76 მაგალითად, „როდესაც გაიგებ, რომ შენი მეგობარი მრუშობს, უთხარი მას: ცუდ საქმეს აკეთებ, ნუთუ არ გრცხვენია, ნუთუ სინდისი არ გაწუხებს? ეს ხომ სიბილწეა? მაგრამ შენ მეტყვი, განა მან არ იცის, რომ ეს სიბილწეა? რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ გატაცებულია ავხორცობით... ვინც ვნებითაა შეპყრობილი, მას არ შეუძლია მალე განიკურნოს საკუთარი თავი. ამიტომაც შენ, ჯანმრთელმა, უნდა შეუწყო ხელი მის განკურნებას. თუ ის შენი სიტყვებით ვერ დარწმუნდება, დააკვირდი როდის წავა და შეაკავე; იქნებ შეიკდიმოს... ნუ შეეცდები ყველაფრის ერთბაშად გამოსწორებას, - ეს შეუძლებელია, - არამედ თანდათანობით, ნელ-ნელა. თუ ხედავ, რომ სალოთაოდ და თავაშვებულ ქეიფზე მიდის, ასე მოიქეცი და თან სთხოვე, რომ შენც დაგეხმაროს და გონს მოგიყვანოს, როცა შენში რაიმე ნაკლს დაინახავს".77 ამასთან, ერისკაცი არ უნდა შეაშფოთოს თავისი მამხილებელი ქადაგების მოჩვენებითმა წარუმატებლობამ.78 „შენ ერთხელ უთხარი და მოყვასმა არ მოგისმინა? მაშ, უთხარი მეორედაც, მესამედაც და იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, ვიდრე არ დაარწმუნებ.79 აუცილებელია „ძმა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისაკენ მიიზიდო, თუნდაც ამისთვის იძულება დაგჭირდეს, ძალის გამოყენება, უსიამოვნების მიყენება, ანდა კამათში შესვლა".80 ერისკაცს, იმის შემდეგ, რაც თავის მხრიდან ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს მოყვასის გამოსასწორებლად, მოვალეობის მოხდის შეგრძნებით დამშვიდება არ მართებს: იგი დამნაშავე იქნება, თუ დუმილით შეხედავს ძმის ავადმყოფობას და ამის შესახებ არ ეტყვის იმათ, ვისაც მისი განკურნება ძალუძს.81
75 სიტყვებზე: „არა ხელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თვისით არცა ერთი რაი..." (ინ. 5, 19), 1
76 XXXII, 1 ( 1 კორ.)
77 XXX, 3 (ებრ.)
78 LXX, 3 (მთ.)
79 I, 5 (ლაზარეს შესახებ); XVI, 6 (ქანდაკებების შესახებ)
80 I, 4 (იუდეველების წინააღმდეგ)
81 IV, 6 (სანახაობების წინააღმდეგ)
ბროშურიდან „მრევლის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში"