მრევლმა საეკლესიო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უფრო მეტი დამაჯერებლობით მიიღო, როცა აღდგა წმ. ოქროპირის, ამ მსოფლიო ეკლესიის დიდი მამის იერარქიული უფლებების დასაცავად, რომელიც ფეხქვეშ გათელა თეოფილე ალექსანდრიელმა და საკუთარმა სამღვდელო დასმა. მღვდელმთავარი აღფრთოვანებით მიესალმება ასეთ ბრწყინვალე ფაქტს, მრევლის ეკლესიურ თვითშეგნებას. „ჰოი, მშვენიერება სასძლოსი ან უკეთ უმანკოება! ქმრის არყოფნისას მან განდევნა მემრუშენი! ჰოი, სილამაზე და უმანკოება სასძლოსი! მან გამოარჩინა თავისი სილამაზე, აჩვენა თავისი სიწმინდე. როგორ განდევნე მემრუშენი? უმანკოების აღმატებულობით; მე არ ამიღია იარაღი, არ ამიღია მახვილი და ფარი; მე დავანახე მათ საკუთარი მშვენიერება და მათ ვერ გაუძლეს მის ბრწყინვალებას".95
„ვხედავ კეთილსინდისიერებას, გიწოდებთ თქვენ ცხვრებს; ვხედავ მზრუნველობას, გიწოდებთ მწყემსებს; ვხედავ სიბრძნეს, გიწოდებთ მესაჭეებს; ვხედავ მამაცობასა და სიმტკიცეს, გიწოდებთ თქვენ, ყველას მეომრებსა და მხედართმთავრებს. ჰოი, შრომა, ჰოი, მზრუნველობა მრევლისა! თქვენ განდევნეთ მგლები და არ წყვეტთ ზრუნვას. მენავეებო, თქვენთან მყოფნი თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდნენ და ომი დაგიწყეს. თქვენ ღაღადებთ: შორს ეს სამღვდელოება, სხვა სამღვდელოება ეკლესიისთვის! ასე რატომ ღაღადებთ? ისინი განშორდნენ, განიდევნენ, ყველანაირი დევნის გარეშე ილტვიან. მათ განიკითხავს არა ადამიანი, არამედ - სინდისი. „რამეთუ მტერმან თუმცა მაყვედრა, მო-მცა-ვითმინე მისი" (ფს. 54, 13), მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ისინი აღდგნენ, ვინც ადრე ჩვენთან იყო; მათ, ვინც ჩვენთან ერთად მართავდა ხომალდს, მოინდომეს გემის ჩაძირვა. მე თქვენი კეთილგონიერება მაოცებს. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ აღშფოთებისაკენ მოგიწოდოთ. აღშფოთება მათი საქმეა, ხოლო თქვენი - მოშურნეობა. თქვენ არ ითხოვდით მათ სიკვდილს, არამედ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ითხოვდით თქვენი და ეკლესიის გულისთვის, რათა ისევ არ დამდგარიყო მისი ჩაძირვის საშიშროება. თქვენმა მამაცობამ ქარიშხლის ამოვარდნა შეაჩერა, მაგრამ მათმა ზრახვებმა მღველვარება წარმოშვა. ხოლო მე ვსჯი არა საქმის შედეგით, არამედ მათი განზრახვების მიხედვით. შენ სამსხვერპლოს წინაშე მდგარი ადამიანი ხარ, მრავალ ადამიანზე მზრუნველობის მტვირთველი, მოვალე ხარ აღმოფხვრა საშიშროება, შენ გააძლიერე ქარიშხალი, ხმალი მოუღერე საკუთარ თავს, დაღუპე საკუთარი შვილები, საქმით თუ არა - განზრახვით, მაგრამ ღმერთი ამას შეეწინააღმდეგა. მე დღემდე გაოცებული ვარ თქვენით და გაქებთ იმისთვის, რომ ომის დამთავრებისა და მშვიდობის დამყარების შემდეგაც ზრუნავთ მშვიდობისათვის. ჭეშმარიტად, მესაჭე მენავეებთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეს, რადგან, თუ ისინი უთანხმოებაში იქნებიან, ხომალდი ჩაიძირება".96
კონსტანტინოპოლის ეკლესიის მრევლმა, როგორც ჩანს, კარგად გაითავისა მღვდელმთავრის შეგონება, რომელიც მათ ენერგიულ ეკლესიური შრომისკენ მოუწოდებდა და „ღვთის რისხვაზე" მიანიშნებდა, რომელიც თავს დაატყდა იუდეველებს ოზიას დროს, რადგან მათ „არ დაიცვეს შეურაცხყოფილი სამღვდელოება".97
წმ. ოქროპირის აზრით, ეკლესიის ერთი წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული, ეკლესიის წევრების მჭიდრო ურთიერთობის გამო ეხება მთელ ეკლესიას.98 აქედან გამომდინარე, დამნაშავე მთელმა ეკლესიამ უნდა გაასამართლოს, იქნება ის კლირიკოსი, თუ ერისკაცი. ამა თუ იმ შემთხვევაში, სანამ კლირიკოსს ჩამოერთმევა სამღვდელო ხარისხი, მრევლს შეუძლია მოაწყოს მხოლოდ ზნეობრივი სასამართლო, ხოლო შემდგომ, თუ მისი დანაშაული სასჯელს საერო კანონებითაც იმსახურებს, გასამართლდება როგორც სამოქალაქო დამნაშავე.99 ეს შიდა სასამართლო მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესიის წევრი ვალდებულია შეცდომილ ძმას „მართოს" შეაგონოს - მოაწყოს „პირველი სასამართლო", შემდეგ - „მეორე", რამდენიმე ადამიანთან ერთად, და ბოლოს, საქმეს გადასცემს ეკლესიის წარმომადგენლებს - იერარქებს.100 უკანასკნელთ ერისკაცების მიერ მოპოვებული მასალა აქვთ, რის საფუძველზეც უფრო სწორად გამოიტანენ საეკლესიო დამნაშავეზე საბოლოო განაჩენს, ვიდრე პიროვნული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მრევლის წინასწარი განსჯის გარეშე.
ამიტომაც არის ღრმა აზრით სავსე წმ. ოქროპირის სიტყვა: „მე მთლიანად თქვენ გადმოგცემთ სასამართლოს",101 რადგან ეპისკოპოსის დადგენილებას მაშინ აქვს დიდი წონა, როცა მასში მონაწილეობს, თუნდაც არაპირდაპირ, მრევლი.102 „წინამძღვრებთან ერთად საჭიროა თქვენც თანაუგრძნოთ შემცოდებლებს, რადგან, - მსჯელობს მღვდელმთავარი, - არა მარტო მათზეა ყველაფერი დამოკიდებული, არამედ თქვენზეც. მართლაც, თუ შემცოდველი ხედავს, რომ მამა ამხილებს, ხოლო ძმები თავზე უსვამენ ხელს, უფრო მეტად დაუდევარი ხდება. პირიქით, როცა მამა კიცხავს, შენც მასთან ერთად გაკიცხე ან როგორც ძმაზე მზრუნველმა, ან როგორც მამასთან ერთად აღშფოთებულმა, გამოხატე მხოლოდ დიდი მზრუნველობა და ნუ წუხხარ, რომ ის დასჯილია, არამედ იწუხე იმაზე, რომ მან შესცოდა. თუკი მე დავიწყებ შენებას, შენ კი - ნგრევას, რას მოვიმკით შრომის გარდა? გარდა ამისა, ამით არ მთავრდება შენთვის საზიანო, არამედ საკუთარ თავზე მოიწევ სასჯელს. ამიტომ შემცოდველს დაე, ეშინოდეს თქვენი უფრო მეტად, ვიდრე - უფროსების. თუკი მას მხოლოდ მასწავლებლის შიში ექნება, მაშინ ისევ მალე შესცოდავს, ხოლო თუ ექნება შიში ამდენი თვალისა და პირის, მაშინ უფრო მეტად წინდახედული გახდება.
ეპისკოპოსისა და მრევლის სოლიდარობა ისეთი ძლიერი უნდა იყოს, რომ როცა ეპისკოპოსი შემცოდველს „შეკრავს", მაშინ დამნაშავე მასთან ერთად მრევლმაც უნდა „შეკრას". უკანასკნელის თანხმობის გარეშე ეპისკოპოსის „შეკვრას" ფაქტიურად ძალა შეიძლება არც ჰქონდეს, მრევლს მცოდველთან უნებურად ექნება ურთიერთობა. სხვა საქმეა, როცა მრევლი თვითონ შეკრავს დამნაშავეს, ხოლო საეკლესიო ხელისუფლება ამ განაჩენს დაადებს სანქციას. მრევლის მიერ შემცოდველზე დადებული „ბორკილები", მღვდელმთავრის აზრით, „ისეთივე გაუხსნელია", როგორც ეკლესიის იერარქებისა.103 ზნეობრივი და კანონიკური წესები ხომ მრევლისთვისაც და იერარქიისათვისაც ერთი და იგივეა, იერარქია თავისი ავტორიტეტით მხოლოდ ადასტურებს ან უარყოფს მცოდველზე მრევლის ამა თუ იმ განაჩენს.
თუ ცოდვილთა „შეკვრის" ძალაუფლება გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ იერარქიას, მაშინ რთული იქნება არასამართლიანი განკვეთების თავიდან აცილება. თუნდაც ანგელოზები იყვნენ იერარქები, ეს ანგელოზებრივი მდგომარეობა, მღვდელმთავრის აზრით, უფრო მეტად განაწყობს ცოდვილის მიმართ მკაცრი საეკლესიო სასჯელისაკენ.104 რა თქმა უნდა, უფრო ძნელად შეძლებენ არასამართლიანი განკვეთისგან თავშეკავებას მანკიერი იერარქები, როგორც გვიჩვენებს მღვდელმთავრის ქადაგება, თქმული იმ დროის სამწუხარო მოვლენების გამო.105 მრევლი როცა თვალყურს ადევნებს კლირიკოსების სასამართლო განაჩენებს, მაშინ მეტი შანსია საქმის მიკერძოების გარეშე გადაწყვეტისა.
რასაკვირველია, კონსტანტინოპოლის ეკლესიის კლირიკოსები ყველანაირად წინ აღუდგებოდნენ საკუთარ მომქდებებზე სამრევლო კონტროლს, მაგრამ წმ. ოქროპირი იწონებდა ამას,106 მხოლოდ ცდილობდა მრევლის ზედმეტი კრიტიციზმის გაწონასწორებას.107 მაგალითად, კლირიკოსების მხრიდან საეკლესიო ქონების მართლზომიერად დახარჯვაზე სახალხო კონტროლს108 წმ. ოქროპირი აუცილებლობად თვლიდა.109 ამისკენ მღვდელმთავარს უბიძგებდა როგორც დიდი მოწონება იერარქიის არამომხვეჭელობისა, ასევე, პირიქით, უზომო ანგარებისმოყვარეობის გამო უკანასკნელთა ავტორიტეტის დაცემა.110 მღვდელმთავარს სურდა ეკლესიაში ისეთი იდეალური წესრიგი ენახა, რომლის დროსაც „მოწაფე" არაფერს ჩათვლიდა თავის საკუთრებად, არამედ ყველაფერი მასწავლებელთან საერთო ექნებოდა.111 შესაბამისად, მასწავლებელიც თავის ქონებას ეკლესიის საკუთრებად უნდა თვლიდეს, როგორც, მაგალითად, ანტიოქიის ეპისკოპოსი ფლაბიანე, რომელმაც თავისი სახლი გადასცა ეკლესიის საჭიროებისათვის.112 ეკლესიაში როცა არ გავიგონებთ „ცივ სიტყვებს: ჩემი და შენი",113 მაშინ ეკლესიისთვის სახალხო შემოწირულობაზე სამღვდელო დასის მოწოდება ზედმეტი გახდება.114
„ვადგენ კანონითაც კი, - ამბობს წმიდა მღვდელმთავარი, - რათა არავის ჰქონდეს სოფელი ეკლესიის გარეშე. არ მითხრა: ეკლესია ახლოს არის, მეზობლებთან; ბევრი ხარჯია და ცოტა შემოსავალი. თუ შენ რაიმე გაქვს ღარიბებზე გასანაწილებელი, გამოიყენე ეკლესიისათვის, ეს უკეთესია, ვიდრე გამოიყენო იმათზე. შეინახე მასწავლებელი, შეინახე დიაკონი, სამღვდელმსახურო დასი... სოფელს ეს გადარჩენისთვის გამოადგება. შენთვის ეკლესიაში აღსრულდება მუდმივი ლოცვები, დღესასწაულებზე გამობა და ყოველ კვირა დღეს უსისხლო მსხვერპლშეწირვა... და როგორია ხედავდე მღვდელს, მიმავალს აბრაამის მსგავსად გასპეტაკებული ჭაღარითა და სარტყელშემორტყმულს, მჯიწის დამმუშავებელსა და საკუთარი ხელებით მშრომელს! რაა ასეთ სოფელზე უფრო მეტად სასურველი?.. როგორია გამოხვიდე, შეხვიდე ღვთის სახლში და აცნობიერებდე, რომ ის შენ თვითონ ააგე, დაწვე დასასვენებლად და დასვენების შემდგომ დაესწრო საღამოსა და დილის ლოცვებს, შენს მაგიდასთან მოიწვიო მღვდელი, ისაუბრო მასთან, მიიღო ლოცვა-კურთხევა, ხედავდე, თუ როგორ მიდიან იქ სხვებიც! ეს ზღუდეა, ეს უსაფრთხოებაა სოფლისა... ნამდვილად, ეკლესიის მქონე სოფელი ღვთის სასუფევლის მსგავსია".115 მღვდელმთავრის მიერ დახატული იდეალური სურათი გვიჩვენებს მის რწმენას, რომ მხოლოდ ეკლესიური ხალხის აქტიური მოქმედებით არის შესაძლებელი სწორი სამრევლო ცხოვრება.
95 I სიტყვა პირველი გადასახლ. დაბრუნების შემდეგ, ნაწ. 2. III, II
96 II სიტყვა პირველი გადასახლ. დაბრუნების შემდეგ, ნაწ. 5. III, II
97 ესაია VI, 1, ნაწ. 1. VI, I
98 1 კორ. XV, 1. X, I
99 კოლას. II, 5. XI, I
100 მათ. LX, 2. VII, II
101 მათ. 21, 38, ნაწ. 8. VI, II
102 1 კორ. XXIV, 1. X, I
103 მათ. LX, 2. VII, II
104 მოციქ. პეტრესა და წინასწარმეტყველ ილიაზე, I, 4. II, II
105 წყევლის შესახებ, I, II
106 ტიტ. II, 2. XI, II
107 2 ტიმ. II, 3. XI, II; ტიტ. I, 4. XI, II
108 1 კორ. XXI, 6, 7. X, I
109 მათ. LXXVII, 4. VII, II
110 1 კორ. XXII, 1. X, I
111 გალატ. VI, 2. X, II
112 დაბად. I, 4. IV, II
113 საქმ. მოციქ. VII, 2. IX, I
114 დაბად. LXV, 4. IV, II
115 საქმ. მოციქ. XVIII, 5. IX, I
წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით"
Xareba.net - ის რედაქცია