ჩვენთვის ფრიად სასარგებლოა გავეცნოთ მსოფლიო ეკლესიის დიდი მამის შეხედულებას ეკლესიის ცხოვრებაში ერისკაცის მნიშვნელობის შესახებ.
წმ. იოანე ოქროპირისათვის უცხოა კათოლიკური მოთხოვნა, სწამდეს ეკლესია როგორც „გარეგნული დაწესებულება", რაც იქნებოდა ეკლესიის სრული შერყვნა და დანგრევა. ეკლესიაზე ამგვარი შეხედულების დროს ღმერთის რწმენაც კი არ არსებობს, მას ცვლის რწმენა გარკვეული საეკლესიო წყობისა, რომელშიც აქტიური საწყისია სასულიერო დასი, პასიური კი - ერისკაცი. ამგვარად, ხდება სამღვდელო დასის თავისებური „გაღმერთება". საერონი იერარქიის უკან ღვთაებრივი უცდომელობის უფლებამოსილებას აღიარებენ, ხოლო უკანასკნელნი პირველთაგან რელიგიის საქმეებში სრულ მორჩილებას მოითხოვენ. წმ. იოანე ოქროპირი სასულიერო დასს ადარებს თავს, ხოლო ერისკაცთ1 - ფეხებს, რითაც ძალზედ ხატოვნად გადმოგვცემს მათ ეკლესიურ თანასწორობას. „ხშირად, როცა ქუსლში ეკალი შეგესობა, მთელი სხეული ტკივილს გრძნობს და წუხდება, ზურგი იხრება, მუცელი და თეძოები იკუმშება, ხელები - როგორც იარაღის მტვირთველნი და მსახურნი, წინ გაიწვართებიან და იღებენ ხიჭვს, თავი იხრება და თვალები დიდი მზრუნველობით აკვირდებიან. ამგვარად, თუმცა ფეხი სხეულის დაბალი ასოა და არ შეუძლია მაღლა ასვლა, თავი იხრება და უტოლდება მას, თანაბარ პატივს იღებს, მით უმეტეს, რომ ფეხები აიძულებენ თავს დაიხაროს არა მოწყალების, არამედ ვალდებულების გამო; მაშასადამე, თავი - როგორც უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი და მასზე უპირატესი, ვალდებულია მიაგოს პატივი და იზრუნოს ნაკლებ მნიშვნელოვანზე და იტანჯოს მასთან ერთად, რაც გამოხატავს მასთან თანასწორობას".2
თუკი ერისკაცნი ეკლესიის სხეულში სასულიერო დასის თანასწორნი არიან3, როგორც ეკლესიის ცხოვრების ურთიერთგანმაპირობელნი, მაშინ ერი, ცხადია, უნდა იყოს აქტიური, შეგნებული საწყისი ეკლესიაში. მსოფლიო მასწავლებელი დანაშაულად თვლის სასულიერო პირთა მხრიდან ეკლესიაში ხალხის აქტიური მოქმედებისათვის ხელის შეშლას. „ეკლესიაში არ არის მმართველთა ქედმაღლობა და არც ქვეშევრდომთა მონობა, არამედ არის სულიერი ხელმწიფება, რომელიც ყველაზე მეტს იძენს არა უმეტესი პატივის ძიებით, არამედ თქვენზე ზრუნვითა და შრომით. ეკლესიაში უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ერთ სახლში, როგორც ერთი სხეულის შემადგენელნი, - ყველანი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი, რადგანაც ერთია ნათლისღებაც, ერთია ტრაპეზიც და ერთია წყაროც, როცა ამდენი კავშირი გვაერთებს? აი, ჩვენ ისევ გვიწევს ტირილი იმაზე, რაზედაც მე მრავალჯერ მიტირია. ნამდვილად ცრემლების ღირსია ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა! ასე შორს ვართ ერთმანეთისგან მოწყვეტილნი, მაშინ როცა გვმართებდა ჩვენი ერთობით ქრისტეს ერთი სხეულის გამოხატვა. მაშინ „მცირესაც" შეეძლო მოეტანა სარგებლობა დიდისთვის. სინამდვილეში, თუკი მოსემ სიმამრისაგან გაიგო რაღაც სასარგებლო, რაც თვითონ არ იცოდა, მაშინ მით უმეტეს ასე იქნებოდა ეკლესიაში. და რა იყო მიზეზი იმისა, რომ სულიერმა კაცმა არ იცოდა ის, რაც იცოდა ურწმუნომ? ამის მიზეზი ის იყო, რომ ყველა იქ მყოფი მიმხვდარიყო: მოსე ადამიანია და ღვთის შეწევნას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა გაყო და ქვა გააპო და, რომ ამ საქმეებს აკეთებდა არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი ძალით. და ამჟამად, თუ ერთი არ ამბობს სასარგებლოს, მაშინ სხვა ადგეს და თქვას... თუნდაც ის იყოს უფრო მცირე. და თუ ის გვთავაზობს რაიმე სასარგებლოს, - მიეცი უპირატესობა მის აზრს, თუნდაც ის იყოს უკანასკნელი - ნუ დატოვებ უყურადღებოდ... ნუ შევიძულებთ მათ, ვინც გვაძლევს სასარგებლო რჩევებს, თუნდაც იყვნენ ქვეშევრდომები და უბრალო ადამიანები. ნუ მივიჩნევთ უპირატესობის ღირსად იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვთავაზობთ, არამედ მივიჩნიოთ ის, რაც სასარგებლო აღმოჩნდება. დაე, ის ყველამ მოიწონოს".4
წმ. იოანე ოქროპირის აზრით, საეკლესიო საქმეებში სასულიერო პირთა დახმარებაზე მრევლი უარს არ უნდა ამბობდეს, იქნება ეს სწავლება, მართვა, თუ საეკლესიო ღვთისმსახურება.5 „უფალს სურს, რომ ქრისტიანი იყოს მასწავლებელი მთელი ქვეყნისა, საფუარი, სინათლე და მარილი. რას ნიშნავს სინათლე? ნათელ ცხოვრებას, რომელშიც არაფერი არ არის ბნელი. სინათლე, ასევე საფუარიცა და მარილიც არა მხოლოდ თავისთვის არის სასარგებლო, არამედ სხვებისთვისაც მოაქვთ სარგებელი".6
„რა ქრისტიანია ის, ვისაც არავისთვის მოაქვს სარგებელი, არავის წვრთნის სათნოებებში? მარილი ხომ არა მარტო თავს ამაგრებს, არამედ - ლპობად სხეულებსაც, ხელს უშლის მათ გაფუჭებასა და განადგურებას. ზუსტად ასე დაეხმარე და გაამაგრე სხეულის ლპობადი ასოები, ე.ი. ძმებს შორის უზრუნველები და დაუდევრები, და როცა მათ გაათავისუფლებ უზრუნველობისაგან, როგორც რაიმე სიდამპლისაგან, შეუერთე ეკლესიის დანარჩენ სხეულს. ამიტომ გიწოდა შენ საფუარი (მათ. 13, 33): საფუარი აფუებს არა საკუთარ თავს, არამედ სხვას, დიდსა და უზომოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პატარა და უმნიშვნელოა. ზუსტად ასევე თქვენც, თუმცა რაოდენობით ცოტანი ხართ, იყავით დიდნი და ძლიერნი რწმენით და ღმერთში გულმოდგინებით".7
„ნუ მეტყვი, დიდი გულგრილობით სავსე სიტყვებს: „რისთვის უნდა შევწუხდე? მე ჩემთვის ვზრუნავ". შენთვის განსაკუთრებით მაშინ იზრუნებ, როცა მოყვასის სარგებელში შენსას მოძებნი. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: „ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თითოეული" (1 კორ. 10, 24). გვეუბნება: „თუ გინდა შენი მოიძიო, მოიძიე ის, რაც სასარგებლოა სხვისთვის".8 (გაგრძელება...)
1 მღვდლობის შესახებ. წ. III, 10. ტ. I, ნაწ. II
2 1 კორ. საუბ. XXXI, ნაწ. 3. ტ. X, ნაწ. I. შდრ. საქმ. მოც. XXXVII, 3, IX, I
3 2 თეს. IV, 4. XI, II
4 2 კორ. XVIII, 3. X, II
5 საქმ. მოც. XXXVII, 3. IX, I
6 იოან. LII, 4. VIII, II
7 რომ. 12, 20; ნაწ. 2. III, I
8 ფსალმ. 49, 8. V, I
წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით"
Xareba.net - ის რედაქცია