ბოლო დროს კიდევ ერთი უცნაურობის მომსწრენი გავხდით - მართლმადიდებელ ერთა შორისაც კი ვრცელდება ცრუპატრიოტული განწყობილება. ბევრი გამოჩენილი სასულიერო თუ საერო პირი იმის ნაცვლად, რომ ეკლესიის წიაღში უმთავრეს თვისებებზე (ერთიანობაზე, სიწმინდეზე, კრებსითობაზე, მოციქულებრიობაზე) ამახვილებდეს ყურადღებას, რაღაც მიწიერის მოლოდინზე, თავისი ერის, ეთნოსის ამაო განდიდებაზე პროპაგანდას ეწევა. ამ დროს ეკლესიის უმთავრესი მიზანი ხდება არა ადამიანის ცოდვისაგან ხსნა და ცხონება, არამედ მარტოოდენ მისი ნაციონალური თვითმყოფადობის გადარჩენა. მსგავსი ტენდენციის შედეგად ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში საერთო-საეკლესიო ინტერესები ნაციონალურ-პოლიტიკურით იჩრდილება. ამ ფაქტს, უფრო ზუსტად ცრუსწავლებას ფილიტიზმი, ეთნოფელეტიზმი ეწოდება და მას კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის კრებამ (1872 წ.) ერესის კვალიფიკაცია მიანიჭა.
ზემოთქმულის შემდეგ მეტად საყურადღებო გვეჩვენება მსოფლიო პატრიარქის სიტყვები, სადაც ის ბერძნულ ეთნოსს მთელ მსოფლიოში სარწმუნოების „ლამპრად", „ღვთის რჩეულად" მიიჩნევს.
მაგრამ ამონარიდის კომენტირებამდე უნდა ვიკითხოთ: რამდენად შეიძლება რომელიმე ქვეყნის ნაცია, ეთნოსი იყოს ქრისტიანული? არსებობს კი ეკლესიაში „ნაციის" კატეგორია? ცხადია, ქრისტიანობა არ აკნინებს ნაციონალურ ინტერესებს, რაც ამქვეყნიური ცხოვრების რეალიაა ცალკეული ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციითა თუ კულტურით. მაგრამ აქ საკითხი სხვაგვარად დგას: რომელი ფასეულობაა უპირატესი - ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება თუ ამა თუ იმ ქვეყნის ეთნოსი?
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შენიშნავს: „ნაციონალობა, კულტურა, ცივილიზაცია - მიწიერი კატეგორიებია, მარადიული კი - სული. თავად ნაცია დროში შეიქმნა და არის შედეგი, გარკვეული ისტორიული, გეოგრაფიული, ფსიქოლოგიური სუბსტრატებისა, რომელშიც არსებობს და ვითარდება. ამასთან, ის სხვა ნაციებისაგან იზოლირებულად კი არ არსებობს, არამედ ურთიერთმოქმედებაშია სხვებთან. ამიტომ ის (ნაცია) სამშვინველის კატეგორიას მიეკუთვნება და არა სულის... ამრიგად, ნაცია ვერ იქნება ქრისტიანული, არამედ გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც წარმოადგენენ ამ ნაციას".1
ქრისტიანი მოღვაწე იმიტომ გაურბის ამა სოფელს, რომ ის მთლიანად არ ექვემდებარება ქრისტიანიზაციას, იმყოფება რა იმთავითვე მტრულ დამოკიდებულებაში ღმერთთან. ქრისტიანები ახალი ტიპის ხალხია კაცობრიობის ისტორიაში - ეს განახლებული ადამიანების ბუნებაა ქრისტეში. ქრისტე - ჭეშმარიტებაა, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ცოდვისაგან, მაგრამ იძულებით არ იჭრება ისტორიის უგუნურ მოვლენებსა და ამაო ძიებებში. ქრისტე არ მოსულა ისტორიის შესაქმნელად, თუნდაც ყველაზე დიადი ეთნოსისა, როგორც ეს მიაჩნდა უდიდეს იმპერიებს, არამედ კაცობრიობის გადასარჩენად თავისი მაცხოვნებელი სწავლებით.
აქედან დასკვნა ერთია: ეკლესია (ქრისტეს სხეული) არა ნაციონალური, არამედ ზენაციონალურია. მას (ეკლესიას) ხელმძღვანელობს სულიწმიდა და არა ცალკეული პიროვნება, გნებავთ რომელიმე ეთნოსი, რომელსაც სხვაზე ბატონობის, განდიდების ამბიცია გააჩნია. ამიტომ ნაციონალური ინტერესები მეტად ფრთხილად უნდა დავიცვათ, რათა, ერთი მხრივ, არ შეილახოს ჩვენი ერის ისტორიული უფლება, საკუთარი ეთნოსის ღირსება, ხოლო, მეორე მხრივ, გავემიჯნოთ ნაციონალურ ეგოცენტრიზმს, ამპარტავნებას, რასაც ვერ აცდა თვით „რჩეული ერი". რატომ ვერ იცნეს ებრაელებმა მესია? რის გამო დარჩნენ ისინი შორს მხსნელის შემეცნებისაგან? რა გახდა ამის მიზეზი? - ყალბი სიყვარული საკუთარი ერისა.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) წერს: „სიყვარული საკუთარი ერისადმი არ უნდა შეიცვალოს „ნაციონალური ამპარტავნებით"..., როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ იგი უკვე სხვებზე უკეთესია, უფრო წმინდაა, სუფთაა, ჭკვიანია და ა.შ. - ეს ღვთისათვის საძულველი ამპარტავნებაა! ასევეა ამ შემთხვევაშიც - კი არ უნდა აღვამაღლოთ ჩენი ერი სხვა ერებზე, კი არ უნდა ვიქებდეთ თავს უპირატესობებით და ვამცირებდეთ სხვა ერს, არამედ ნამდვილად უნდა გვსურდეს თანამემამულეთა სულიერი წარმატება, არა მიწიერი დიდება ვუსურვოთ მათ, არამედ ზეციური!"2
ახლა კი წავიკითხოთ ზემოხსენებული სიტყვა. აი, რას აცხადებს მსოფლიო პატრიარქი მთელი მსოფლიოს გასაგონად:
„ქალაქ კონსტანტინოპოლის რომაელობა (ромейство) მსოფლიო რომაელობის ნაწილი გახლავთ, რომელშიც ჩვენც შევდივართ. მაგრამ, მე ვიტყოდი, ეს მსოფლიო რომაელობის გამორჩეული ნაწილია, ვინაიდან აქ ეთნოსის გული ძგერს, აქ ეთნოსის აკვანია, აქ მსოფლიო საპატრიარქოა. აქედანაა ჩვენი იდეალები, ჩვენი დიდება, ტანჯვა და მოწამეობა ჩვენი ეთნოსისა. ყოველივეს დასაბამი აქ არის. აქ ვემსახურებით მსოფლიო მართლმადიდებლობას, ვეხმარებით ქრისტიანების გაერთიანებას, ვეხმარებით მშვიდობის დამყარებას მთელ მსოფლიოში.
ჩვენი ძმები - სლავები არ აღიარებენ იმ პირველობას, რომელიც გააჩნია მსოფლიო საპატრიარქოს, შესაბამისად ჩვენ ერს მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ჩვენ ვამაყობთ ამით, ვნუგეშობთ ამით, ვცდილობთ ყოველდღიური ბრძოლით შევინარჩუნოთ ის უპირატესობა, რომელიც ღვთის განგებამ მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა თანახმად არგუნა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საყდარს".3
როგორც ვხედავთ, პატრიარქ ბართლომეს აზრით, კონსტანტინოპოლის პირველობა განუყრელ კავშირშია, ლამის გაიგივებულია თავად ბერძნული ეთნოსის უპირატესობასთან სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების ეთნოსებთან შედარებით. ამას განაპირობებს თურმე „ის პირველობა", რომელსაც ფლობს მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო მართლმადიდებლობაში. როგორც კონსტანტინოპოლი არის „საწყისი" ბერძნული ეთნოსისა და მისი ელიტარული „ნაწილი", ასევე თავად ბერძენი ერი არის „რჩეული ნაწილი" სხვა ეთნოსებთან შედარებით მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ამით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის აზრით, უნდა „იამაყოს" ყველა ეთნიკურმა ბერძენმა, იმიტომ რომ, „ღვთის განგებამ მსოფლიო კრებათა განჩინებებით არგუნა ეს უპირატესობა".
წმინდა მამათაგან გვეუწყა, რომ ამა თუ იმ ნაციის ძალა ღვთისადმი მის გულწრფელ მსახურებაში ვლინდება, როდესაც ერი, შეძლებისამებრ ცდილობს იცხოვროს საღმრთო რჯულით. ნიმუშად შეგვიძლია წმ. მეფე დავით აღმაშენებელის ეპოქა დავასახელოთ. განსხვავებულია ფილიტისტის ხედვა. ის მიიჩნევს, რომ ეკლესია, მისი დოგმატური სწავლება შეზღუდულია ისტორიით, რომ მამებისეული მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საჭიროებს სახეცვლილებას, ჩანაცვლებას სხვა ფასეულობით, რომელიც ერთგვარ კონკურენციას გაუწევს ჭეშმარიტ სწავლებას, შექმნის ალტერნატიულ „დამაჯერებელ" არგუმენტებს მის გასამყარებლად, სწორედ ასეთ ფასეულობად არის დასახული ეთნოსი. ფილიტისტი ქრისტეს ღმერთკაცობრივ სხეულს საკუთარ ეთნოსთან, კულტურასთან აიგივებს. ამ გზით ეკლესიის ცნება ამაღლებული, უზენაესი მნიშვნელობიდან სოციალურ და ისტორიულ დონემდე დაიყვანება.
აშკარაა ჭეშმარიტებისა და სიცრუის ურთიერთდარღვევის გეგმა, რომლის ბუნდოვანებას ფარდა წმინდა წერილის ამ სიტყვებით აეხდება:
„ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ, სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში. ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმინდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც" (კოლ. 3. 9-13).
ცნობილია, უძველესი იმპერიების (პირველი რომი - რომის იმპერია; მეორე - რომი - ბიზანტია თუ მესამე რომი - რუსეთის იმპერია) განადგურება სწორედ ქრისტიანთა შინაგანი სულიერების დაკნინებისა და ვნებების მონობის გამო მოხდა.
სახეზე იყო არა იმპერიების მასშტაბური გაეკლესიურება, არამედ პირიქით, ამა სოფლის სულისკვეთების შეჭრა ქრისტიანულ რომაელობაში. ამას მოჰყვა მათი გარეგნული ეკლესიის ისტორიის (ვერც ერთი ქვეყნის ვერც ერთ ეპოქას ვერ ვუწოდებთ მთლიანად ქრისტიანულს. „ბიზანტიზმით" ქედმაღლობაში ამსოფლიურის (ისტორიულის, კულტურულის, ფსიქოლოგიურის და ა.შ.)) ერთგვარი ქილიასტური სიყვარული იკვეთება. ეს კი ადამიანების ცნობიერებაში ქრისტიანული საწყისების შესუსტებად უნდა მივიჩნიოთ. დღეს კი ეს სისუსტე (ამქვეყნიურის მარადიულზე უპირატესად წარმოჩენა) „ქრისტიანულ სათნოებად" მიიჩნევა. ეს იგივე ჰეგელიანობაა (ძველი გნოსტიკური სწავლებების აღორძინების მცდელობა), როდესაც ის (ჰეგელი) გერმანელ ეთნოსს ნაციონალურ ქრისტიანობასთან აიგივებდა. ე.ი. ადამიანების, ისტორიის, ერის საკრალიზება ხორციელდება. როგორც ჩანს, დასავლური ფილოსოფიის ეს არაქრისტიანული სწავლება თანამედროვე ეთნოფელესტებმაც აიტაცა.
მეორე რომისთვის - ბიზანტიისთვის რაღაც „საკრალური", „ზენაციონალური ქრისტიანობის" მინიჭება, ამ იდეის „ღვთაებრივ" რანგში აყვანა (ისევე როგორც რუსეთის - მესამე რომისა), სადაც „ნაციონალური გამორჩეულობა" რელიგიის ხარისხში აიყვანება, ვით ღმერთთან განსაკუთრებული ნიშნით გამორჩეულისა, სწორედ ეთნოფელეტიზმის გამოვლინება გახლავთ.
ამ იდეის თანახმად, ღვთისაგან ცხონებისთვის მომადლებული ნიჭები ცალკეული ეთნოსის „ისტორიულ კუთვნილებად ცხადდება". ე.ი. ნაცია, ეთნოსი სხვა ერების ჭეშმარიტებაზე მოქცევის, მესიონერობის ზეგარდამო მატარებელად მიიჩნევა; ანუ ის, რასაც ადამიანი ქრისტიანული ღვაწლის შედეგად უნდა იხვეჭდეს, ეთნოფელეტისთვის ისტორიული მოცემულობაა, რომლითაც „უზენაესი ერი" ღვთისგან ავტომატურადაა დაჯილდოებული.
შედეგად, უზენაესი ჭეშმარიტი ფასეულობები (ერთიანობა, სიწმინდე, კრებსითობა, მოციქულებრიობა) ამ ეთნოსის კუთვნილებად ცხადდება.
ყოველივე ამის - ქრისტიანობისა და ნაციონალური გამორჩეულობის „სინთეზირება" ნეოგნოსტიციზმის ახალი ფორმით გამოვლინებას წააგავს. ეს სეკულარიზებული სამყაროს ახალი ეპოქის იდეოლოგიაა, სადაც „ამასოფლისმიერი" ქრისტიანულ სათნოებად, ერთგვარ „ალტერნატიულ ქრისტიანობად" სახელდება. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „ცვალეს დიდებაი იგი უხრწნელისა ღმრთისა მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა..." (რომ. 1. 23).
ელინიზმის საკრალიზება, ბერძენი ეთნოსის, მისი ბუნების, თვისებების, კულტურის, ტრადიციის (ჰეგელის დიალექტიკის მსგავსად) ქრისტიანიზირებამ პირველი და მეორე რომის დაცემა გამოიწვია.
როდესაც მსოფლიო პატრიარქს მსოფლიო კრებებზე მინიჭებული „პატივით პირველის" და არა „ხელისუფლებით პირველის" უპირატესობა საკუთარ ეთნოსზე გადმოაქვს, ეს ზებუნებრივისა და ბუნებრივის, სულიერისა და ფშვინვიერის აღრევას ნიშნავს. ვინაიდან ყოველი ერი, ეთნოსი მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევა და არა მადლით. მართლმადიდებლობის საწყისად ბერძნული „ეთნოსი" სახელდება. სხვა ერებზე (რომლებიც თურმე უნდა ემორჩილებოდნენ „პირველ ეთნოსს") უფრო აღმატებულად მისი მიჩნევა ნიშნავს, რომ ამის განმცხადებელი ბოლომდე „არ განძარცულა ძველი კაცისაგან" და ამიტომაც რჩება „ნაციონალური ამპარტავნების" ცოდვაში.
ამრიგად, საკუთარი ერის, ეთნოსის კეთილშობილური სიყვარულის ნიღაბქვეშ ხომ არ იმალება იგივე ამპარტავნობა, მზუაობრიობა და მისთ. წმ. მამები აღნიშნავდნენ: ვისაც არ უყვარს სხვა ხალხი და ნაცია, მას არც საკუთარი ხალხი უყვარს, ვინაიდან მას უყვარს მხოლოდ საკუთარი „მე", სიყვარულის ნიღაბს ოსტატურად ამოფარებული.
1 არქ. რაფაელი (კარელინი). Христианство и национализм. www.karelin-r.ru
2 არქ. ლაზარე (აბაშიძე). რას ნიშნავს საკუთარი ერის სიყვარული. წიგნ. ეკლესია - ვენახი. მთა კარმელი. გვ. 39
3 Национал – мистицизм фанара. Анмимодернизм.ru. ციტ. წყარო. https://rwmios – f. livejournal.com./25/1982.html
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია