ღირსი პახუმი დიდი (+348) ანტონი დიდთან (ხს. 17 იანვარს), მაკარი დიდთან (ხს. 19 იანვარს) და ექვთიმე დიდთან (ხს. 20 იანვარს) ერთად ითვლება მეუდაბნოობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში. ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. წმიდა პახუმი კეთილი ზნით, გონიერებითა და უბიწოებით გამოირჩეოდა. როცა იგი 20 წლის გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს პალამონს მიმართა, რომელმაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე ბერი.
უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმის სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და ამ ადგილზე სავანის აშენება უბრძანა. პახუმიმ ამის შესახებ ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმიდა პალამონმა აკურთხა სავანის საძირკველი და მისი მომავალი დიდება იწინასწარმეტყველა. პალამონის აღსრულების შემდეგ წმიდა პახუმს უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქემოსანის სახით და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. მალე ღირს მამასთან მივიდა უფროსი ძმა იოანე და მასთან დასახლდა.
ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტანსაცმელი დაადგინა. სავანის ბერებს მათთვის დადგენილი მორჩილებით უნდა შეესრულებინათ საქმე. მორჩილებათა შორის იყო წიგნების გადაწერა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისგან უნდა მიეღოთ. ღირსი მამა თვლიდა, რომ მორჩილება მარხვაზე და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვდა.
ერთხელ ღირს პახუმთან მოვიდა მისი და მარიამი. მკაცრმა მოღვაწემ არ დაარღვია საერთო წესი. მარიამს კი მეკარის პირით მონაზვნობის კურთხევა მისცა. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა საცხოვრისი. მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და მალე დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა.
ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა.
საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი ღირსი პახუმი საოცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალბედა ბერების მიმართ.
ღირსი პახუმი განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ავადმყოფ ბერებს, ნახულობდა მათ, ამხნევებდა, მოუწოდებდა, მადლობა შეეწირათ უფლისათვის და მინდობოდნენ მის წმიდა ნებას; დავრდომილებს მარხვას უმსუბუქებდა, თუ ეს საჭირო იყო მათი გამოჯანმრთელებისათვის.
სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმიდა მამას მამაშვილური სიყვარულით უვლიდა მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე ღირსი თეოდორე (ხს. 17 მაისს).
წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.
Xareba.net - ის რედაქცია