არქიმანდრიტ ლაზარეს ნაშრომების დიდი ნაწილი მიძღვნილია ქრისტიანის შინაგანი სამყაროს ხედვისკენ. მოძღვარი მოუწოდებს მკითხველს, ჩაფიქრდეს ყოველივეზე, რაც ხდება მის ირგვლივ, რა არის ადამიანის ცხოვრების არსი, რისთვისაა ის მოწოდებული და რომელია სწორი მიმართულება, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთის შემეცნებისა და ცხონებისაკენ?
ამ ნიშნით ერთობ საინტერესოა მამა ლაზარეს წიგნი „სევდით დამძიმებულ სულს". ეს ნაშრომი გახლავთ ერთგვარი გაგრძელება, მეორე ნაწილი წიგნისა „სულის ფარული სნეულებანი". ამჯერად საუბარია იმ სულიერ პრობლემებზე, რომლებიც იწვევს სევდას, მოწყინებას, დამძიმებას სულისა განშორებულს ჭეშმარიტი ორიენტირებისაგან.
ამიტომ მოძღვარი წიგნის წინასიტყვაობაშივე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რის გამო ვართ მოწყენილნი, დაღვრემილნი, გვაქვს დაღლილი და ტანჯული სახე, რატომ გვიჭირს ქრისტიანული ცხოვრება?
შემდეგ თავად პასუხობს:
„იქნებ იმის გამო, რომ, როგორც არასდროს, ბობოქრობს უსაზღვროდ მომრავლებული ცოდვის საცდური, რომლებიც განსაკუთრებული თავხედობით, უსინდისოდ მიძვრებიან ადამიანის სულში. აფორიქაებენ, სტანჯავენ და საბოლოოდ წამლავენ მას. დღეს თითქმის მთელი სამყარო შეიშალა. ყველას და ყველგან სწყურია და ეძებს მხოლოდ უაზრობას, აბსურდს, გარყვნილებას, სულიერ განადგურებას და გაცარიელებას. დღეს ამა სოფლის სული, მის უკან კი ეშმაკი, ეძებეს ჯანსაღ წერტილს ადამიანში, რათა საბოლოოდ გახრწნას, შებილწოს და დაამციროს იგი. კაცობრიობის მტერი ყველა ღონეს ხმარობს ცოდვათა ახალი ფორმების გასავრცელებლად, ადამიანის ცხოველურ ვნებებისათვის დასამონებლად. ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ამ მონობაში, ამიტომაც ამა სოფლის საცდური ესოდენ მოგვწონს ყველას, გვართობს, გვიმხიარულებს დაავადებულ გულს. ჩვენში, ასე ვთქვათ, გავრცელდა სულიერი ტოქსიკომანია, გვიყვარს და გვსურს ის, რაც გვკვლავს... შხამი, რა თქმა უნდა ძლიერია! მაგრამ, განა ჩვენ, ქრისტიანებს, მოცემული არ გვაქვს ძალა, რათა წინ აღვუდგეთ ამა სოფლის საცდურს? უფალმა იესო ქროსტემ თქვა: „მე მიძლევიეს სოფელსა!" (იონ. 16. 33). ჩვენ მოცემული გვაქვს ძალები. თუკი ვირწმუნებთ, მაცხოვრის სიტყვისამებრ, მთებსაც კი გადავაადგილებთ, მაგრამ ვიყენებთ კი ამ იარაღს?"
მამა ლაზარე გადადის მეორე ლოგიკურ შეკითხვაზე: „მაშ, რაშია საქმე? რატომ არ გვახარებს ჩვენ ქრისტიანობა? რა დავკარგეთ, რა შეცდომა დავუშვით, რომ ღვთიურმა ძალამ მიგვატოვა?" - და პასუხობს.
იქნებ საქმე შემდეგშია: ადამიანთა უმრავლესობა მთელი გულისყურით მიჩერებულია ნივთიერ სამყაროს, უმცირესობას კი მზერა ღვთისკენ აქვს მიმართული და მასთან მიახლებას ცდილობს. ნივთიერი სამყარო წააგავს თავხედ, ღვინით გაბრუებულ მეძავს, რომელიც თავისკენ იზიდავს ადამიანს და ცდილობს დაათროს, შემდეგ კი სიძვითა და მრუშობით დასცეს იგი. აი, აქ კი ყველაფერი ქრისტიანის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, თავის უარყოფაზე, თავგანწირვასა და არჩეული გზის ერთგულებაზეა დამოკიდებული. შენ მხოლოდ გადაწყვიტე და ნუ შეორგულდები, ღმერთი კი გამოგიჩენს თავის შემწეობას. ვერავინ იტყვის, არ მქონდა მოცემული რწმენის ძალა ან თავისუფალი არჩევანი, რათა ავრიდებოდი ცოდვათა მორევს და ცხონების გზაზე მევლოვო. ჩვენ გვაქვს მოცემული სრული თავისუფლება, ავირჩიოთ და მივიღოთ მხოლოდ ის, რაც ჩვენთვის სასურველია და სასარგებლო. არავინ, ჩვენი თავის გარდა, არ არის დამნაშავე, რომ უკუვაგდებთ სიკეთესა და ვირჩევთ ბოროტებას.
განა ჩენ არ ვიცით, არ ვგრძნობთ რა დაცემულია, რა ამაზრზენი და მატყუარაა ცოდვა?! განა, არ გვესმის კეთილგონიერი ცხოვრების მიმზიდველობა და დიდებულება, არ გვსურს რწმენაში გამტკიცება, ქრისტესადმი შედგომა და ცხოვრება? გვსურს და ძალიანაც და ხშირადაც ვწუხვართ, ვითხოვთ რწმენას. მაგრამ რატომ არ გვეძლევა მტკიცე სარწმუნოება? უფრო სწორედ, სარწმუნოება კი გვეძლევა, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვღებულობთ მას, უმალვე ვკარგავთ ყოფიერი პრობლემების სიმრავლეში. ჩვენ თითქოს ვთხოვთ სულიერებას, ხოლო როდესაც იგი შეეხება ჩვენს გულებს, მაშინ ვერ ვცნობთ, უკუვაგდებთ, რადგანაც ძირითადი ყურადღება მიწიერისაკენ გვაქვს მიმართული".
რა არის ამის მიზეზი, რა არის ყოველივე ამის მტერი? - მამა ლაზარე ხაზგასმით ამბობს: „ორგულობა - აი ჩენი ძირითადი მტერი.
სულმოკლეობის გამო სისტემატურად ვმერყეობთ, რა მეტად გვიყვარს - ცოდვა თუ ღმერთი? ჩვენ აღფრთოვანებით ვუცქერით ქრისტიანულ ღვაწლს, მზად ვართ ჩვენი საუბარი შევამკოთ ბრძნული ქრისტიანული გამონათქვამებით, მოგვწონს მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველება, მაგრამ, ამავე დროს, თავს უფლებას ვაძლევთ, თაყვანი ვცეთ ამა სოფლის წარმართულ მუსიკას, ლიტერატურას, პოეზიას, გავერთოთ სპორტული ვნებების აღმძვრელი და აზარტული თამაშებით, დავესწროთ სხვადასხვა სანახაობებსა და ასპარეზობებს, რითაც თავს ინუგეშებს უღმერთო სამყარო. თანავუგრძნობთ არაქრისტიანული სწავლებით გაჟღენთილ თანამედროვე მკვლევრებს, ფილოსოფოსებს. გვეშინია არ ჩამოვრჩეთ ამა სოფლის უაზრო თამაშებს, მოდას. გვსურს ფეხდაფეხ მივყვეთ ამ საზოგადოებას, შევინარჩუნოთ იგივე რიტმი და პულსი, ვცხოვრობთ მისი ცხოვრებით. თუკი წინ აღვუდექით ამა სოფლის სულისკვეთებას, განვაგდეთ მისი ინტერესები, გართობა, მისი გემოვნება, მაშინ ჩვენს გადაწყვეტილებას (მათ შორის ჩვენი ქრისტიანი ძმები) აღიქვამენ, როგორც „რეალობისაგან გაქცევას", დაგვაბრალებენ „დროის სულისკვეთების" არცოდნას და „ხიბლს". გვეტყვიან: „ძმაო, დღეს სხვა დროა, ახლა უფრო მარტივად უნდა იცხოვრო, მთავარია არ ჩავარდე დიდ ცოდვებში. იმასთან შედარებით კი, რაც ხდება მსოფლიოში, პატარა ცოდვები სავსებით უმწიკვლოა". მაგრამ, განა, ამ უმწიკვლო, წვრილმან ცოდვებს არ მოსდევს შემდეგ სერიოზული დაცემა?"
მამა ლაზარეს აზრით, სწორედ ამა სოფელთან თბილი დამოკიდებულება, მისი ფასეულობების თაყვანისცემა (თანამედროვე მუსიკა, სანახაობები, რეკლამები, ტელევიზორი) ურწმუნოების სენით ასნეულებს ადამიანს.
მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი. თვით ტაძარშიც კი, საიდანაც ადამიანი უნდა იღებდეს სულიერ საზრდოს, მამა ლაზარეს თქმით, ძნელი მოსაპოვებელი გახდა:
„ადამიანი სულიერ შთაბეჭდილებებს ძირითადად ტაძარში ღებულობს, ღვთისმსახურების დროს. მაგრამ ჩვენს ტაძრებშიც იშვიათად შეხვდები კარგ ხატებსა და ფრესკებს. ცუდად არის დაყენებული მედავითნეობისა და გალობის საკითხი. მრევლიც ცივად და უგულოდ დგას ლოცვის დროს. იშვიათად თუ შეხვდები ღრმად მორწმუნე სულიერ მასწავლებლებს, რომლებიც მთელი გულით მიილტვიან მარადიულობისკენ და შესწევთ ძალა, ეს მხურვალე სარწმუნოება გადასცენ სხვას, ნათლად გვიჩვენონ თავის უარყოფის ცხოვრებისეული მაგალითი. გვრჩება მხოლოდ წიგნები, თუმცა სულისათვის სასარგებლო წიგნთა უმრავლესობა ჩვენთის ნაკლებად გასაგებია. არ შეგვიძლია ამ წიგნების ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. ასე რომ, ჯანსაღი ქრისტიანული სულისკვეთების შესანარჩუნებლად აუცილებელია ბევრი შრომა. გონებასა და გულში უნდა განვაცოცხლოთ ის სულის აღმაფრენელი ჭეშმარიტებანი, რომელთაც ძალუძთ უზრუნველყონ ჩვენი ამა სოფლის ქაოსისა და უაზრობის ზღვიდან აღმოყვანა".
საინტერესოა, რა არის ის სულიერი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი აღმოყვანა ამაო საზრუნავებისაგან? მამა ლაზარე ორი სულიერი მამის სიტყვებით გვპასუხობს:
„შეუძლებელია სულმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, - ამბობდა სტარეცი სილუანი, - თუ დღისით და ღამით არ განისწავლება საღმრთო სჯულში, ვინაიდან სჯული დაწერილია სულიწმიდის მიერ. სულიწმიდა კი წმ. წერილის საშუალებით გადმოდის ადამიანის სულში. სული გრძნობს რა ღმერთთან მიახლებისას სიტკბოებასა და ნეტარებას, უკვე აღარ ეძებს კმაყოფილებას ამქვეყნიურ სიამეებში. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია