არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკლესიოლოგიური საკითხების განხილვას ეთმობა. მეტსაც ვიტყვით, მისთვის არ არსებობდა იმაზე დიდი საქმე, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების დაცვა. ვინც იცნობდა მამა ლაზარეს, დამეთანხმება, რომ ის მუდამ ამაზე (ეკლესიაზე) ფიქრობდა, ამაზე წერდა, ამაზე საუბრობდა და ეკლესიის უსაზღვრო სიყვარულით გაატარა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება. მისთვის არ არსებობდა სხვა უფრო დიდი ავტორიტეტი, ვიდრე ეკლესიის სისავსის მიერ მსოფლიო კრებებზე განცხადებული ჭეშმარიტება, ხოლო ამ სწავლებიდან სერიოზული აცდენების ფაქტებს იერარქების თუ სხვა პირების, თეოლოგების მხრიდან მხილებითი წერილებით პასუხობდა. ამ ნიშნით გამოვარჩევდით რამდენიმე ნაშრომს: „ვინ არის უცდომელი ეკლესიაში", „ეკლესია - ვენახი" და „აღდგომა ჯვარცმის გარეშე, ანუ ეკუმენიზმი".
როდესაც შეიტყო სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის ქრისტოდულოსის „საპატრიარქო უწყებანში" მოთავსებული ინტერვიუს შინაარსი, მამა ლაზარემ მასში ბევრი უცნაური, მიუღებელი მოსაზრება აღმოაჩინა, რომლებიც მართებულ ეკლესიოლოგიურ შეფასებას საჭიროებდა. ამ ინტერვიუს საპასუხოდ დაწერა ნაშრომი სახელწოდებით „ვინ არის უცდომელი ეკლესიაში".
მამა ლაზარეს განხილვის საგანი შემდეგი მოსაზრებები გახდა: რომ „ეკლესიას, სინოდის სახით შეუძლია ძველთაგანვე მთელი ეკლესიის სისავსით დადგენილი ზოგიერთი კანონის შეცვლა", რომ „ეკლესია ღმრთის მიერაა განათლებული და ღმერთი აყენებს მას სწორ გზაზე, რომ ეპისკოპოსები სწორედ ღმრთის შთაგონებით იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და არა ისე, ვისაც როგორ გაუხარდება, რომ „ადგილობრივ ეკლესიას შეუძლია, შეცვალოს საყოველთაოდ მიღებული ტრადიციაც და ამას არც ერთი მორწმუნე არ უნდა შეეწინააღმდეგოს: ეს ეხება არადოგმატური ხასიათის ნებისმიერ საკითხს" და მისთ.
მამა ლაზარემ ამის საპასუხოდ დაწერა:
„ვინ არ დაეთანხმება მეუფე ქრისტოდულოსს, რომ „ეკლესია ღმრთის მიერაა განათლებული და ღმერთი აყენებს მას სწორ გზაზე". მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეპისკოპოსები ყოველთვის „ღმერთის შთაგონებით იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და არა ისე, ვისაც როგორ გაეხარდება". აქედან გამომდინარეობს პირდაპირი აზრი სინოდალური გადაწყვეტილებების უცდომელობის შესახებ. მაგრამ ეკლესია არასოდეს აღიარებდა როგორც ეპისკოპოსის, ისე მათი კრების უპირობო უცდომელობას.
თავისი მოსაზრება არქიმანდრიტმა ცნობილი ბერძენი თეოლოგის პ. ბუმისის წიგნის ამონარიდებით დაასაბუთა. ძირითადი სათქმელი იყო ის, რომ „დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ეკლესია - ერთი, წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკაცობრივი სხეული. ამრიგად, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია.
აქ ჩნდება შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვა - როდის ლაპარაკობს ეკლესია, როგორც ერთი მთლიანობა? პასუხი მარტივია და ცნობილი: მაშინ, როდესაც იგი ლაპარაკობს და იღებს გადაწყვეტილებებს „მსოფლიო კრებაზე"... მსოფლიო კრების აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს მთელი ეკლესიის აზრად, როდესაც იგი ეთანხმება წინამორბედი მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს და არ ეწინააღმდეგება სხვა კრებათა დადგენილებებს".
მამა ლაზარე ჩვენს ყურადღებას ამახვილებს ეკლესიის სიწმინდისა და უცდომელობის შესახებ მართლმადიდებელი სწავლების უაღრესად რთულ და საიდუმლო მომენტზე: „ძალზედ ძნელია იმის გაცნობიერება, რომ თავად წმინდა ეკლესია მთელი თავისი სისავსით უცდომელია მაშინ, როდესაც მისი წევრები, თუნდაც ეპისკოპოსები ან მათი კრება, შეიძლება შეცდნენ".
წიგნის ძირითადი სათქმელი გახლავთ ის, რომ „მთელი ქრისტეს ეკლესია უცდომელია. იგი მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რაც ქრისტესა და ყველა ქრისტიანის ურთიერთსიყვარულთანაა თანხმობაში (კოლ. 2. 2-3). ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას, და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმიდა, რომელიც იცავს მას ყოველგვარი სენისაგან, რადგანაც არც ერთი ჩვენგანი, ცალკე აღებული, და თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული; რადგანაც უცდომელობა, ეს არ არის კრების კუთვნილება, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისა, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე" (ახალმოწამე მ. ა. ნოვოსელოვი).
აქედან გამომდინარე, „იერარქთა და მორწმუნეთა ყოველი შეკრება მსოფლიო კრება როდია. ვინაიდან ჭეშმარიტი, მსოფლიო და უცდომელი მხოლოდ ის კრებაა, რომელსაც გააჩნია ორი ფაქტორი: მატერიალური და სულიერი. მატერიალური ფაქტორია კრებაზე მონაწილე პირები, მათი ერთობლივი მუშაობის გარეგნული მხარეები, გადასაწყვეტი საქმეების რაოდენობა და ხასიათი. სულიერ ფაქტორს კი ეკლესიის მთლიანი სხეულის რწმენასთან კრებების მოწმობათა თანხვედრა განაპირობებს".
შემდეგ მამა ლაზარე ხაზს უსვამს იმ ისტორიულ ფაქტს, რომ ეკლესიას ახსოვს მრავალი უარყოფილი კრება, რომლებზეც იმპერატორები, პატრიარქები საჯაროდ აცხადებდნენ ერესს... რატომ იქნა უარყოფილი ეს კრებები, რომლებიც მსოფლიო კრებათაგან არაფრით განსხვავდებოდნენ? - სვამს კითხვას მამა ლაზარე, - მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებანი არ იქნა აღიარებული ეკლესიის ხმად მთელი ეკლესიის ხალხის მიერ".
აქ არქიმანდრიტი ლაზარე აღმოსავლეთის პატრიარქთა 1848 წ. ცნობილ ეპისტოლეს იშველიებს: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს რაიმე ახლის შემოტანა არ შეეძლოთ, რამეთუ ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ანუ თვით ხალხია". (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია