წესრიგი - ღვთის შექმნილი სამყაროს სრულყოფილი მოწყობაა, რომელიც დაცულია ღვთის განგებულებით.
წესრიგი - ქრისტიანული მსოფლმხედველობის საკვანძო ცნებაა, ის სინონიმია განცხადებული, პირველი რეალობის, ხოლო ხელისუფლება და მისდამი დაქვემდებარება ამ წესრიგის აუცილებელი ელემენტებია.
ღმერთი ყველა არსებას თავისი ღირსებისამებრ სათანადოდ მიაგებს. ღმერთი იცავს ცალკეულ არსებას მისთვის დამახასიათებელი წესითა და კანონით. ის (ღმერთი) თვალს ადევნებს, რომ ყოველმა არსებამ შეინარჩუნოს თავისი პირვანდელი სახე. ღვთის განგებულება არ იძლევა ყოველივეს (რელიგია, კულტურა თუ ადამიანის ბუნება) აღრევის უფლებას, რისი მცდელობაც ამოძრავებს დაცემულ კაცობრიობას. ღმერთი განსაზღვრავს, განაგებს და იცავს ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებას, მაგრამ უწესებს მცნებას, რჯულს, კანონს, რათა ყოველი ადამიანის თავისუფლება დაცული იყოს ჭეშმარიტებაში, ღმერთში. ამ საზომით მიაგებს მას იმას, რასაც იმსახურებს.
ამქვეყნად ბატონობს კაცობრივი ამპარტავნობა, უგუნურება და მათგან გამომდინარე ცოდვის შედეგი. მიუხედავად ამისა, სიმართლე სიმართლედ რჩება, სიცრუე კი - სიცრუედ, სიკეთე - სიკეთედ, ბოროტება - ბოროტებად.
საღმრთო წესრიგი დაურღვევლად არსებობს და მოქმედებს. საბოლოოდ, ორივე არჩევანის დასასრულია: ღვთის ძენი მარადიულ ნეტარებას იმკვიდრებენ, ძენი კაცთანი კი მარადიულ წყვდიადს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია