როგორ ხსნის „დიდი მეცნიერი" ეზოთერული სიბრძნის წარმოშობას? მისი მოძღვრების მიხედვით კაცობრიობის განვითარების გარკვეულ პერიოდებში „ღვთაებრივი არსებები" ჩასახლდებოდნენ ხოლმე ადამიანის სხეულში და ასწავლიდნენ ხალხს ზეციურ სიბრძნეს; წარმართულ მისტერიებში აღსაზრდელებს (ნეოფიტებს) თვით ზეციური არსებები ამზადებდნენ სულიერი ხედვის მისაღწევად, რათა თვალახელილებს შესძლებოდათ ხალხის სულიერი წინამძღოლობა. ამგვარად მოპოვებული „საიდუმლო სიბრძნე" ინახებოდა რელიგიებში, გასაიდუმლოებულ სკოლებში. ანტროპოსოფების აზრით, ქრისტიანობაშიც ყოფილა დამარხული ის იდუმალი სიბრძნე, რომელიც შინაგან ანუ ეზოთერულ ქრისტიანობად იწოდება, უბრალო მოკვდავნი კი მხოლოდ გარეგნულ (ეგზოთერულ) ქრისტიანობას იცნობენ.
რა აზრისაა წმიდა ეკლესია წარმართობაში დამარხულ „სიბრძნეზე"? მართლმადიდებელი სარწმუნოების თანახმად (რომელიც ეფუძნება წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას) უფალი გამორჩეულ, ღვთისმოყვარე კაცთა მიერ შეაგონებდა ადამის შთამომავალთ და ცოდვისაგან განშორებას ამცნებდა; ერების წარმოშობის შემდეგ უფალმა გამოირჩია ებრაელი ერი, რომელიც ინახავდა ღვთაებრივ სიბრძნეს, გადასცემდა მომავალ თაობებს და წარმართნიც ებრაელთაგან ეცნობოდნენ ღვთისაგან გამოცხადებით მიღებულ სწავლებას, რომელიც იწერებოდა და ასე იქმნებოდა წმიდა წერილი - ჭეშმარიტი, ღვთაებრივი სიბრძნე. როდესაც ჭეშმარიტებისმოყვარე ებრაელი ერის შვილები განიწმიდებოდნენ უფლის მცნებების აღსრულებით, ლოცვით, მარხვით, ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, მაშინ ეშმაკისაგან ცთუნებული წარმართები იბილწებოდნენ ცრუ ღმერთების თაყვანისცემით, უზნეო ცხოვრებით, ბოროტ ძალებთან მაგიური კავშირებით (ხშირად მათი სიბილწე ებრაელებსაც გადაედებნოდათ ხოლმე). ჭეშმარიტი ღვთისმსახურების საწინააღმდეგოდ, წარმართი ქურუმები ასრულებდნენ ბილწ მსახურებას და მისი მეშვეობით დაცემულ სულებთან ამყარებდნენ ურთიერთობას, ეშმაკებისგან „განბრძნობილნი" და მათი შეწევნით აღჭურვილნი, მაგიური სასწაულების დახმარებით იღვწოდნენ გაბრიყვებული ხალხის სატანის სამწყსოში მისათვლელად. ბოროტ ძალებთან ურთიერთობის საშინელი სიბილწე აღწერილია ყოფილი ქურუმის, წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრებაში. იგი მშობლებმა ბავშვობიდანვე აზიარეს წარმართულ საკულტო მსახურებას; კვიპრიანე სატანის უახლოესი მსახური გახდა, მაგრამ როდესაც მისი გრძნეულება უძლური აღმოჩნდა ღვთის მადლით შემოზღუდული ქრისტიანი ქალწულის იუსტინას წინაშე, ქურუმმა ბოროტების მამას ზურგი აქცია და ქრისტეს შეუდგა. შემდგომში კვიპრიანე ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, სადაც მოწამებრივად აღესრულა 304 წელს. ანტროპოსოფები არ იშურებენ საქებარ სიტყვებს წარმართული მისტერიებისადმი, მაგრამ ქრისტიანისათვის ცხადია, რომ ნეოფიტის ხელდასხმა სხვა არაფერია, თუ არა ბოროტ ძალებთან უახლოესი სულიერი კონტაქტის დამყარება, თუმცა ეს ძალები ხშირად კეთილ არსებებად ასაღებენ თავს და არა მარტო წარმართებს, არამედ ზოგჯერ ქრისტიან ასკეტებსაც კი აცდუნებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრები სწავლობდნენ გარეშე სიბრძნესაც, მაგრამ ამას დიდი სიფრთხილით სჩადიოდნენ; ისინი პირველ რიგში ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ჭეშმარიტ სიბრძნეს ითვისებდნენ და შემდეგ, თუკი გააჩნდათ საამისო ნიჭი და სულიერი ძალა, ამა სოფლის ბრძენთა ენასაც სწავლობდნენ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: „მსწრაფლ ხოლო დაისწავა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი, სამოძღუროი ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავა და მწიგნობრობაიცა ისწავა მრავალთა ენათაი და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა. ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი ისწავა კეთილად, და რომელი პოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის. და განითქუა სისრულე იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის. ხოლო გარეშესა მას სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ „გან-რაიმე-აცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისა".14
● ● ●
მას შემდეგ, რაც განკაცდა ძე ღმრთისა და საკუთარი სისხლით დააფუძნა წმიდა ეკლესია - „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3, 15), ყოველი მაძიებელი ჰპოვებს მასში სულის საზრდოს, პასუხობს ყველაფერზე, რაც ცხონების საქმეში შეეწევა, ხოლო მიწიერსა და მშვინვიერზე შეიძლება წარმართულმა სიბრძნემაც გასცეს პასუხი. მხოლოდ ეკლესიას გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, ღვთივშთაგონებული ხელოვნება (საეკლესიო მხატვრობა, არქიტექტურა, გალობა) და სარწმუნოებრივი ცხოვრების წესი (საეკლესიო საიდუმლოებები, მცნებები, მოძღვრება სწორ სულიერ ცხოვრებაზე); ქრისტიანის ცხოვრება ეკლესიასთან უნდა იყოს შეთვისებული, მისით უნდა საზრდოობდეს, სხვაგვარად იგი სულიერად მოკვდება როგორც ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი კვდება. წმიდა ირინეოს ლიონელი გვასწავლის: „სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა, როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ასე რომ, ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია".15
ეკლესიაში არ არსებობს და არც არასოდეს არსებულა ეზოთერული, ელიტარული, საიდუმლო სწავლებანი; არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლება და იგი ნათლად, გარკვევით არის გადმოცემული მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. როდესაც ეკლესიის მასწავლებლები რომელიმე სწავლებას საიდუმლოს უწოდებენ, ის ნიშნავს, რომ იგი განსაკუთრებულ ამაღლებულ, ძნელად მისაწვდომ საკითხებს შეეხება; ამას გარდა ადრე ეკლესიის გარეთ მდგომ ადამიანებს არ აუწყებდნენ ქრისტიანობის იმ სწავლებებს, რომელთა მისაღებად გარკვეული სულიერი მზადყოფნაა საჭირო. წმიდა კირილე იერუსალიმელი ამბობს: „ყოველი საიდუმლო, რომელსაც ეკლესია გაუწყებს შენ, კათაკმევლობის გამსრულებელს, არ გაენდობა წარმართს; არ გადაეცემა საიდუმლო სწავლება მამაზე, ძეზე და სული წმიდაზე; თვით კათაკმევლებსაც არ ველაპარაკებით საიდუმლოების შესახებ პირდაპირ, ხშირად ბევრ რამეს შეფარვით ვამბობთ. განსწავლული მორწმუნენი გულისხმაჰყოფენ, უცოდინრებს კი არაფერი დაუშავდებათ".16 (გაგრძელება...)
ვლადიმერ წამალაშვილი
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია
14 ჩვენი საუნჯე, ტ. 1, თბ. 1960. გვ. 133.
15 Св. Ириней Лионский, „Пять книг обличения и опровержения лжеименного знания", Москва. 1871, стр. 278.
16 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები, II, 1990. გვ. 91.