როდესაც ვამბობთ, რომ ეკლესიის სწავლება წმიდაა და უცთომელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიის მოძღვარი არ შეიძლება ცდებოდეს, ან ვისაც ეკლესია წმიდანად შერაცხავს, მის სწავლებებში ყოველი სიტყვა ჭეშმარიტია. ყველა ადამიანი სიკვდილის წუთამდე სულიერ ბრძოლაში იმყოფება და ამიტომ ნებისმიერ სულიერ თუ საეკლესიო-იერარქიულ სიმაღლეზე მყოფი ქრისტიანი შეიძლება შეცდეს, თვით წმიდა მამათა სწავლებებშიც ზოგჯერ გვხვდება არასწორი აზრები. ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მთელი ქალაქებისა და ქვეყნების სამღვდელოებისა და მრევლის უმეტესი ნაწილი მცდარი სწავლების მიმდევარი გამხდარა. იყო პერიოდები, როდესაც სიცრუესა და ძალადობასთან ბრძოლაში რამოდენიმე ღვთივკურთხეულ ადამიანს (რომელთაც შეჰყურებდა სიმართლის მოყვარე ერი) არაჩვეულებრივი ძალისხმევით, ტანჯვით, ღვთივმონიჭებული სიბრძნით დაუცავს ჭეშმარიტი სწავლება სიცრუის შემოტევისაგან; ასეთები იყვნენ წმიდა ათანასე დიდი, წმიდა ბასილი დიდი, წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, წმიდა თეოდორე სტუდიელი, წმიდა მარკოზ ეფესელი და მათი სულიერი ძმები.
უფალმა აღგვითქვა, რომ წმიდა ეკლესია არ დამარცხდება ბოროტებასთან ბრძოლაში და შეეგებება ქვეყნის განსასჯელად მოსულ მაცხოვარს (მათე 16, 18; 31; 28, 20; მარკ. 13, 30). და თუკი იქნება ეკლესია, იქნება მისი წმიდა მოძღვრებაც, რადგან ეკლესიას მისი მოძღვრებით მცხოვრები ადამიანები შეადგენენ, ისინი ღვთის შეწევნით განასხვავებენ ჭეშმარიტებას სიცრუისაგან და მომავალ თაობებს უმწიკვლოდ გადასცემენ მაცხოვნებელ სიბრძნეს.
როდესაც წმიდა ცხოვრებით სახელგანთქმულ მოძღვართა მიერ ერთხმად აღიარებული სარწმუნოებრივი სწავლებები საეკლესიო კრებებზე მტკიცდება და შემდეგ მსოფლიო ეკლესიის მიერ დასტურდება, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ წმიდა მამათა მიერ ქადაგებული და ეკლესიის ერთღიანი ხმით დაბეჭდილი სწავლება არ არის საეჭვო, ადამიანური სიბრძნე, არამედ უფლის მიერაა შთაგონებული და ღვთისმსახურებით მცხოვრებ კაცთა განწმენდილი გონებიდან ჭეშმარიტების მოყვარეთა საცხოვნებლად განცხადებული. ასეთი სწავლება მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, იგი წმიდაა და ურყევი, მის სიმტკიცეს ვერასოდეს შეარყევს დემონთა მიერ მოხიბლული, ამპარტავნებით გონებადაბინდული „მოძღვრების" ზღაპრობანი. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვაფრთხილებს: „არცა ვის ხელეწიფების, მეფესა გინა მღვდელთმოძღუართა, ახლისა რაისამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი, ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვლების".11 თუკი ვინმე, ეკლესიის წევრთაგანი ისე გაკადნიერდება, რომ მრავალი წმიდა მამის სისხლით დაბეჭდილ ეკლესიის დოგმატურ (ურყევ, უეჭველ) სწავლებას არად ჩააგდებს და სიცრუეს შეეთვისება, მაშინ მისი ყოველი ღვაწლი ამაო იქნება. იგივე მამა ამბობს: „უკუეთუ კნინოდენი (მცირეოდენი, ვ. წ.) შეემთხვიოს ნაკლულევანებაი და განდრეკილებაი (გადახრა, განშორება, ვ. წ.) სარწმუნოებისაი, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი".12
● ● ●
ამპარტავნებით დაცემული ანგელოზები (ეშმაკები) უძლურნი არიან ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე და თავიანთ მზაკვრობას ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანის შესაცდენად მიმართავენ, რათა ისიც უფლის წინააღმდგომი და თავისი მსგავსი გახადონ; ისინი ზოგს აშკარა ბოროტებას შთააგონებენ, სხვებს კი თაფლით შეზავებულ საწამლავს სთავაზობენ, იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია ცალკეული ადამიანის სული, სინდისი, გონება. თუკი სულიერი ცხოვრებით დაინტერესებული, ამპარტავნებით სნეული კაცი არ გადაწყვეტს მთელი გულით შეუდგეს ქრისტეს, უარყოს თავი, უარყოს თავისი მცდარი შეხედულებები, აზრები, გრძნობები, თუკი საშველად ერთადერთ ნამდვილ მშველელს - ჩვენთვის განკაცებულ ღმერთს არ მოუხმობს, მაშინ ვერასოდეს იგრძნობს თავის ნამდვილ დაცემას, ვერ იგრძნობს, რომ მისი „ნათელი" აღმოჩენები მხოლოდ ხიბლია და მისი „სულიერი მასწავლებლები" უმალ შთააგონებენ მომხიბლავ „აღმოცენებს", მიანიჭებენ „კურნების ძალას", და ისიც, მაღალ მწვერვალებს მიდევნებული, სატანური შეწევნით აღჭურვილი, თავს სიკეთისათვის მებრძოლად მიიჩნევს, მაგრამ სამწუხაროდ, თავადაც იღუპება და სხვებსაც გზას უბნევს; როგორც წმიდა სახარება გვასწავლის „ბრმაი ბრმასა თუ წინა-უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან" (მათე 15, 14).
წმიდა მამები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ სარწმუნოების საკითხებში ზედმეტი ცნობისმოყვარეობისაგან და არ ვეძიოთ ის, რასაც ამქვეყნად ვერ შევიცნობთ, რისი გამოცხადებაც არ არის ჩვენთვის სასარგებლო. წმ. იოანე დამასკელი ასე გვარიგებს: „აწ უკუე ყოველივე მოცემული ჩვენდა სწავლაი სჯულისა მიერ და წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა მიერ და მახარებელთა, შეგვიწყნარებიეს და უწყით და გვრწამს, და უმეტესსა მათ მიერ ქადაგებულისასა არას ვეძიებთ, რამეთუ ღმერთი სახიერ არს და მომნიჭებელ ყოვლისავე კეთილისა და არავისთვის შურს კეთილი ყოველივე, რამეთუ უხვი არს და უშურველ წყალობითა და ქველისმოქმედ მოწყალებითა, ყოველივე უწყის და თვითოეულისა უმჯობესსა განაგებს, ამისთვის რომელი ჯერ იყო და უმჯობეს ჩუენდა ცნობად, გვაუწყა, და რომელი ვერ ძალ-გუედვა თავს-დებად, დაგვიფარა".13
● ● ●
ქრისტიანობისაგან განდგომამ და წარმართული სულის აღზევებამ ისეთ საზომს მიაღწია, რომ „იუნესკომ" 1991 წელი ელენე ბლავატსკაიას, ანუ ფაქტიურად ოკულტიზმის წლად გამოაცხადა. ეს რუსი თავადის ქალი იყო თეოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. საზოგადოების მიზანი იყო ეზოთერული „სიბრძნის" მოპოვება და სულიერ წყვდიადში მყოფი ადამიანებისათვის მიწოდება. ამ საზოგადოების გერმანულ სექციას ხელმძღვანელობდა რუდოლფ შტაინერი, რომელმაც 1913 წელს კონფლიქტის გამო მიატოვა თეოსოფები, და იმავე წელს დააარსა ანტროპოსოფიული საზოგადოება, რომლის ცენტრი იმყოფება შვეიცარიაში, ქალაქ დორნახში. ანტროპოსოფიის მიზნები ძირითადად ემთხვევა თეოსოფიისას; შტაინერის მოძღვრება საზრდოობს ინდუიზმით, ბუდიზმით, წარმართული მისტერიებით, მაზდეანობით, გნოსტიციზმით, მანიქეველობით, კაბალით, ევროპული მისტიკით და თავის მიერ დამახინჯებული ქრისტიანული სწავლებით. თეოსოფიისაგან განსხვავებით ანტროპოსოფია მიიჩნევს, რომ ქრისტემ კაცობრიობას დიდი სულიერი დახმარება გაუწია და ადამიანის ევოლუციაში ახალ ეტაპს მისცა დასაბამი.
ანტროპოსოფია თავის სამსახურს სთავაზობს მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, მაგრამ მისი უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს კაცობრიობის „სულიერ წინსვლას". დაინტერესებულ მოსწავლეს ეს მოძღვრება შეასწავლის იმ მეთოდებსა და ცხოვრების წესს, რომელთა დახმარებით იგი გახდება „ნათელმხილველი", „ხელდასხმული", „საიდუმლო სიბრძნესთან" ზიარებული. (გაგრძელება...)
ვლადიმერ წამალაშვილი
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია
11 იქვე, გვ. 38.
12 იქვე, გვ. 37.
13 „წინამძღვარი", შედგენილი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, ხელნაწერი, თავი 1.