როგორც წმიდა ეკლესია გვასწავლის, ჭეშმარიტ სიბრძნეს საფუძვლად ღვთის შიში უდევს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაი" (ფსალმ. 110, 10); სულიერი ცხოვრების დიდი მასწავლებელი წმიდა ისააკ ასური ასე აღწერს სიბრძნისაკენ მიმავალ გზას: „გულისხმის-ყოფა იგი ბუნებითი არს განყოფა კეთილისა ბოროტისაგან, რომელი დაუნერგავს ღმერთსა ჩუენ შორის; იგი შობს ჩუენ შორის სარწმუნოებასა, და სარწმუნოება შობს შიშსა ღმრთისასა, და შიში ღმრთისა გვაიძულებს ჩუენ სინანულად, და მერმე მიეცემის კაცსა გულისხმის-ყოფა იგი სულიერი, რომელი იგი არს მეცნიერება საიდუმლოთა".6 ამ მეცნიერებას ვერ მისწვდებიან ისინი, ვინც საკუთარი ნებით აქცია ზურგი ჭეშმარიტებას (რომელიც ასე შეგვაგონებს: „...ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11, 29), და შეუდგნენ მას, რომელიც იქადის: „...ზეცად მიმართ აღვიდე, ზეცაით ვარსკულავთა ცისათა დავდგა საყდარი ჩემი... და ვიყო მსგავს მაღლისა" (ესაია 14; 13, 14)).
● ● ●
საქართველოში გავრცელებულ ოკულტისტურ მოძღვრებათაგან განვიხილოთ ანტროპოსოფია, ვინაიდან ზოგიერთი, ამ მოძღვრებით მოხიბლული, თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს. ისინი ამგვარად მსჯელობენ: მართლმადიდებლობა აღმსარებლობაა, ხოლო ანტროპოსოფია - მეცნიერება, ამიტომ შეუძლებელია ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, პირიქით, ანტროპოსოფია დაეხმარება ადამიანს თავისი აღმსარებლობის უკეთ შეცნობაში.
ის, ვინც ასე მსჯელობს, ან შეგნებულად ცრუობს, ან არასწორად ესმის ქრისტიანობის არსი. რუდოლფ შტაინერი, ანტროპოსოფიის ფუძემდებელი, შეისწავლის რელიგიებს, ოკულტისტურ, ფილოსოფიურ სისტემებს და აკეთებს დასკვნებს, რომლებიც წარმოადგენენ ანტროპოსოფების „სულიერი ცხოვრების" ორიენტირებს; ამავე დროს ეს შეხედულებები ძირეულად განსხვავდებიან ქრისტიანული მოძღვრების არსისაგან, რომელიც ქრისტიანთა ცხოვრების საფუძველია. წარმართობას მრავალი ქრისტიანი მოძღვარი იცნობდა, მაგრამ ისინი არ ასწავლიდნენ იმას, რასაც შტაინერი და მისი მიმდევრები საიდუმლო ცოდნად, „ეზოთერულ ქრისტიანობად" ასაღებენ; პირიქით, წმიდა მამები ამგვარ მოძღვრებებს ქრისტეს მიერ ნაქადაგები ნათელი სწავლებით ებრძოდნენ, რომელიც სამწუხაროდ შტაინერმა (ისევე როგორც მისმა წინამორბედმა გნოსტიკოსებმა) ვერ გაიგო, თუმცა თავი ქრისტიანობის შემმეცნებლად მოჰქონდა.
ანტროპოსოფიის, ისევე როგორც ნებისმიერი შენიღბული სიცრუის საღად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობით. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „არც წარმართთა აბდაუბდა შეხედულებებში, არც მწვალებელთა ღვარძლში, არც განხეთქილების შემომღებთა უძლურებაში და არც იუდეველთა სიბრმავეში არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება; ხოლო უნდა ვგონებდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას მხოლოდ იმათთან, რომელნიც საყოველთაო ეკლესიის წევრებად, ანუ ღმერთის მართლად მადიდებლებად იწოდებიან, ანუ იმ ადამიანებში, ვისაც წმიდად და შეურყვნელად შეუნახავს მართალი სწავლება და ჭეშმარიტებით აღიარებს მას".7 ის, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, უნდა უარყოს საკუთარი სნეული გონებიდან მომდინარე ცრუ სიბრძნე და შეიწყნაროს ჭეშმარიტება, თუნდაც იგი უცნაურად ეჩვენებოდეს; როგორც ბრძენი სოლომონ მეფე გვასწავლის: „იყავ შენ მოსავ ყოველითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრძნესა შენსა ნუ აჰყვები" (იგავ. 3, 5). ის, ვინც, სიმონ მოგვის მსგავსად, ქრისტიანობისაგან წარმავალ ნეტარებას, პატივსა და ამსოფლიურ დიდებას მოელის, ვისი გულიც უფლის წინაშე წრფელი არ არის, მას ვერც ცოდნის დაგროვება და ვერც ეკლესიის კანონების გარეგნული აღსრულება სულიერ სარგებელს ვერ მოუტანს, ბოროტი თესლისაგან კეთილი ხე აღმოცენდება. ქრისტეს მკვლელ ებრაელ მწიგნობრებს ბიბლიის ზედმიწევნით შესწავლამ ვერავითარი სარგებლობა ვერ მოუტანა. ამპარტავნებამ მათ სულიერი ხედვა დაუბნელა და არ მიაკარა მათ გულსა და გონებას წმიდა წერილის ნათელი. კაცთა საცხოვნებლად დაწერილი სიტყვები მათ იმგვარად გაიგეს, როგორც ვნებებმა უკარნახეს. სამწუხაროდ, ისევე ებრძვიან, ისევე უკეტავენ ღმერთს საკუთარი გულის კარებს იმ მწიგნობართა დღევანდელი შთამომავლები.
ყველა მართლმორწმუნეს მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია წმიდაა და უცდომელი, თუმცა მისი ამქვეყნიური წევრები, რომლებიც სიკვდილამდე სულიერ ჭიდილში იმყოფებიან, ხშირად სცოდავენ სარწმუნოებასა თუ ზნეობაში. ეკლესია წმიდაა, რადგან იგი მარადიულ ერთობაშია სიწმიდის წყაროსთან - წმიდა სამებასთან, რომელიც თავისი მადლით განწმედს და განაბრძნობს ცოდვებთან მებრძოლ ეკლესიის წევრებს. უფალი თავის ნებას, თავის ღვთაებრივ სიბრძნეს სული წმიდის მიერ განბრძნობილ კაცთა მიერ გვიცხადებს. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამის შესახებ ასე ამბობს: „უკუეთუ ღმერთმან განაწესა ეკლესიათა შინა პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი" (1 კორ. 12, 28), დამამტკიცებლად მორწმუნეთა და ჰრქუა წმიდასა სახარებასა შინა მოწაფეთა და მათ მიერ ყოველსა სოფელსა - „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ მე შემიწყნარებს, და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს" (მათე 10, 40; ლუკა 10, 16); ამის სიტყვისაგან საცნაურ არს, ვითარმედ, რომელი არა შეიწყნარებდეს მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და მოძღუართა, არამედ შეურაცხ ჰყოფდეს მათ მიერ განწესებულთა და დამტკიცებულთა სიტყუათა, თავადსა ქრისტეს შეურაცხ ჰყოფს; და კუალად ესე გულის-ხმა ყავთ: ღმერთმან აღადგინნა რჩეულნი თვისნი მოციქულნი, წინაისწარმეტყუელნი და მოძღუარნი დამამტკიცებელად და მასწავლელად მორწმუნეთა, ხოლო ეშმაკმან აღადგინნა ცრუ წინაისწარმეტყუელნი და ცრუ მოციქულნი და ცრუ მოძღუარნი წინააღმდგომად ღმრთის-მსახურებისა და ბრძოლად ძუელისა და ახლისა შჯულისა".8 მართალი სარწმუნოების დამცველი მრავალტანჯული მოძღვრის სიტყვებიდან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის სწავლების წინააღმდგომი თვით ღმერთის წინააღმდგომია, ხოლო ეკლესიის სწავლება მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და წმიდა მამათა სიტყვებში უნდა ვეძიოთ.
● ● ●
ნათლობის საიდუმლოში ადამიანი აღიარებს თავის ერთგულებას უფლისა და მისი ეკლესიის მიმართ (მრწამს... ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია); ერთგულება მისი სწავლების ერთგულებასაც გულისხმობს. წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია უცთომელი სწავლება ღმერთზე და ყოველივეზე, რაც აუცილებელია მართლმორწმუნეთა სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის. როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3, 15); ეს ჭეშმარიტება განცხადებულია ძველსა და ახალ აღთქმაში, ღვთისმსახურებაში, წმიდა კრებების დადგენილებებში, წმიდა მამათა თხზულებებსა და ცხოვრებებში, საეკლესიო ხელოვნებაში.
შეიძლება თუ არა, რომ არსებობდეს სხვა საკრებულო, ან ვინმე უცხო (არამართლმადიდებელი) „ბრძენი", მფლობელი სრულყოფილი, შეურყვნელი ჭეშმარიტებისა? არ შეიძლებაო, ამბობს წმიდა წერილი, ამბობენ წმიდა მამები. წმიდა პავლე მოციქული ნათლად წერს: „ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლისღებაი" (ეფეს. 4, 5). იგივე აზრს განმარტავს მოციქულთა მოწაფე, წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: „ერთი ღმერთი არს ყოველთაი, უშობელი იგი მამაი, და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაი, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტებისაი; და ერთი ქადაგებაი, და ერთი სარწმუნოებაი და ერთი ნათლისღებაი; და ერთი ეკლესიაი, რომელი დააფუძნეს წმიდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტესითა და თვისითა შრომითა და ოფლითა".9 კართაგენის ეპისკოპოსი, წმიდა მოწამე კვიპრიანე ასე მოძღვრავდა თავის მრევლს: „როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღვთის სიტყვის შენებური განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცთომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".10 (გაგრძელება...)
ვლადიმერ წამალაშვილი
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია
6 აბბა ისააკ ასურის სწავლებანი, ხელნაწერი, თავი 34.
7 სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, წიგნი III, თბ. 1991, გვ. 20.
8 ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, ტ. 1. თბ. 1918, გვ. 79.
9 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები, II, თბ. 1990. გვ. 17.
10 იქვე, გვ. 21.