ჭეშმარიტი მწყემსი ყოველგვარად უნდა უფრთხილდებოდეს თავს და თავის სამწყსოს ამ ძალიან სახიფათო ცთუნებისაგან, რომელიც ხშირად ქველმოქმედებით ინიღბება. ბევრი უკვე გაება სხვადასხვა მახეში, გამოთავისუფლებაც უცდიათ, მაგრამ აღარ შეუძლიათ. სატანას მაგრად უჭირავს თავისი მსხვერპლი.
ჩვენ, რუსმა ემიგრანტებმა, მეტ-ნაკლებად კარგად ვიცით რა არის კომუნიზმი და მისგან გარკვეულწილად დაზღვეულები ვართ, მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ მკაფიოდ ვერ შეუგრძვნია, რომ „მსოფლიო ბოროტება" არა მხოლოდ კომუნიზმია, რომ კომუნიზმი წარმოქმნილი ბოროტებაა, მხოლოდ „შვილია". ყველაფერზე საშინელი მისი მშობელია, რომელმაც შვა არანაკლებ საშინელი და დამღუპველი ბოროტება - „ეკუმენიზმი", რომლის მეთაურია ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. შემთხვევითი არაა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელიც ადრე ქრისტიანებს უღმერთოების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის მიზეზით იტყუებდა თავს, ისე შემრიგებლურად იქცევა ღმრთისმებრძოლი კომუნიზმის მიმართ, რომ ხმასაც არ იღებს თავის კონფერენციებზე მასთან რაიმე ბრძოლის შესახებ და ხალისით იერთებს იმ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებს, რომლებიც კომუნიზმის მორჩილ იარაღს წარმოადგენენ.
ამ დროს, საზღვარგარეთის რუსული ეკლესიის მწყემსები, რომელთა არსებობაც გაიაზრება და მართლდება მხოლოდ „მსოფლიო ბოროტების" გადამწყვეტი მიუღებლობით, თითქოს გზათა გასაყართან ვიმყოფებით. ამ დრომდე ჩვენ უმეტესად თავმდაბლად ვდუმდით, ყველას გასაგონად არ ვაცხადებდით სრულად ჩვენი იდეოლოგიის შესახებ, რომლისთვისაც ჩვენ ვარსებობთ, მაგრამ ახლა საქმე ძალიან შორს წავიდა და „ეკუმენიზმმა" იმდენად გამოამჟღავნა საკუთარი თავი, რომ ჩვენ გვაქვს რიგი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებენ. ეს უპირველეს ყოვლისა არის:
1) ჩვენი მთავარეპისკოპოსის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ფილატერის სამი ეპისტოლე კონსტანტინოპოლის პატრიარქის ათენაგორასადმი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ბერძენი მთავარეპისკოპოსის იაკობისადმი და „მწუხარების ეპისტოლე", რომელიც ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპისკოპოსისადმია მიმართული;
2) დასავლეთ ევროპის IX ეპარქალური ყრილობის ეპისტოლე, ხელმოწერილი მთავარეპისკოპოსის ანტონისა და ეპისკოპოს იაკობის მიერ;
3) მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ბოლო კონფერენციის ანგარიში სათაურით: „უფსალა და მართლმადიდებლობა", რომლის ავტორია მთავარეპისკოპოსთა სინოდის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგე პროტოპრესვიტერი გიორგი გრაბე. აუცილებელია დავამატოთ:
4) მთავარეპისკოპოს ვიტალის მოხსენება ეპისკოპოსთა კრებაზე 1967 წელს სათაურით: „ეკუმენიზმი", რომელიც დაბეჭდილია კანადის ეპარქიის ჟურნალში „პრავოსლავნოე ობოზრენიე" (№40, 1969, ივნისი).
ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები მიუთითებენ, რომ ჩვენთან უკვე საკმაოდ კარგადაა გაცნობიერებული ეკუმენიზმის, როგორც კაცობრიობის ანტიქრისტესკენ წამყვანი მოძრაობის, მთელი ავთვისებიანობა და მავნეობა.
ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ სიტყვებით, მხოლოდ შიშველი მტკიცებით, რომ ამ სიტყვებს მოყვება მათი ჭეშმარიტების დამამტკიცებელი შესაბამისი საქმეები. ეკუმენიზმთან უნდა გავწყვიტოთ ყოველგვარი კავშირი და მის მეგზურებთან არავითარი საერთო არ უნდა გვქონდეს.
ჩვენ ერთი გზა არ გვაქვს. ეს ჩვენ მტკიცედ უნდა ვთქვათ და დავამტკიცოთ საქმით. ჩვენთვის დგება ნამდვილი აღმსარებლობის დრო, როდესაც შეიძლება მარტონი დავრჩეთ დევნილთა მდგომარეობაში. ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა გვქონდეს რაიმე ურთიერთობა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან განდგომილებთან და მზად უნდა ვიყოთ, თუკი საჭირო იქნება, „კატაკომბებში" გადასასვლელად.
ქრისტეს წმიდა და შეურყვნელი ჭეშმარიტების ქომაგისა და აღმსარებლის მდგომარეობა ბევრს გვავალებს, მეტს, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ მწყემსს არ შეიძლება და არც უნდა ჰქონდეს რაიმე ინტერესი გარდა ღმრთის დიდებისა და თავისი სამწყსოს სულების ხსნისა - აქეთ და მხოლოდ აქეთ უნდა იყოს მიმართული მისი ყველა აზრი, მისი ყველა გრძნობა, მთელი მოღვაწეობა.
ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში შეუძლებელია იყოს რაიმე მახინჯი, უფრო უმსგავსო მოვლენა, როგორც რაიმე სხვა ინტერესების მქონე, გარეშე, საერო საქმეებით გართული მოძღვარი, რომელსაც უშუალო კავშირი არ აქვს ღმრთის დიდებასთან და სულების ხსნასთან. ასეთი საქმეებია პოლიტიკური მოღვაწეობა, რაც ყოველთვის თიშავს და აბოროტებს ადამიანებს, დღეს საკმაოდ მოდური ე.წ. „კულტურულ-განმანათლებლური მოღვაწეობა" რომელიც, ჩვეულებრივ, საერო გართობების, ცეკვების და სხვა ამგვარი დროსტარების მოწყობით შემოიფარგლება, რაც უწესოა და არ შეეფერება ქრისტიანობას; ასევე სხვადასხვა სახის კომერციული ოპერაციები, ფინანსური მაქინაციები, ფულის ბრუნვა, რაც განსაკუთრებით ცემს მწყემსის ავტორიტეტს, ამცირებს მის მაღალ წოდებას.
ჩვენს მოხსენებას ვამთავრებთ ნაწყვეტით წმიდა იოანე კრონშტანდტელის შესანიშნავი საუბრიდან, რომელიც მას 1901 წელს ჰქონდა თავის თანამწყემს მღვდლებთან ქალაქ სარაპულში.
წმიდა მართალი იოანე ჯერ კიდევ მაშინ, 65 წლის წინ ამბობდა, რომ მწყემსობის საქმე ჩვენს დროში სულ უფრო რთულდება: მწყემსის ბრძოლა სულ უფრო დახვეწილი ხდება და მით უფრო უნდა იყვნენ მწყემსები თავიანთი მოწოდების სიმაღლეზე. მწყემსმა მთლიანად უნდა უარყოს ყოველგვარი პატივმოყვარული განწყობა, უნდა დაემსგავსოს ბიბლიურ მწყემსებს სულით. ამისთვის მწყემსს სრული სიფრთხილე და ყურადღების მოკრება სჭირდება, თავისი სამწყსოსათვის მუდმივი ჯვარცმა.
თუკი ასე ამბობდა წმიდა მართალი იოანე 65 წლის წინ, მართლმადიდებელ რუსეთში, რას იტყოდა ის ახლა, ჩვენს დროში?!
საუბარი შემდეგ მისი დროის წყლულებს შეეხო. წმიდა იოანემ ყურადღება მიაქცია თავის თანამედროვე საზოგადოების განწყობილებას, რომელიც ასე ახლოა დღევანდელ, ჩვენს თანამედროვე განწყობილებასთან:
„საოცარი ავადმყოფობა მოგვევლინა - გართობის ვნება. არასოდეს ყოფილა გართობის ისეთი მოთხოვნილება, როგორც ამჟამად. ეს პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანებს არაფერი აქვთ, რითაც იცხოვრებენ, რომ გადაეჩვივნენ სერიოზულ ცხოვრებას, შრომას გაჭირვებულთა სასარგებლოდ, შინაგან სულიერ ცხოვრებას და მოიწყინეს! და სულიერი ცხოვრების სიღრმესა და შინაარსს გართობებზე ცვლიან. რა უგუნურებაა! თითქოს გონებადაკარგული ბავშვები იყვნენ! ამ დროს კი, გართობა უკვე საზოგადოებრივი ზადია, საზოგადოებრივი ვნებაა. აი, საით უნდა მიმართონ მწყემსებმა თავიანთი ძალები: მათ უნდა დაუბრუნონ ცხოვრებას დაკარგული შინაარსი, დაუბრუნონ ადამიანებს ცხოვრების აზრი. მაგრამ, რასაკვირველია საამისოდ საკუთარი თავი უნდა მოამზადონ მწყემსებმა.
მწყემსები საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ".
რა არის საამისოდ ყველაზე მეტად საჭირო?
რით შეუძლია მწყემსს საკუთარი თავის მომზადება, მოწოდების სიმაღლეზე რომ იყოს?
ამ კითხვებზე წმიდა იოანე მკაფიო და ამომწურავ პასუხს იძლევა:
„მე ვლოცულობ, მე მუდამ ვლოცულობ. მე არც კი მესმის, როგორ შეიძლება დროის გატარება ლოცვის გარეშე. ჭეშმარიტად - ლოცვა სულის სუნთქვაა". რა დავუმატოთ ამას?
ამით ითქვა ყველაფერი; უკიდურეს შემთხვევაში, ყველაფერი, რაც მთავარია, რის გარეშეც ყველაფერი დანარჩენი არაფერია.
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია