დღეს ეშმაკეული სენი, სიამაყის - ყველა სხვა ცოდვიერი ვნების დედის და მისგან გამომდინარე, მანკიერების: თავმოყვარეობის, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის, ბოროტი მეხსიერების, შურისძიების, პატივმოყვარეობის, დიდებისმოყვარეობის, საკუთარი თავის ამაღლების, განსაკუთრებული აყვავების დროა.
სამწყსოს ამ ვნებათა გამოვლინებებთან წარმატებული ბრძოლა მხოლოდ მაშინ შეუძლია მწყემსს, თუკი სამწყსო ამავე ვნებებს თავის მწყემსში ვერ ამჩნევს, თუ მწყემსი საკუთარ სიამაყეს თავისი სამწყსოს სიამაყეს დაუპირისპირებს, მთელი მისი სამოძღვრო საქმიანობა ამაოდ ჩაივლის.
ჭეშმარიტი მწყემსი სიმშვიდისა და სიმდაბლის მაგალითი უნდა იყოს თავისი სამწყსოსათვის. მის გულსა და გონებაში მუდამ უნდა ხმიანებდეს უფლის დარიგება „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11, 29). ის არ უნდა ათანაბრებდეს საკუთარ თავს ეკლესიასთან. მწყემსი ეკლესია არ არის; არამედ მხოლოდ - მსახური ეკლესიისა, მეტ-ნაკლებად ღირსეული, ხოლო საკუთარ თავში ყოველთვის უღირსი ქრისტეს მიერი საოცარი სიმდაბლის ბევრი მაგალითი გვიჩვენეს ეკლესიის ისტორიაში ცნობილმა მწყემსებმა. განსაკუთრებულია წმ. ტიხონ ზადონელის მაგალითი, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა ვოლტერიანელ აზნაურს, რომელმაც მას სილა გააწნა და ბოდიში მოუხადა ასეთ მრისხანებამდე მიყვანისათვის. მეორე მაგალითი ჩვენს დროს ეკუთვნის. აწ განსვენებულმა მეუფემ მთავარეპისკოპოსმა იოანე სანფრანცისკოელმა სიკვდილის წინ ინახულა და წმ. საიდუმლოებებით დაულოცა გზა თავის მტერს, რომელიც წლების მანძილზე უსაშინლესად შეურაცხყოფდა მას თავის გაზეთში.
საკუთარი თავისა და სამწყსოს ასეთი მხსნელი სიმდაბლის მოსაპოვებლად მწყემსს უნდა ახსოვდეს, რომ ღმრთის სიტყვის სწავლების მიხედვით, სამწყსო მსახურება არ არის მთავრობა, საერო გაგებით, არამედ - მსახურება. მწყემსმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ქრისტეს მიერ თავისი უახლესი მოწაფეებისთვის იაკობისა და იოანესთვის ნათქვამი სიტყვები, როდესაც ისინი მას ადგილებს თხოვდნენ სასუფეველში: „უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებედ მათ ზედა, და დიდ - დიდნი ხელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფა, იყავ თქუენდა მსახურ, და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუნდა მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის" (მათე 20, 25-28).
საეკლესიო კანონებიც გადამწყვეტად განსჯიან მწყემსებში საერო მთავრობის მიმსგავსებას (III მსოფლიო კრება, პრ. 8 და სხვ.).
მწყემსი უნდა მოუწოდებდეს ეკლესიის და არა საკუთარი თავისადმი მორჩილებისაკენ. მხოლოდ ეკლესიაა უცოდველი, ყველა ადამიანი შეიძლება შეცდეს და გზა აებნეს. ამიტომ საჭიროა პატიოსნად შეგვეძლოს შეცდომის აღიარება და გამოსწორება, რაც მხოლოდ აამაღლებს ჩვენს ავტორიტეტს; არ უნდა მივიწეროთ უცოდველობა, რაც მთელი ეკლესიის კუთვნილებაა. განსაკუთრებით საშიშია მწყემსისათვის პაპიზმის ცთუნება: „სცოდე, როგორც გინდა და რამდენიც გინდა, ოღონდ მე მაღიარე და დამემორჩილე".
არაფერია იმდენად დამღუპველი სამწყემსო მსახურებისთვის, როგორც მწყემსის უზომო შემწყნარებლობა ყველაფერისადმი, თავისი სამწყსოს ყველაზე მძიმე ცოდვებისადმიც კი და უსაზღვრო სიმკაცრე და მომთხოვნელობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მის მიმართ დაუმორჩილებლობის ცოდვისადმი.
მწყემსი უპირობოდ მკაცრი და მიუკერძოებელი უნდა იყოს ყველაფერში, რაც ეკლესიის საუკუნოვან საფუძვლებს ეხება, მისი სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლებისადმი, მისი წმიდა კანონების, დადგენილებების და ჩვეულებების მიმართ, მაგრამ ეს სიმკაცრე მხოლოდ ღმრთის დიდებისა და თავისი სამწყსოს სულების ხსნისთვის ნამდვილი მოშურნეობიდან უნდა გამომდინარეობდეს, და არა რაიმე სხვა მიზეზიდან, მით უმეტეს არა პირადი ინტერესებიდან, ან პატივმოყვარეობისა და შელახული თავმოყვარეობიდან. სრულიად დაუშვებელია, საეკლესიო კანონების პრინციპულ შემთხვევაში უგულებელყოფის დროს, მათთვის მხოლოდ მაშინ მიმართვა, როდესაც ჩვენი პირადი ავტორიტეტი ზარალდება და როდესაც ეს პირადად ჩვენთვისაა სასარგებლო.
მწყემსის თვითგანდიდება არის მთავარი დაბრკოლება სამწყსო მსახურების წარმატების გზაზე. და თუკი წინათ სამწყსო ამპარტავნების გარდა ყველაფერს პატიობდა თავის მწყემსს, ახლანდელი ამაყი სამწყსო განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიამაყის გამოვლინებებისადმი თავის მწყემსში და არ პატიობს მას „უფროსობის", „მთავრობის" სურვილს, სწორედ ამ ნიადაგზე ხდება სამრევლო მოუწესრიგებლობის უმეტესობა.
მეორე, უკიდურესად აუცილებელი თვისება, რომელიც უნდა ჰქონდეს მწყემსს ნაყოფიერი სამწყემსო მსახურებისთვის, თვისება, რომელიც სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება თანამედროვე სამყაროში და ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნლობა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია - გულწრფელობაა.
1901 წელს ნიჟეგოროდსკელმა ეპისკოპოსმა უსამღვდელოესმა მაკარმა ისარგებლა წმიდა იოანე კრონშტანდტელის ხანმოკლე სტუმრობით. ქალაქის მღვდლები თავისთან მიიწვია და თხოვა მამა იოანეს მათთან გასაუბრება. როდესაც წმიდა იოანეს შეეკითხნენ, როგორ მიაღწია ადამიანთა გულებზე ასეთ ზემოქმედებას, წმიდა მამამ უპასუხა:
„ღირსო მამებო და ძმებო, თანამწყემსნო! თქვენ თვითონ, ვხედავ ჭაღარით ხართ შემკულნი და ეს ნიშნავს, რომ თავადაც მდიდრები ხართ ცხოვრებისეული გამოცდილებით. მე ვერაფერს გასწავლით თქვენ, მაგრამ რადგან მეკითხებით, როგორ ვაღწევ კეთილ გავლენას ადამიანთა გულებზე, გეტყვით: ვცდილობ, ვიყო გულწრფელი მწყემსი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, ცხოვრებაში. ამიტომ მკაცრად ვადევნებ თვალს საკუთარ თავს, ჩემს სულიერ სამყაროს, ჩემს შინაგან საქმიანობას. მაქვს დღიური, სადაც ვწერ ჩემს მიერ საღმრთო რჯულის დამრღვევ შემთხვევებს; ვამოწმებ ჩემს თავს და ვცდილობ, გამოვსწორდე".
არაფერია იმაზე უარესი, თუკი სამწყსო (რომელიც დღეს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება თავისი მწყემსის ცხოვრებას და საკუთარ დასკვნებს აკეთებს) ამჩნევს სხვაობას მწყემსის სიტყვასა და საქმეს შორის, როდესაც ის ერთს ასწავლის, თვითონ კი სხვანაირად იქცევა. კიდევ უარესი თუკი ამჩნევს მის არაგულწრფელობას, სიყალბეს, მოჩვენებითობას: როდესაც ის რაიმეს ამბობს არა იმიტომ, რომ თვითონ სჯერა საკუთარი ნათქვამი, არამედ ამ მომენტში თავისთვის სასარგებლოდ თვლის ასეთს და არა სხვაგვარ ლაპარაკს რაღაც წმინდა პირადი, ეგოისტური მოსაზრების გამო თავისი მსმენელის გათვალისწინებით; ან როდესაც ზოგს ერთს ეუბნება, სხვებს - სულ სხვას, ზოგჯერ პირველის საწინააღმდეგოსაც.
მწყემსის ავტორიტეტი განსაკუთრებით მაშინ ეცემა მისი სამწყსოს თვალში, თან საბოლოოდ და უიმედოდ ეცემა, როდესაც ის ცდილობს ამა სოფლის ძლიერთა, სახელგანთქმულთა და მდიდართა გულის მოგებას, ეპირფერება მათი რაიმეს მიღების ან სარგებლის იმედით. ამას სამწყსო არასოდეს პატიობს, მაშინაც კი, თუ ასეთი ეჭვის მხოლოდ აჩრდილი გაჩნდება, უსაფუძვლოც კი. აი, რატომ უნდა იყოს მწყემსი ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით ფრთხილი და არ იძლეოდეს უმცირესი ეჭვის საბაბსაც კი. (გაგრძელება...)
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია