ჩვენი საუკუნე - ეს განსაკუთრებული, ტრაგიკული საუკუნეა. ისეთი გრძნობაა, რომ თითქოს ისტორიული ტრაგედიის უკანასკნელ აქტს ვესწრებოდეთ. კაცობრიობა თავისი ყოფიერებით ყოველთვის წარმოადგენდა დასნებოვნებულ ორგანიზმს, რომელსაც წყლულივით ჭამდა ცოდვა.
მაგრამ ამჯერად თითქოს სნეულებამ უკანასკნელ სტადიას მიაღწია და აგონიაში გადადის. ჩვენს პლანეტას განუწყვეტლად არყევენ ომები, სტიქიური უბედურებები და კატაკლიზმები. იმგვარი შთაბეჭდილება იქმნება რომ თითქოს დედამიწა დაიღალა ადამიანებისგან და სურს ჩამოიშოროს ისინი თავიდან, ერთგვარად მწერებივით ჩამოიფერთხოს საკუთარი სხეულიდან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც და ურწმუნოებიც კი გრძნობენ მოახლოვებული აღსასრულის ნიშნებს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპოკალიფსის უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს სიყვარულის შემცირება და სულიერი გადაგვარება კაცობრიობისა. პირველი ადამიანის პირველმა ძემ შურის გამო მოკლა თავისი ძმა. იმ დროიდან მოყოლებული სისხლის წვიმა რწყავს დედამიწას შვიდი ათასი წლის განმავლობაში. სიყვარული - ეს ის იდუმალი ძალაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, საკუთარი თავივით შეითვისოს სხვა ადამიანი, თითქოს ერთგვარად იცხოვროს სხვაში, იხაროს მისი სიხარულით, გაიზიაროს მისი მწუხარება, გაიზიაროს მისი ტკივილი. ამჟამად კი ადამიანი შინაგანად განცალკევებულია სხვებისაგან. მისი სული თითქოს გაქვავდა, გული დავიწროვდა და აღარ შეუძლია დაიტიოს სხვა ადამიანი. უფრო მეტიც, ადამიანი ხედავს სხვაში ასეთივე უცხო და გულგრილ არსებას. ცოდვა ყოველთვის იყო, მაგრამ ცოდვასთან ერთად იყო სიკეთეც; ცოდვა დარჩა, როგორიც იყო, ოღონდ მან უფრო ურცხვი ფორმები მიიღო და აღარ იმალება. იგი სულ უფრო ცინიკური ხდება, ხოლო სიკეთე კატასტროფულად მცირდება.
ადამიანმა არა მხოლოდ დაკარგა მოყვასი, არამედ მასთან ერთად დაკარგა საკუთარი თავიც. მან დააქრო თავისი სული, შერყვნა თავისი სამშვინველი, გააიგივა თავი ხორცის ნაჭერთან. მან დაუმორჩილა თავი ყველაზე უფრო მდაბალ ვნებებს და საშინელი თვითმოტყუების მსხვერპლი შეიქნა. თანამედროვე ადამიანები, გინდ ღარიბები ყოფილან და გინდ მდიდრები, ერთნაირად უბედურნი არიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მდიდარს იქნებ უფრო მეტი დრო და სახსრები გააჩნდეს საკუთარი თავის გასახრწნელად და დასამახინჯებლად, მისთვის ბოძებული ღვთის ხატების აბუჩად ასაგდებად. ცხოვრება სიყვარულის გარეშე მოსაწყენი და არასაინტერესო ხდება. მეტიც, ადამიანს დღესდღეობით ხშირად აღარც კი ესმის თუ რას ნიშნავს სიტყვა „სიყვარული". იგი თავი ცნობიერებაში ამ სიტყვას აიგივებს ვნებასთან, ტრფიალთან, სისხლისმიერ მიჯაჭვულობასთან, მასთან, რაც მის მდაბალ და ბრმა გულისთქმებს განეკუთვნება. სიყვარული კი - როგორც სულიერი ერთობა, როგორც უნარი მოყვასისადმი თანაგრძნობისა და სხვა ადამიანში ღვთის ხატის ხედვისა, როგორც თავგანწირვა - დაკარგულია.
ვნებას ცვლის დანაკარგისა და სიცარიელის შეგრძნება, და ხშირად ზიზღის გრძნობაც კი, ამიტომ ვნება თავისებურად ეშმაკისეული კარიკატურაა სიყვარულზე. ვნება არ იძლევა ბედნიერებას, ეს საპნის ბუშტია მზეზე რომ ბრწყინავს, ხოლო რამოდენიმე წამის შემდეგ კი სველ ლაქად რომ იქცევა. სწორედ უსიყვარულობის გამო ხდება ცხოვრება უსიცოცხლო და დაღვრემილი, თითქოსდა რუხ ფერად შეღებილი. დღე დღეს მისდევს, - ერთი მეორეს მიჰყვება, როგორც ნისლის ბოლქვები, მიწის თავზე რომ დაცოცავნ, ხოლო სული კი ამბობს: „ეს ის არ არის, რასაც ვინდომებდი". ადამიანი იქნებ ვერ ხვდება რა სურს, მაგრამ გულში მაინც გრძნობს იმას, რომ ეს ცრუ ცხოვრებაა. ადამიანს სურს გაექცეს მას. ზოგი მთელი ძალით ისწრაფვის ფულის მოხვეჭისაკენ, რადგან ფიქრობს, რომ, როცა საკმარის სახსრებს შეაგროვებს, მაშინ დაიწყება მისთვის ნამდვილი ცხოვრება. მავანნი თავდავიწყებას ეძიებენ სამუშაოში, რომელიც შეიძლება არავის სჭირდებოდეს, მაგრამ როცა ადამიანები ეფლობიან თავიანთ ჭიანჭველურ შრომაში, ისინი ერთგვარად ეთიშებიან ამ ცხოვრებას; სხვანი ეძიებენ თავდავიწყებას ალკოჰოლში და ნარკოტიკებში, როკ-მუსიკაში, დემონურ სამყაროსთან შეხებაში, რადგან იმედი აქვთ რომ ამის საშუალებით თავს დააღწევენ თავიანთ ყოველდღიურობას, დაივიწყებენ თავიანთ სულიერ სიღატაკეს. მრავალნი ატარებენ ცხოვრებას გარყვნილებაში, თითქოსდა სურთ ანესთეზირება გაუკეთონ, ანუ სრულიად უგრძნობი გახადონ საკუთარი სინდისი, და თუმცა გარყვნილება ვერ ანიჭებს მათ ბედნიერებას, ისინი ეძებენ იმავე თავდავიწყებას ამ ბინძურ ჭაობში, რაღაც სიამოვნებას - საკუთარი თავის შეგინებაში.
თუკი შევხედავთ მოღალატეობრივ გარყვნილებას, მაშინ ჩვენ დავინახავთ მასში არა ადამიანს, არამედ დემონს, რომელიც ყოველნაირად ისწრაფვის შებილწოს ის ხელთუქმნელი ხატი, უფალმა რომ უბოძა ადამიანის სულს, - ნაწილი თავისი ღვთაებრივი ბრწყინვალებისა, სხივი თავისი ნათლისა. თითქოს ამ ადამიანმა მთელი თავისი წარმოსახვის ძალები გამოიყენა იმისათვის, რომ საკუთარი თავი მყრალი სიბინძურის ბელტად ექცია. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია