ბუდიზმი თავისუფლებას ყოველგვარი ფსიქიკური შინარსისაგან თავისუფლებაში ხედავს. უწინარეს ყოვლისა ეს სურვილების განადგურებაა. ბუდისტი გარეგანზე ფიქრს თავს ანებებს, საკუთარ თავს ერთგვარად ვაკუუმში ძირავს, შემდეგ შინაგანზე - თავისი ცნობიერების ბორბლებზე, სულში გაჩენილ სახეთა და იდეალთა კალეიდოსკოპზე ფიქრს დაუტევებს, ბოლოს თვით აზრს ანადგურებს და როგორც ფსიქიკურ უწონობაში, ერთგვარ უაზრობაში იძირება. ნირვანა, როგორც საბოლოო მდგომარეობა, რისკენაც ისწრაფვის ბუდიზმი, ფსიქიკური ვაკუუმის შექმნისა და მასში ცნობიერების ჩაქრობის ხელოვნებაა. ამ დროს ხდება თითქოს და უძირო სიცარიელეში ვარდნა ეს არის თავისუფლება საკუთარი თავისაგან, როგორც ინდივიდუმისა და პიროვნებისაგან, ეს კოსმოსისაგან თავისუფლებაა, ნეტარებაა სიკვდილისა. მაგრამ სიცარიელე უფრო ფიზიკური ცნებაა, ვიდრე სულიერი. სიცარიელე - ეს უშინაარსო სივრცე და წარმოსახვითი ველია ენერგიის გარეშე. ღვთაებრიობის ცნება და ნირვანა გამორიცხავენ ურთიერთს იმდენად, რამდენადაც ღვთაება შინაგანი ან გარეგანი ხასიათის ობიექტ წარმოადგენს, ნირვანა კი ცნობიერების დაცარიელებას მოითხოვს ყოველგვარი ობიექტისაგან: ფსიქიკურისაგან, კოსმიურისაგან ან მეონიურისაგან. ბუდისტს, როგორც ადამიანს შეუძლია იყო პანტეიტი ან აგნოსტიკოსი, მაგრამ ბუდიზმი, როგორც მეთოდი, ათეისტურია.
რევოლუციურ თავისუფლებაზე არ ვისაუბრებთ, მეტისმეტად კარგად გვახსოვს ამ თავისუფლების სისხლმდინარე ჭრილობები: ძალადობა, ველური სისასტიკით აფეთქებები და ხალხის საუკეთესო ნაწილის განადგურება. რევოლუციური თავისუფლება ჩვეულებრივ დესპოტიზმში გადადის.
გვინდოდა შევხებოდით მეტად სერიოზულ პრობლემას, თუმცა მის შესახებ წერა მუწუკზე შეხებასავით საძაგელია.
ეს არის მოჩვენებითი თავისუფლება, რომელსაც ადამიანი ცოდვაში, ზნეობის საფუძვლებთან და, უპირველეს ყოვლისა, იმ შემაკავებელ ძალასთან ბრძოლაში შეიძენს, რასაც სინდისი ჰქვია. ცოდვა ეს არის შინაგანი რევოლუცია საკუთარი სინდისის წინააღმდეგ, მისგან თავის დაღეწვას, მისი დანგრევის, მოხრჩობის და გადათელვის სურვილი. მანკიერებას არა აქვს საზღვარი და ფსკერი, სადაც ის შეჩერდებოდა.
ამიტომ ვნებებს დამორჩილებული მანკიერი ცხოვრება - ეს უფსკრულში ვარდნაა. დემონის დაცემა ქვევით ფრენა იყო და თითოეული ცოდვა მინიატურაში, დემონის ცრუ თავისუფლებას იმეორებს. ეს არის ვარდნითი ფრენა წყვდიადსა და ქაოსში. მანკიერების თავისუფლება არის გათავისუფლება საკუთარი ადამიანური ღირსებებისაგან, ღვთის ხატისა და მსგავსებისაგან, რომელშიც ჭეშმარიტი თავისუფლება მდგომარეობს. ყოველგვარი ზნეობრივი დაცემა მატერიალურობით დამძიმებული სულის დაცარიელებას იწვევს. ამას ადამიანი საკუთარ სხეულში გრძნობს. ეს ცოდვის რეალური სიმძიმეა. ადამიანის აზრი უხეში და დახავსებულია, ცნობიერება გასაგნებული, ნება - დასუსტებული, გრძნობა - იმპულსური და აფექტური. ცოდვა ანგრევს ადამიანის პიროვნებას და მიწას აჯაჭვებს. ცოდვა ჩვევად ექცევა, ჩვევა ბატონდება და ადამიანი ფიქრობს, რომ მას რაც კი მოესურვება ყველაფრის კეთების თავისუფლება აქვს. სინამდვილეში კი ის საბრალო მონად იქცა. ცოდვა არა მხოლოდ საგნად აქცევს ადამიანს, იმ ზნეობრივ უფსკრულშიც ითრევს, რომელიც მიუწვდომელია სხვა მიწიერ არსებასთან და რასაც დემონის მიმსგავსებულობას ვუწოდებდით. მანკიერებას მიცემული ადამიანი რაღაც უხილავ ჭუჭყს გამოყოფს, ეს განსაკუთრებულად მის თვალებში იგრძნობა. ჭუჭყი არა მხოლოდ ჟღენთავს ადამიანის სულის ფორებს, გარკვეულ ხარისხში მის ირგვლივ მყოფ საგნებსაც ეთვისება: საცხოვრებელს, სადაც ის ცხოვრობს, სამოსს, რომელსაც იცვამს. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანს შებილწული რიზაც კი სძულს.
გვინდოდა შევჩერებულიყავით „მანკიერების თავისუფლების" ერთ-ერთ სახეობაზე - ბილწსიტყვაობაზე, რომელიც ჩვენს ქუჩებსა და სახლებს ისე აბინძურებს, თითქოსდა კანალიზაციის სისტემამ ამოხეთქა და მისი შემადგენლობა ფეხქვეშ გვეღვრება. ბილწსიტყვაობა - ეს არის მდაბალ სულთა მცდელობა იმათთან გატოლებისა, ვინც მათზე მაღლა დგას, მეორე მხრივ, იმ სულიერი ღირსების ჩაკვლის მცდელობაა, რომელიც სხვა ადამიანისადმი პატივისცემაში მდგომარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბილწსიტყვაობა ცდილობს ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი დაამციროს, გალანძღოს, ლაფში გასვაროს. ამიტომ სიბილწის ბრძოლაში ხშირად გაისმის ღმერთის სახელი, უფრო ხშირად კი სიტყვა - დედა, რომელიც წყალწაღებული არამზადების გარდა ყველასათვის ძვირფასია. ეს ტალახი ნაკადიც არ არის, ეს რაღაც ფეკალური მასებია, რომლებიც ღებინებასავით იფრქვევა პირიდან. არსებობს ფსიქიური დაავადების სახეობა, როცა ადამიანი საკუთარი სიბინძურით სახეს ითხუპნის და ჭამს მას. სიგიჟის ამ სახეობით იტანჯებოდა, მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ლიტერატურული სიბინძურიდან ფეკალურზე გადავიდა. ბილწსიტყვაობა რაღაცით ჰგავს ამ ფსიქიურ დაავადებას.
ადამიანი სირცხვილის გრძნობისაგან თავისუფლდება და ამაში თავისუფლებას ხედავს. ზოგიერთ ისტერიკს ავადმყოფობის გამწვავებისას აღენიშნება სიმპტომი, სხვების თვალწინ გაშიშვლებისა. ცნობილ დაწესებულებებში ეს პროცესი ერთგვარი სახის ხელოვნებად იქცა. არსებითად ბილწმესიტყვეც შიშვლდება ყველას თვალწინ და თითქოს იძახის: „შემომხდეთ, როგორი გმირი ვარ, ჩემში წვეთიც არ დარჩა სირცხვილისა". მისტიკური შინაარსით, ბილწსიტყვაობა ბნელი ძალების მოხმობაა. უცენზურო სიტყვებით მოლაპარაკე კაცი ერთ ხანს ენერგიის მოზღვავებას, სულთან დემონების მოახლოებას გრძნობს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ ბილწსიტყვაობით, რაღაც ელექტროქსელში ჩართვის მოთხოვნილება უჩნდება - მაშინაც კი, როცა იქვე არავინაა, ვის გამოლანძღვასაც შეძლებდა, საკუთარი თავის გასაგონად, თითქოს თავის ცხვირს მიმართავსო, უსულო საგნებს აგინებს და ვერ ხვდება, რომ ეს ჯოჯოხეთის ძალის მოხმობის ფორმულაა.
სიტყვა - ღვთის უდიდესი ძღვენია. ადამიანი სიტყვით განსხვავდება სხვა მიწიერი არსებათაგან, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ სიგნალებითა და ნიშნებით შეუძლიათ. თვით ქრისტეს ღვთაებრივი სიტყვა - ლოგოსი ჰქვია. ამჟამად კი ადამიანური სიტყვის დემონისათვის მიცემა სურთ.
დიდი ნიჭია ახალი სიცოცხლის დაბადება, მაგრამ ადამიანმა წაბილწა ეს ნიჭი. მან ბავშვთა შობა გარყვნილების საბაბად აქცია, ხოლო შემდგომ მოიფიქრა საშუალება შიშველ სექსად გადაქცევისა, რაც თანდათანობით პათოლოგიურ სექსად გარდაიქმნება. ამ მხრივაც ადამიანი ცხოველზე მეტად დაეცა. ადამიანის სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლო ბილწსიტყვაობის მასალა გახდა. ეს ცინიზმის თავისუფლება და საკუთარი სინდისის მოშთობაა, მაგრამ ცოდვა ადამიანს ბედნიერს არ ხდის. ამიტომ გარყვნილი და მანკიერი ადამიანების სახეებზე გამუდმებული წუხილი, რაღაც მსახიობურია აღბეჭდილი, მათ სიცილშიც კი რაღაც ნაძალადევი და ყალბი ჟღერს. ცოდვილის სული სიბნელითაა განმსჭვალული, როგორც ოთახი, სადაც მიცვალებული ასვენია შავი საფარებელით.
ერთ-ერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა. ეს ღვთაებრიობასთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა, ეს სულის გათავისუფლებაა, ყოველივე უცხოსაგან - ვნებებისაგან, როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან, მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან, რომლებიც კრუნჩხასავით არყევენ და კუმშავენ გონებას. ქრისტიანული თავისუფლება - ეს დაცვაა დემონური ზეგავლენისაგან, რომელიც ადამიანის სულს რადიოაქტიური ტალღებივით ანგრევს. ამ სატანური რადიაციის დონე დედამიწაზე განუხრელად მატულობს. ამ დროს ადამიანის დაცვა მხოლოდ ღვთიურ მადლს შეუძლია. ამიტომ მადლის გამოჩინებას სული იხსენიებს, როგორც გასვლას უმაღლეს თავისუფლებაში. აქ არის ორი კოლოსალური ფაქტორისადმი დაქვემდებარება - დროისა და სიკვდილისა. თუკი გადალახულია ყოფიერების ეს ორი ბატონი, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ, რაც ადამიანს ეკუთვნის, შემდეგ კი ადამიანსაც, მაშინ თვით ცნება თავისუფლებისა მოკლებული იქნება რეალურ შინაარსს. ყველაფერი, რაც გვაქვს, ორგანულად ჩვენ არ გვეკუთვნის, ეს განსაზღვრულ პირებთან და საგნებთან კონტაქტის მარტოოდენ უნარი და საშუალებაა. ჩვენი აწმყო მყისვე წარსულად იქცევა ისევე, როგორც მიმოზა კუმშავს თავის ფურცლებს შეხებისას. თუკი სიკვდილი არ იქნება განადგურებული, ადამიანის ცხოვრება დაემსგავსება ტუსაღის გზას საკუთარი სახრჩობელისაკენ. თავისუფლება იქ იხსნება, სადაც დრო მთავრდება, ხოლო მარადისობა მარადიულში განიღება. როგორც ვთქვით, თავისუფლება, ეს არა მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა, ასევე (და მეტადაც) სულის ჩართულობაა ღვთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში. ეს ახსოვს სამშვინველს, როგორც ღვთის ქმნილებას, ეს სწყურია სულს - სამშვინველის თვალს, მარადისობისკენ მიპყრობილს. უწყის სამშვინველმა თავის იდუმალ სიღრმეებში, თუ საიდან და რისთვისაა ის და ამიტომაც შეიგრძნობს, რა არის მშობლიური და რა არის უცხო მისთვის. სული წმიდა ნუგეშინისმცემლად იწოდება, რადგან ადამიანური გული მხოლოდ მასში მშვიდდება. წმ. პავლე მოციქული წერს: „დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი, ნუ იქნებით კაცთა მონანი", უწინარეს ყოვლისა - საკუთარი „მე"-ს მონანი.
ნუ ვიქნებით შავბნელი ვნებების მონა. ვნებები - ეს ჩვენ არა ვართ, ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა, ეს სულის ბნელი ორეულია. თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია. ქრისტიანებმა ეს გამოცდილებით იციან. ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა, ზიარება კი - აღდგომა მკვდრეთით.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია