კურთხეულია ქორწინება ორი მორწმუნე და კეთილგონიერი ადამიანისა, რომელნიც ღვთისადმი სასოებითა და ურთიერთპატივისცემით ცხოვრობენ, ისინი განუყოფელნი არიან ღვთის ეკლესიაში, ლხინსა და გაჭირვებაში. არ გაურბიან ერთმანეთს, არ მრისხანებენ. ეხმარებიან გაჭირვებულთ და ავადმყოფებს. უფალი იესო ქრისტე დიდად ხარობს ასეთი ოჯახის გამო, წყალობს მათ და სიმშვიდეს უნარჩუნებს. სადაც ისინი არიან, იქ ღმერთია. ეშმაკი კი გარბის მათგან.
(ტერტულიანე, III ს.)
ჩვენს დროში იშვიათად შეხვდებით ჭეშმარიტ ოჯახს. ოჯახური ცხოვრება დაცემას განიცდის, თუმცა ჩემი მოგზაურობისას წილად მხვდა, მენახა სამაგალითო ოჯახი. იქ ყოფნამ მე დიდი სიხარული მომანიჭა, რაც არასდროს დამავიწყდება. მსურს, ჩემი შთაბეჭდილება მკითხველს გავუზიარო.
რამდენიმე წლის წინ ვორონეჟის გუბერნიაში ვმოგზაურობდი. ხშირად სოფლებში მიხდებოდა ღამისთევა. ერთხელ დაღლილი მეეტლემ ერთ ოჯახში მიმიყვანა.
დიდ, ახლად აშენებულ ქოხთან ძაღლი აყეფდა. ფანჯარა გაიღო და ჭაღარათმიანმა მასპინძელმა გამოიხედა. ეს არქიფო იყო. ჩვენ მას ღამის გასათევი ვთხოვეთ.
- მობრძანდით ბატონო - გვითხრა არქიფომ - რაც გვაქვს, კეთილი გულით მოგართმევთ.
მასპინძლის ქოხში ხალხი ფუსფუსებდა, ხელსაქმობდნენ, ქსოვდნენ, ბავშვები თამაშობდნენ. ვიფიქრე, სტუმრები ჰყავთ-მეთქი და მორიდებით ჩამოვჯექი სკამზე.
ბერიკაცი, როგორც ჩანს, მიმიხვდა ფიქრებს.
- რა გიკვირს, ბატონო? - ჩაიცინა მან - ესენი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ერთად ვცხოვრობთ... ალბათ გზაში დაიღალეთ, ახლავე ვახშამს მოგართმევთ.
დიდებულად მომზადებული ვახშმის შემდეგ დაღლილს მკვდარივით ჩამეძინა.
გათენებისთანავე ქოხში ფუსფუსი დაიწყო. ფრთხილად მოძრაობდნენ და ჩუმად ლაპარკობდნენ, რომ ჩემთვის ძილი არ დაეფრთხოთ.
მშვენიერი განწყობით ავდექი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დიდი ხანია ამ ოჯახს ვიცნობდი. ჭაღარა მოხუცი ძალიან მომეწონა, ეტყობოდა, ოჯახს ის უძღვებოდა, მას ყველა პატივს სცემდა. ოჯახი თორმეტ წევრს ითვლიდა.
როცა ყველამ თავის საქმეს მიაშურა, მოხუცს ჩემი გაკვირვება გავუზიარე:
- როგორ ცხოვრობთ ყველანი ერთად? ალბათ ვიწროდ ხართ?
არქიფომ გაიღიმა:
- ვიწროდ ვცხოვრობთ, მაგრამ წყენა არ ვიცით. ბევრნი ვართ, მაგრამ ერთად ცხოვრება უკეთესია. ყველა ვშრომობთ, საქმე ბევრია: ხვნა, თესვა, მოსავლის აღება. სხვასაც ვეხმარებით. შვილიშვილებსაც თავიდანვე ვაჩვევთ შრომას. მადლობა ღმერთს კეთილი ბავშვები არიან.
- ასე დიდ ოჯახებში ნუთუ უსიამოვნება არ ხდება?
- არა, ბატონო, ეს ჩვენთან არ ხდება. ერთმანეთს პატივს ვცემთ. ჩემი მეუღლე კეთილი ქალია. რძლებს ის დედასავით უყვართ. თუ ქალები რაიმეზე ვერ შეთანხმდებიან, უმალ ჩემთან მოდიან. მე განვსჯი მათ, თვალყურს ვადევნებ. ჩემს შვილებს, მადლობა ღმერთს, არაფრის გაყოფა არ სურთ. ბევრს ვშრომობთ, სამაგიეროდ, დოვლათიც ბევრია. სხვებს ვეხმარებით, შეხედეთ, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი... ჩვენ კი, ღვთის მადლით არაფერი გვაკლია... ძლიერი ოჯახი კაცისათვის ბედნიერებაა, სამშობლოსათვის - ძალა! ზნეობრივ და მშრომელ ოჯახში ბავშვებიც კარგები გაიზრდებიან. ასე არაა, ჩემო ბატონო?
ჩემი საქმე დროს მოითხოვდა, ამიტომ მთელი კვირა მათთან დავყავი. მართლაც სამაგალითო ოჯახი იყო. არავინ გამირბოდა. ყველა პატივს მცემდა. იმ ერთი კვირის განმავლობაში არ შემიმჩნევია არასასურველი მზერა, არ გამიგონია ბოროტი სიტყვა...
მთელი ოჯახი საოცრად მეგობრულად ცხოვრობდა და უთანხმოების შემთხვევაში საკმარისი იყო არქიფოს ერთი გამოხედვა და ყველაფერი მოგვარდებოდა. იგი იყო სული ამ სათნო ოჯახისა, ის ზრუნავდა მასზე, უფრთხილდებოდა მას. ამასთანავე არ გამიგონია მოხუცებულის არც ერთი ხმამაღალი ან უკადრისი სიტყვა. იგი ყოველთვის მკაცრად, მაგრამ მშვიდად საუბრობდა.
დედაჩემი ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი იყო - ამბობდა არქიფო - სიკეთეს მასწავლიდა, რწმენაში მამტკიცებდა, მოყვასის სიყვარულს მინერგავდა, ოჯახის მართვას მასწავლიდა. ხშირად მეუბნებოდა: - „გაუფრთხილდი, არქიფო, ოჯახს... მასშია ადამიანის ბედნიერება... მშვიდობა და ოჯახური ბედნიერება ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად!" ასეთი სულისკვეთებით გავიზარდე და შვილებსაც ასე ვზრდიდი. შვილებიც ისევე უფრთხილდებიან ოჯახს, ასევე ზრუნავენ მასზე, როგორც მე.
სოფელში არქიფოსა და მის ოჯახს დიდად აფასებდნენ. თუ რაიმე საქმე იყო გადასაწყვეტი ან რჩევა იყო საჭირო, არქიფოს მიმართავდნენ, სჯეროდათ მისი სიმართლისა და გამჭრიახი გონებისა.
დრო, რომელიც არქიფოს ოჯახში გავატარე არასდროს დამავიწყდება. არსად მიგვრძნია ისე კარგად თავი, როგორც ამ უბრალო გლეხის ოჯახში ვიგრძენი.
ღრმა პატივისცემით ვიგონებ მოხუც არქიფოსა და მის ოჯახს...
მადლობა ღმერთს რომ ასეთი ადამიანები კიდევ არიან ამქვეყნად!
ჟურნალიდან: „Свет православия"
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია