ყოველ ქრისტიანს კარგად ახსოვს სახარებისეული თხრობა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ ერთხელ იესო ქრისტეს მოწაფენი აღელვებული გალილეის ზღვის გადაცურვას, როგორ დაინახეს უეცრად, თვით უფალი, „ზღუასა მას ზედა" მომავალი, როგორ სთხოვა მას პეტრემ თვითონაც წყალზე სვლით მისულიყო ქრისტესთან და ღვთის სიტყვისამებრ კიდეც მიდიოდა, მაგრამ ქარისაგან შეშინებულმა იწყო დანთქმად. უფალმა ხელი უპყრა ყვედრებით: „მცირედმორწმუნეო, რასა შეორგულდი" (მათ. 14) - მეტად ჭკუისსასწავლებელი ისტორიაა! მღელვარე ზღვას მოჰგავს ეს მშფოთვარე მსოფლიოც, რომელიც ცხონების, ზეციური სამკვიდროს მძებნელმა ქრისტიანებმა ეკლესიის ხომალდით უნდა გადაცურონ. ამასთან, მორწმუნენი არ უნდა ჩაიძირონ ამქვეყნიურ ამაოებაში, არ გაეხვიონ ამ „ცივ წყალში" - არამედ მხოლოდ ზედაპირთან შეხებით, რწმენის ნავით იცურონ და ისწრაფვონ ზღვის „მეორე ნაპირისაკენ". „ქრის ქარი", „ქაფდებიან ტალღები", ხმაურით ეხლებიან წმინდა ხომალდის კედლებს, არყევნ მას, სახეში ცივ შხეფებს აყრიან მოგზაურთ - ეს ის სოფელია, თავისი მზაკვრობით, ღმრთისადმი მტრულად განწყობილი, რომელიც „ბოროტებასა ზედა ჰსდგას" (იოან. 5. 20), ვისთვისაც ოდენ „მეგობრობა მტერობა არს ღმრთისა" (იაკ. 4. 4).
შფოთავენ ზღვაოსანთა გულები: ქვემოთ ბნელი უფსკრულია, ირგვლივ ქარიშხალი და წყვდიადი - ნაპირიც შორსაა, მაგრამ გვერდით, სულ ახლოსაა მაცხოვარი ჩვენი, „ზღვასა მას ზედა", მომავალი, სინათლე პირქუში უფსკრულის თავზე, იგია „ნათელი", რომელიც „ბნელსა შინა ჰსჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოან. 1, 5). მისი რწმენით, მისი მადლიანი ძალით ჩვენც შევძლებთ უშიშრად ვიაროთ ცხოვრების ზღვის ზედაპირზე ისე, რომ მხოლოდ მსუბუქად დავისველოთ ფეხის გულები, არ ჩავეფლათ ამქვეყნიური მღელვარების ცივ წყალში, არ შეგვაცბუნოს სნეულებებმა, ვნებებმა, დაცემული კაცობრიობის საზრუნავებმა. მაგრამ ჩვენ, მცირედმორწმუნენი, ხშირად ვუშინდებით ცხოვრებისეულ სიძნელეებს, განსაცდელების შიშით ვთრთით, მათ მცირე თავდასხმებს ცხრაბალიან ზვირთებად აღვიქვამთ, რომლებიც დახრჩობით გვემუქრებიან, ცას წვდებიან და მათ გამო თვალთაგან ვკარგავთ ჩვენს უფალს, „ზღვასა მას ზედა" მომავალს, რომელსაც „ქარნიცა" და „ზღვაც ერჩიან"... (მათ. 8. 27) და ჩვენ ვიწყებთ ჩაძირვას - სასოწარკვეთას, ნაღვლიანობას, დრტვინვას, ხსნის, ცოდვის აღძვრისაგან გათავისუფლების იმედს ვკარგავთ, მაგრამ ვაი, კაცს, თუკი მას სულიერ ბრძოლაში საკუთარი ძალები ეიმედება!
ვინც ცურვას სწავლობდა, იცის, რომ ვიდრე ადამიანი იძაბება, გამალებული, გამწარებით იქნევს ხელ-ფეხს - იძირება. უპირველესად, აუცილებელია დაძლიოს წყლის შიში, დაეყრდნოს მის ძალას, უნარს - შეაკავოს სხეული თავის ზედაპირზე. თუ იგი მოდუნებას ისწავლის, შეძლებს მშვიდად, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე იწვეს წყალზე, როგორც ფაფუკ ლეიბზე. მაგრამ საკმარისია დაეჭვდეს, დაჭიმოს ზურგი ან ფეხი - მაშინვე სხეულის დაჭიმული ნაწილი ფსკერისაკენ ეშვება - წყალი უარს ამბობს ატაროს იგი. ასეა სულიერებაშიც! არსებობს საეკლესიო კანონი, რომელიც მკაცრად განსჯის მათ, ვინც ამბობს: „სიმართლის მადლი ჩვენ მოგვეცა იმისათვის, რომ ადვილად გავაკეთოთ მადლის მიერ, და თუ მადლი არ მოგვეცემოდა, მაინც შეგვეძლო, მადლის გარეშეც, ღვთის მცნებათა შესრულება, მაგრამ არა ადვილად, /ასეთი/ შეჩვენებულ იყო. როდესაც უფალი ლაპარაკობდა ღვთის მცნებათა ნაყოფის შესახებ, არ უთქვამს, ჩემს გარეშე შეგიძლიათო ძნელად გაკეთება, არამედ თქვა: „თვინიერ ჩემსა არარა ძალგიძთ ყოფად არცა ერთი" (იოან. 15. 5) (კართაგენის კრების კანონი 113).
არადა, ახლა ქრისტიანი ხშირად სწორედ ამიტომ განიცდის სულიერ ტანჯვას, ასე ბორგავს, დარდობს, დრტვინავს, ვერ უპოვია გულის სიმტკიცე ქრისტიანულ რწმენაში და სახეზეც „აღდგომის სიხარულის" ნაცვლად „სადუკეველის მწუხარება" აღბეჭდვია. იმის ნაცვლად, რომ „სვას" მშვიდობა, ნუგეში ლოცვით მონიჭებული, დამამშვიდებელ აბებს სვამს... - ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, საკუთარ თავს რომ მიენდო, იფიქრა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით, ცურვის ცოდნით უნდა გადაეცურა ეს ღრმა, ბნელი ზღვა იმიტომ, რომ შიშით ჩასცქეროდა ბობოქარ მორევს, მაგრამ თვალთაგან დაკარგა მაცხოვარი თვისი „ზღვასა მას ზედა" მომავალი!
„მცირედმორწმუნეო, რასა შეორგულდი?!"
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია