თანაგრძნობა ადამიანის სიყვარულზეა დაფუძნებული. სიყვარულის საშუალებით სხვა ადამიანი შენი პიროვნების ბუნების თანაზიარად, მეორე „მე"-დ გადაიქცევა. სენტიმენტალობა კი დაფუძნებულია საკუთარი თავის სიყვარულზე. სენტიმენტალურ ადამიანს აწუხებს არა სხვისი ტანჯვა, არამედ ის, რომ ამ ტანჯვის ხილვამ გუნება - განწყობილება არ გაუფუჭოს. ის არ მიილტვის უბედურების აღმოსაფხვრელად, მხოლოდ ცდილობს, უსიამოვნო სანახაობა თავისი მხედველობის არიდან განდევნოს.
ხელოვნება და ლიტერატურა ადამიანის სულს მიმბაძველობისაკენ მიდრეკილს ხდის და სიტუაციაში ემოციური ჩართვისაკენ უბიძგებს. ადამიანი, რომლისთვის ჩვეულებაა პიესის, ტელესერიალისა და რომანების სულიერი განწყობილების თანაგანცდა, შედეგად, სცენაზე მყოფი მსახიობის მსგავსად თვითონ იწყებს ცხოვრებასთან თამაშს. ხელოვნება ავითარებს ფსიქიკის მაღალ პლასტიკურობასა და გონებაში წარმოდგენილი პერსონაჟით ემოციურ გატაცებას, რასაც არც თუ იშვიათად პათოლოგიამდე მივყავართ. სიყვარული მოყვასს გულშემატკივრობს, მას სტკივა, იმიტომ, რომ ადამიანს სტკივა, სენტიმენტალობა კი - საკუთარ თავს, მას სტკივა, რადგან მის გონებაში ტანჯვის ნეგატიური სახე შემოიჭრა და უარყოფითი ემოციები გამოიწვია.
სხვა ადამიანების სიყვარული კეთილ სურვილზეა დაფუძნებული, სენტიმენტალობა - საკუთარ სულიერ კომფორტზე. სენტიმენტალური ადამიანი ტანჯვას თავისი სულიერად მშვიდი მდგომარეობის უსიამოვნო დისონანსად აღიქვამს, მას არ ძალუძს უყვარდეს, მას მხოლოდ გატაცება, კერპების შექმნა, მათი მსახურება და ამ კერპებით თავისი სულის შევსება შეუძლია.
სენტიმენტალობის მეორე მხარე სისასტიკეა. ის, რაც უშუალო შეგრძნებები საზღვარს სცილდება, სენტიმენტალური ადამიანისათვის უცხოა და სულერთი. სენტ-ეგზიუპერისთავის ზღაპარში „პატარა პრინცი" წამოსცდა: „თუ ჩემი ვარსკვლავი ჩაქრა, რაში მადარდებს მთელი სამყარო", სხვა სიტყვებით - ვარსკვლავი, რომელიც მე მიყვარს, მთელ სამყაროზე ძვირფასია.
სენტიმენტალური ადამიანი მზად არის იტიროს და, ამავე დროს, ყრუ და გულგრილი რჩება მილიონობით ადამიანის გასაჭირის მიმართ, ოღონდაც გასაჭირს ნუ დაანახებთ! სენტიმენტალობა არ არის სიყვარული, ის ავადმყოფური შთაბეჭდილებაა, სიყვარულის შემცვლელი ქრონიკული, ყრუ ისტერიკაა. სენტიმენტალიზმმა შექმნა ლიბერალიზმი თავისი ლუციფერული ყველაფრის ნებადართულობით. მწერალმა სალტიკოვ - შჩედრინმა თქვა: „ლიბერალზე უფრო მძვინვარე ცხოველი არ არსებობს". ჩვენ დავამატებთ, ცხოველთაგან ყველაზე მეტად ლიბერალს ნიანგი ჰგავს, რომელიც მსხვერპლის შესანსვლისას მწარედ ტირის.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია