„და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი და მოუხდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა" (5, 1-2).
ყოველთა დამბადებელმა იესო ქრისტემ, რომელიც ზეცით გარდამოხდა ჩვენს საცხოვნებლად, ყოველი წესი და სჯული სათნოებისაი აღასრულა საქმით, რათა ჩვენთვის საღმრთო მოქალაქეობის სახე და მოძღვრება დაედო წესად. იხილეთ წესი და სახე სიმდაბლისა და განრიდება ამბოხებათაგან - ოდეს სასწაულთა და კურნებათა აღსრულება საჭირო გახდა, მიმოვიდოდა იგი ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში.
იხილა რა ერთად შეკრებილი ფრიადი ერი, დაუტევა იგი და ავიდა მთაზე, რომ ესწავლებინა ჩვენთვის, არაფერი გვექმნა კაცთა თვალის სახილველად და საქებელად მოეცა მაგალითი შფოთთა და ამბოხებათაგან განსარიდებლად, რადგან კეთილ არს და წეს არს უდაბნოდ განსვლაი. როცა მთაზე ავიდა და დაჯდა, მას მოწაფეები მიეახლნენ, იგრძნეს მისი სიტყვის სიტკბოება და აღარ სურდათ მასთან განშორება. მოვიდნენ მსურველნი საწადელ სიტყვათა სმენად, რომელთაც ასწავლიდა უფალი, რადგან არა მხოლოდ ხორციელ სნეულებებს განკურნავდა, არამედ სულთაც განანათლებდა და ჭეშმარიტების გზაზე უძღოდა მათ, რომ, როგორც უფალსა და შემოქმედს ორივე არსებისა - სულისა და ხორცისა - ორივეს უძლურება განეკურნა და თვისი სიკეთე ეჩვენებინა. ამისათვის ოდესმე სასწაულებითა და კურნებით ისევ განდევნიდა ხორციელ სნეულებებს კაცთაგან, და ოდესმე მოძღვრებითა სწავლებით ისევე განწმენდდა ვნებათაგან შემწიკვლებულ სულებს, როგორც ახლა: „რამეთუ აღაღო პირი თვისი და ასწავებდა მათ". რატომ ამბობს მახარებელი, რომ „აღაღო პირი თვისი?" - რათა მიგვახვედროს, რომ მისი დუმილიც სწავლება იყო, რადგან ოდესმე აღაღებდა პირს და წარმოსთქვამდა სწავლათა და ოდესმე დუმდა და საქმეებით მეტყველებდა ხმამაღალ მოძღვრებას. ხოლო თუ გესმა, რომ აღაღო პირი და ასწავლიდა მათ, ნუ იფიქრებ, რომ მოწაფეებს ასწავლიდა, არამედ მათი საშუალებით მიმართავდა ყველას, რადგან ერი უგულისხმო და უსწავლელი იყო. მოუწოდა მოწაფეებს, რომ ეთქვა მათთვის სიტყვა ყოველთათვის და ყოველთა მიმართ, რადგან ერი უმხურვალესად ისმენდა მოწაფეთა მიმართ თქმულ მოძღრებასაც, ვიდრე ისინი განმარტავდნენ მას. ვიხილოთ, ვინაი იწყო, ან რომელი საფუძველი დაგვიდვა ახალი მოქალაქეობისა და გულისხმისყოფით ვიღოთ ყურად მისი სიტყვები, რომელნიც მაშინ იქ მყოფთ უქადაგა უფალმა, ის მოძღვრება და მცნებები ჩვენზეც „დასხმულ არიან", როგორც აღდგომის შემდეგ, წარავლენდა რა მოციქულებად, უბრძანა მოწაფეებს: „წარვედით ყოველნი წარმართნი და ნათელ სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ" (მათ. 28, 19-20). ამის შემდგომი სიტყვებიც „აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ. 28, 20), მხოლოდ მოწაფეებს კი არა, ყოველი მორწმუნის მიმართ იყო ნათქვამი. როცა მოწაფეებს დევნულებათა და ყუედრებათათვის შენატროდნენ, ეს სიტყვები უთხრა არა მარტო მათ, არამედ ყველას, ვინც მისი სახელისათვის იდევნებოდა და იტანჯებოდა. ეს მცნებები და მოძღვრებანი, მოციქულებს რომ გადასცა, ჩვენთვისათვის არის ნათქვამი, ყოველსავე კაცთა ბუნებას ასწავლიდა, რადგან ყოველ კაცობრივ ბუნებას სურს ცხონება. ამიტომ გულმოდგინედ და ყურადღებით ვისმინოთ საკვირველი სიტყვანი და სულთა განმანათლებელი მცნებანი, ვისმინოთ, მორწმუნენო, და აღსრულებად ვისწრაფოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი
Xareba.net - ის რედაქცია