თანამედროვე მოდერნისტების მრავალრიცხოვანი ცბიერი სიტყვების რიცხვს აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ მათი საყვარელი მტკიცება, რომელსაც ისინი ყველგან გულმოდგინედ ამკვიდრებენ, რომ "ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა” – და მხოლოდ! "სიყვარული, სიყვარული, სიყვარული!” მხოლოდ ეს გვესმის მათთან მუდმივად. და ამ "სიყვარულის” სახელით ისინი მოითხოვენ შერიგებას და ყველაზე ახლო მეგობრულ ურთიერთობას ზედმიწევნით ყველასთან, ქრისტიანობის აშკარა და ღია მტრების, ქრისტე - მაცხოვრის ბოროტი მოწინააღმდეგეებისა და საერთოდ, ღმერთისადმი, თავად რწმენის მძვინვარე მოწინააღმდეგეების ჩათვლითაც კი. თანაც ეს ყველაფერი, უმეტესწილად, სიტყვით ხდება – მხოლოდ პროპაგანდა, ამ დროს კი პრაქტიკულად თავად ისინი სრულებითაც არ ავლენენ ამ სიყვარულს იმათ მიმართაც კი, ვინც თითქოსდა, თვითონ უნდა დაეფასებინათ, როგორც მათთვის რწმენითა და სისხლით განსაკუთრებით ახლობელი ადამიანები. ასეთებს, თუკი ისინი არ იზიარებენ მათი აზროვნების თავისუფლებას, ღმერთმა ნუ ქნას, რაიმეთი არ გახდნენ მათთვის მოსაწონი, გაანაწყენონ ან შეურაცხყონ ისინი, სიყვარულით კი არა, პირიქით – ყველაზე მძვინვარე შეურიგებელი მტრობით და სიძულვილით ექცევიან. ერთი სიტყვით, "შორეულებისადმი” სიყვარულის პროპაგანდისას, ისინი თითქოს ივიწყებენ იმას, რომ პირველ რიგში, ქრისტიანობა ითხოვს, და ეს სავსებით ბუნებრივია, "მოყვასისადმი”, შენიანისადმი, რწმენით ყველაზე ახლობლისადმი სიყვარულს.
ღმრთის სიტყვის სწავლებიდან ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ "ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა”, რადგან "ღმერთი სიყვარული არს”.
"რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა”, გვასწავლის ქრისტეს საყვარელი მოწაფე "სიყვარულის მოციქული” წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი (I იოან. 4.16), მაგრამ მხოლოდ "სიყვარულსა ზედა”?
მხოლოდ სიყვარულამდე დაიყვანება მთელი ქრისტიანობა?
მივმართოთ ღმრთის სიტყვის სწავლებას, რას ამბობს თავისი სწავლების შესახებ მისი ამ სოფლად მომტანი, ღმრთის განხორციელებული მხოლოდშობილი ძე, უფალი იესო ქრისტე?
პილატეს კითხვაზე, რა გააკეთა მან და რატომ არიან იუდეველები ასე გაშმაგებულები მის წინააღმდეგ, უფალმა უპასუხა ნიშანდობლივი სიტყვებით, რომლებიც სწორედაც გვიხსნიან ჩვენ ქრისტიანობის არსს:
"ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა" (იოან. 18.37).
ასე რომ, აქედან თითოეულისათვის სრულად ცხადი უნდა იყოს, რომ ქრისტიანობა, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტების რელიგიაა, რომელიც სოფლად ღმრთის ძემ მოიტანა თავისი ზეციური მამისაგან (იოანე 12.49), უფალი იესო ქრისტე წმიდა სულის მოვლინებას თავის მოწაფეებს სხვა რამისთვის კი არ შეპირდა, არამედ იმისთვის, რომ ჭეშმარიტების სული გაძღოლოდა მათ ყოველ საქმეში (იოანე 16.13).
აი, სწორედ ეს ღმრთაებრივი ჭეშმარიტებაა ყველაზე მთავარი ქრისტიანობაში. ესაა – ქრისტიანობის არსი, რომელსაც ყველა ქრისტიანი ყველაფერზე მეტად უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნად – თუ საჭირო გახდება, მზადყოფნამდე მოკვდეს ამ ჭეშმარიტებისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ ურიცხვი წმინდანის, აღმსარებლის, ეკლესიის წმინდა მამის მაგალითზე, რომლებიც დაუღალავად ებრძოდნენ ცრუმოძღვრებს – ერეტიკოსებს, რომლებიც რაიმე სახით დაცილდნენ ამ ჭეშმარიტებას.
საიდუმლო სერობისას, უფალმა იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ "მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი” (იოანე 14.6) და თავისი გულისშემძვრელი მღვდელმთავრული ლოცვა თავისი მოწაფეებისათვის დაამთავრა სიტყვებით:
"წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაი შენი ჭეშმარიტ არს" (იოანე 17.17).
მართალია, საიდუმლო სერობისას უფალმა იესო ქრისტემ ბევრჯერ თქვა ურთიერთსიყვარულის აუცილებლობის შესახებ მის მოწაფეებსა და მიმდევრებს შორის, თანაც ეს სიყვარული მთავარ ნიშნად დასახა მისი ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის, მაგრამ ის აღნიშნავდა განსაზღვრულ სიყვარულს, რომელიც ძმებისადმი, ქრისტიანებისადმი იქნებოდა მიმართული და არა რაღაც ბუნდოვან, განბნეულ, განუსაზღვრელ სიყვარულს საერთოდ ყველასადმი, როგორც ამას ცბიერ პროპაგანდას უწევენ ახლა თანამედროვე მოდერნისტი-ეკუმენისტები ქრისტეს სწავლების ჭეშმარიტების სრული იგნორირებით. მით უმეტეს, ლაპარაკიც კი შეუძლებელია, ჭეშმარიტი ქრისტიანული თვალსაზრისით, ბოროტებისადმი მთესველებისა და გამავრცელებლებისადმი, რომლებიც მიზნად ქრისტიანობის განადგურებას ისახავენ როგორც ეს აშკარად ჩანს მოციქულთა ეპისტოლეების ბევრი ადგილიდან, შეუძლებელია გვქონდეს ასეთი სიყვარული, როგორისკენაც ქრისტე-მაცხოვარი მოუწოდებდა თავის მოწაფეებსა და მიმდევრებს, იმათ მიმართაც, ვინც ბოროტად აუკუღმართებს და ამახინჯებს ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას - ცრუმოძღვრებისა და ერეტიკოსებისადმი.
თავად სიყვარულის დიდი მოციქული წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი, რომელიც ასე ბევრს და განცდით გვასწავლიდა ქრისტიანული სიყვარულის შესახებ, ყველგან პირველ ადგილზე ჭეშმარიტებას აყენებს, და აზრსაც არ უშვებს ამ ღმრთაებრივი ჭეშმარიტების განმრყვნელებისა და მდევნებისადმი სიყვარულის შესახებ.
ქრისტიანობა მართლაც სიყვარულის რელიგიაა. მაგრამ ამ ქრისტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან სენტიმენტალურ მიწიერ სიყვარულთან, როგორც ეს ღმრთის მადლის გარეშე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ესმის. ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი სიყვარულის რელიგია, რომელიც განუყოფლადაა დაკავშირებული ქრისტეს სწავლების ღმრთაებრივ ჭეშმარიტებასთან. ხოლო მიწიერი სიყვარული, მისი ჩვეულებრივი გაგებით, ისევე შორსაა ამ ჭეშმარიტი სიყვარულისგან, როგორც მიწა ცისგან. ქრისტიანული სიყვარული სულიერია და ადამიანს მხოლოდ ღმრთის მადლის დახმარებით ეძლება, ხოლო მიწიერი სიყვარული მშვინვიერი და ხორციელი გრძნობაა. იგი ადამიანის ცოდვის დაზიანებული ბუნებიდან მომდინარეობს.
აი, ამიტომ ამცნებს სიყვარულის შესახებ ასე მკაფიოდ და ძლიერად დამმოძღვრელი "სიყვარულის მოციქული” ქრისტიანებს: "ნუ გიყვარნ სოფელი, ნუცა-ღა რაი არს სოფლისა ამის” და კიდევ: "უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისა მის თანა” (I იოანე 2.15).
არანაკლებ ძლიერად და გადაწყვეტით ამბობს ამის შესახებ წმინდა მოციქული იაკობი, უფლის ძმა: "მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობი 4.4). და ეს იმიტომ, რომ: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას” (I იოანე 5.19).
განა აქედან ცხადი არ არის, რომ ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული არ შეიძლება გავრცელდეს განურჩევლად ყველასა და ყველაფერზე? რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, არის სიყვარული ღმრთისადმი და იმისადმი, რაც ღმრთაებრივი ჭეშმარიტების ბეჭდითაა აღბეჭდილი, და არა იმისადმი, რაც ღმრთის საწინააღმდეგო სიცრუეშია ჩაფლული? ჩვენ, ქრისტიანებს, ვისაც გვიყვარს ღმერთი და ქრისტე-მაცხოვრის მიერ მამა-ღმერთისგან მოტანილი ღმრთაებრივი ჭეშმარიტება, ამ სიყვარულის გამო არ შეგვიძლია გვიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს აღუდგება წინ და თრგუნავს მის ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას. ამის შესახებ მკაფიოდ და გარკვევით გვასწავლის ღმრთის სიტყვა. (გაგრძელება...)
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)
წიგნიდან: „მართლმადიდებლობა და თანამედროვე მსოფლიო"
Xareba.net - ის რედაქცია