წმინდა მოწამე შუშანიკის ცხოვრება მისი მოძღვრის - იაკობ ხუცესის მიერ არის აღწერილი. უბრალო და სადა ენით დაწერილი თხზულება იმ თვითმხილველის მონათხრობია, რომელიც გვერდით ედგა თავის სულიერ შვილს და აღმსარებლობის ღვაწლში განამტკიცებდა. „შუშანიკის წამებას" დიდი შინაგანი ძალა აქვს, მკითხველი თითქოს საკუთარი თვალით ხედავს მოწამე დედოფლის სულის სიდიადეს, რომელმაც მიწიერ მეუფებას და თვით სიცოცხლესაც ქრისტე ამჯობინა. შუშანიკის მეუღლემ, რანის მმართველმა ვარსქენ პიტიახშმა, რომელიც თავისი მზაკვრული მიზნების განსახორციელებლად სპარსეთის დედაქალაქში გაემგზავრა, ქრისტე უარყო, წარმართობა - ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო და შაჰს აღუთქვა, რომ თავის ოჯახსა და ხალხს მის სჯულზე მოაქცევდა. წმიდა შუშანიკმა ხმამაღლა აღიარა ქრისტიანობა მაშინ, როდესაც პიტიახშის შიშით ისინიც კი დუმდნენ, ვისაც ქრისტესგან განდგომაში უნდა ემხილებინა მმართველი, როდესაც დუმილით ღმერთი განიცემოდა. შუშანიკის წამება იმ ძველ მოწამეთა ღვაწლს ჰგავდა, თავიანთი ოჯახის წევრებმა რომ აწამეს. წმიდა ბარბარე მშობელმა დედამ გადასცა სამსჯავროს, ხოლო წმიდა შუშანიკის მტერი და ჯალათი მისი მეუღლე გახდა. თხზულებაში აღწერილია წმიდა შუშანიკის წამება, ის დამცირება და ტანჯვა, რომელსაც იგი შვიდი წლის მანძილზე ითმენდა ყოფილი ქმრისაგან იმის გამო, რომ სჯული არ შეიცვალა და მაზდეანობა - ცეცხლთაყვანისმცემლობა არ მიიღო. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული მის ცხოვრებაში იქნებ ახლობელი ადამიანების ღალატი და სილაჩრე იყო. შუშანიკის ყველამ მიატოვა, მხოლოდ მოძღვარი და ეპისკოპოსი ფარულად ცდილობდნენ მისი ტანჯვის შემსუბუქებას. ადამიანები თავიანთ მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ, დედოფალი კი სასახლის ერთ პატარა სენაკში ცხოვრობდა, როგორც ტუსაღი, ბორკილდადებული. პიტიახშს ცოლი მხოლოდ იმისთვის ახსენდებოდა, რომ ხელახალი ტანჯვა მიეყენებინა მისთვის. ქრისტიან მოწამეთა დასში ვხედავთ ქალებსა და ბავშვებსაც, რომელნიც მადლმა განამტკიცა და ქრისტეს უშიშარ მეომრებად აქცია. მოწამეობა ქრისტეს უსიტყვო ქადაგებაა. წმინდა შუშანიკის ღვაწლი მრავალი თაობისთვის გახდა მაგალითი იმისა, რომ უმჯობესია სიკვდილი, ვიდრე სჯულისგან განდგომა. შუშანიკის რწმენა და ნებისყოფა ვერ გატეხა ვერც წუთისოფელმა თავისი მაცდუნებელი სილამაზით, ვერც მეფური დიდების მოგონებამ, ვერც ნათესავების შეგონებებმა თუ ცრემლებმა და ვერც ტანჯვა-წამებამ. საპყრობილე, რომელშიც ის ჩაამწყვდიეს, მისთვის სამოთხის კარიბჭედ იქცა, რადგან ქრისტე მასთან იყო და მადლის სხივები აცისკროვნებდა მის გულს.
დღეს კი ჩვენ ამა სოფლისთვის უცნობი რამდენი აღმსარებელი და მოწამეა ქრისტესი, რომელნიც ღვაწლად არც კი მიიჩნევენ თავიანთ ღვაწლს. ესენი ის ქრისტიანი ქალები არიან, რომლებმაც უარი თქვეს შვილის მკვლელობაზე და მძიმე გამოცდას გაუძლეს ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან. მათ სატანჯველად გაწირეს თავი, რათა შვილისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. როდესაც ჩვენ ძველ მოწამე ქალთა ცხოვრებებს ვკითხულობთ, მსგავს სურათს ვხედავთ. მტარვალები ჯერ პირფერობით ცდილობდნენ მათ დარწმუნებას, რომ ქრისტეს განდგომოდნენ, და სანაცვლოდ ამქვეყნიურ კეთილდღეობას ჰპირდებოდნენ, შემდეგ მოფერებას მუქარითა და წამებით ცვლიდნენ, ბოლოს კი ქრისტეს შეუდრეკელ აღმსარებელს სიკვდილით სჯიდნენ. მოწამე ქალის სული ზღვაში აღმართულ სალ კლდეს ჰგავს, რომელსაც ტალღები ადგილიდან ვერ ძრავენ. ზღვა ხან წყნარი და ალერსიანი ჩანს, ხან კი ზნეს იცვლის და კლდეს მძვინვარე ნადირივით ეკვეთება. აზვირთებული ტალღები კლდის წვერზე მაღლა იწევიან, მაგრამ ქვას ენარცხებიან და უკუიქცევიან. ქალს, მომავალ დედას, ჯერ არწმუნებენ, რომ მშობიარობის დროს დიდი საფრთხე ელის და თანაც ძალიან გაუჭირდება ბავშვის აღზრდა. მას ეუბნებიან, რომ ბავშვის დაბადება სტუმრების მიღების, მეგობრების მონახულების, აგარაკზე წასვლის საშუალებას წაართმევს დედას, მშობიარობის საფასურის გადახდა ძალიან გაუჭირდება ოჯახს, ახალშობილი ბავშვი მის სიყვარულსა და ყურადღებას წაართმევს დანარჩენ შვილებს. თუ ამ შეგონებებმაც არ გაჭრა, მაშინ მას თანამედროვე აპარატურის საშუალებით ნაყოფის გამოკვლევას სთავაზობენ, შემდეგ კი არწმუნებენ ქალს, რომ ნაყოფი დაავადებულია, ბავშვი სრულფასოვანი არ იქნება და ამიტომ ბავშვისთვისაც უმჯობესია, დროულად გაკეთდეს აბორტი, ვიდრე ხეიბარი გაჩნდეს ამქვეყნად. ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებასა და სითბოს იჩენენ ქალისადმი, მაგრამ ყველაფერი იმით მთავრდება, რომ მას სთხოვენ, თითქოს გამოსძალავენ თანხმობას შვილის მკვლელობაზე. ასე შეპარვითა და ალერსით სთხოვდნენ ძველ ქრისტიანებს, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. ზოგჯერ ქალს ეუბნებიან: ოჯახში მძიმე მდგომარეობაა და გაგვიჭირდება ბავშვის გამოკვება; ახლა აბორტი გაიკეთე და მერე, როცა მდგომარეობა გაგვიუმჯობესდება, თუ გინდა, რამდენიმე შვილი გააჩინე. ზოგიერთი წარმართი მსაჯული ქრისტიანებს ეუბნებოდა: ჯერ ჩვენს კერპებს ეცი თაყვანი და მერე თუ გინდა, წადი და ქრისტეს ევედრეო. თუ ქალი არ თანხმდება, მაშინ მისი ოჯახის წევრები მუქარაზე გადადიან. ქმარი ყვირის, რომ მას არ შეუძლია ამდენი სულის გამოკვება, რომ ბავშვის ტირილი ხელს უშლის მუშაობასა და დასვენებაში, ხოლო თუ ცოლი გაჯიუტდება, ის მიატოვებს ოჯახს, და ქალს ბავშვით ხელში მოუწევს ლუკმა-პურის შოვნა. ფეხმძიმე ქალის დედა, რომელიც სხვა დროს ყოველთვის შვილის მხარეზე იყო, ახლა თანადგომის ნაცვლად, ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებს მას და ეუბნება, რომ თუ ქმარი სამართლიანად გამოაგდეს, თავის სახლში არ შეუშვებს. მული ძმას ჩასჩურჩულებს: „დარწმუნებული ხარ, რომ ეს შვილი შენგან არის? იქნებ ეს მისი საიდუმლო შეხვედრების ნაყოფია და იმიტომ სურს ბავშვის გაჩენა, რომ მასში თავისი მეგობრის სახეს ხედავდეს?" ამ გუნდს დედამთილის ხმაც უერთდება, რომელიც არწმუნებს თავის შვილს: „შენს ცოლს რომ უყვარდე, შევიდოდა შენს მდგომარეობაში და აბორტს გაიკეთებდა, მას კი ცხონება ქმრის ხარჯზე ნებავს". ეს აგრესია ხშირად კვირების, ხან კი თვეების განმავლობაში გრძელდება. ძველად ხმამაღალი, მონოტონური ბგერებით წამების ხერხი არსებობდა. ადამიანს ჯერ უძილობა იპყრობდა, შემდეგ ის ჭკუიდან იშლებოდა, ხოლო თუ წამება კიდევ გაგრძელდებოდა, ადამიანი კვდებოდა. შეგონებები და მუქარაც ასეთივე წამებად იქცევა ქალისთვის. ზოგჯერ საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც კი მიდის: ქმარი სცემს თავის ცოლს. ყოფილა შემთხვევები, როცა კაცს უსარგებლია დაუსჯელობით და ნაყოფის მოსაშლელად წიხლი ჩაუზელია მუცელში ფეხმძიმე ცოლისთვის. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხეცურ გამოვლინებებზე, რომლებიც არცთუ ისე ხშირია, არამედ შეფარულ ტანჯვა-წამებაზე. ქალს ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ყველასგან მიტოვებულია მგლების ხროვაში, რომლებიც მზად არიან, თავს დაესხნენ და ნაწილ-ნაწილ დაგლიჯონ იგი. ის ქმრის გვერდით არის, მაგრამ ისეთი განცდა აქვს, თითქოს ქვრივია, მშობლები ჰყავს და ობლად გრძნობს თავს. მის სულს დემონური ბნელი ძალა ებრძვის, რომელიც ჭმუნვით, დარდითა და მტანჯველი შიშით თრგუნავს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს. მახსენდება ერთი სურათი, სახელწოდებით „მიტოვებული". მასზე ღრმა ხევია გამოსახული, მისი ზედა ნაწილი ტყით არის დაფარული. ხევის ძირში დგას ქალი, რომელიც იქ ჩააგდეს და მარტო დატოვეს. მზე ჰორიზონტს ეფარება. მისი სხივები ჯერ კიდევ აღწევენ დაბურულ ტყეში, მაგრამ მალე ისინი გაქრებიან და დადგება ღამე. ქალი დგას ამ ქვის ხაფანგში და არ იცის, საით წავიდეს, გარშემო სულიერი არავინ არის. მის თვალებში საზარელი შიშის განცდა გაყინულა. ის ან შიმშილისაგან უნდა მოკვდეს, ან ნადირის ლუკმა გახდეს. საშველი არსაიდან ჩანს. მისგან განსხვავებით, ქრისტიან ქალს ღვთის განგება იფარავს. მას აქვს ძალა იმისთვის, რომ წინ აღუდგეს დემონებსა და ადამიანებს - ეს მადლის ძალაა, მას აქვს ნუგეში - ეკლესია, მისი ძლიერება ლოცვა და სასოებაა. ასეთი ქალისთვის შვილის გაჩენა (მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი ადამიანები ცდილობენ მის ცთუნებას და ამის გამო უსასრულოდ შორეულნი ხდებიან მისთვის) დიდი ღვაწლია, მსგავსი ქრისტეს აღმსარებლობისა ამ სულიერებადაკარგულ ქვეყანაზე. მოწამე ქალებს სახალხოდ აწამებდნენ, ამგვარი ღვაწლი კი სახლის კედლებს მიღმაა დაფარული. ის უხილავია სოფლისთვის, და სოფელიც იშვიათად აღიქვამს მას ღვაწლად.
ჩვენ ვწერდით ქრისტიანი ქალის შესახებ, მაგრამ ზემოთქმული სხვა რელიგია მიმდევარ ქალებსაც ეხება. თუ ისინი საკუთარი სინდისის და დედობრივი გრძნობის კარნახით მოიქცევიან, ღვთის წინაშე არც მათი ღვაწლი დაიკარგება.
ხშირად ის ბავშვი, რომელსაც დედამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, შემდგომში ყველაზე მეტად უყვართ ოჯახში იმათაც კი, ვინც ადრე მის მოკვლას მოითხოვდა. ისინი მადლიერები არიან ქალისა, რომელმაც არ დაუჯერა მათ და არ ცაიდინა ის, რაც აღარ გამოსწორდება. ამგვარი ღვაწლისთვის ჯილდო ამქვეყნად სულიერი სიხარულია, დამშვიდებული სინდისია, ხოლო იმქვეყნად - ღვთის უდიდესი წყალობა. იქნებ ეს ქვეყანაც იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ შორის საიდუმლოდ არიან ღვთივსათნო ადამიანები. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია