კითხვა: მრავალი ადამიანი თვლის, რომ აბორტი მკვლელობაა და მისი გაკეთება დაუშვებელია ქრისტიანებისთვის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ცხოვრების პირობებს, იქნებ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხმარება გახდეს დასაშვები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ესადაგება ქორწინების ქრისტიანულ გაგებას? ამ საშუალებათა ფართო ასორტიმენტი ხომ ნებისმიერ აფთიაქში გვაქვს, განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. „სპირალი". ჩვენ გეუბნებიან, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ის უპირატესობა აქვს, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება ნაყოფის ანუ, ქრისტიანული სწავლებით, ცოცხალი ადამიანის მკვლელობა.
პასუხი: ფარმაცევტები, რომლებიც ამზადებენ, და ექიმები, რომლებიც პრაქტიკაში იყენებენ ამ საშუალებებს, მალავენ მათ ნამდვილ მოქმედებას. თვითონ სახელწოდება - „ჩასახვის საწინააღმდეგო" შენიღბულია.ამ საშუალებებიდან ერთსაც არ შეუძლიათ მოგვცეს სრული გარანტია ჩასახვისაგან დაცვისა, ამიტომ ისინი ნაყოფის მკვლელობისკენ არიან მიმართულნი. ამ საშუალებათა უმრავლესობას საერთოდ არ აქვს უშუალო კავშირი ჩასახვასთან და პირდაპირ ცოცხალი ემბრიონის მკვლელობაზეა გათვლილი. უმეტეს შემთხვევაში ისინი წამლავენ ემბრიონს. რაც შეეხება ე.წ. „სპირალს", ამ შემთხვევაშიც იმავე სიცრუეს ვაწყდებით. სპირალი ჩასახვას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ უკვე განაყოფიერებული უჯრედის - ემბრიონის მოძრაობას. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ენით რომ ვთქვათ, ამ დროს ხდება მკვლელობა ადამიანისა, რომელსაც უკვდავი სული აქვს, მაგრამ მისი სხეული ჯერ არ არის განვითარებული. ის კარგავს იმ სასიცოცხლო გარემოს, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის, და რამდენიმე დღეში იღუპება. თუკი ემბრიონი, სპირალის მიუხედავად, მაინც შეაღწევს დედის სხეულში, მაშინ სპირალი სწორედ იმას ემსახურება, რომ მოწყვიტოს იგი და გარეთ გამოაგდოს. ხდება მკვლელობა, რომლის შესახებაც შესაძლოა არაფერი იცოდეს ქალმა. მის სხეულში მექანიკური ან ქიმიური საშუალებით კვდება ცოცხალი ნაყოფი და შემდეგ მენსტრუაციასთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უმეტეს შემთხვევაში მინიაბორტს იწვევენ და ამ მხრივ სხვა მკვლელობებისგან არაფრით განსხვავდებიან.
კითხვა: მაშასადამე, აბორტსა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას?
პასუხი: დიახ, მხოლოდ ერთი დაზუსტებით. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები გაცილებით მეტ სიცოცხლეს სპობენ, ვიდრე აბორტი. ამ საშუალებათა გამოყენების დროს წელიწადში საშუალოდ რამდენიმე ჩასახვა ხდება, შესაბამისად - რამდენიმე მკვლელობა. სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობას არ ესმის, რომ სპირალის ჩადგმით საკუთარ შვილთა პოტენციური მკვლელები ხდებიან. ეკლესია კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მოხმარებას, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი ვერ ერკვევა მათი მოქმედებების მექანიზმში და თვლის, რომ მათი გამოყენება თუმცა ცოდვაა, მაგრამ არ არის მკვლელობა და სისხლისღვრა. ისინი ამ ფაქტს ჩვენი თანამედროვე ცხოვრების სასტიკ რეალობად თვლიან, რომელსაც გამოსავალი და ალტერნატივა არ მოეპოვება. ამიტომ ყოფილა შემთხვევები, როცა მოძღვრები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების უფლებას აძლევდნენ თავიანთ სულიერ შვილებს და აზიარებდნენ კიდეც მათ. აღსარებისა და ზიარების დროს ქალის წიაღში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისგან შესაძლოა წამებით კვდებოდა მისი შვილი. მკვლელობა ზიარების დროს ჩვენი თანამედროვე სულიერი ცხოვრების საშინელი პარადოქსია!
კითხვა: რა შეგიძლიათ გვითხრათ უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე?
პასუხი: წამიკითხავს, რომ რომის პაპი მიესალმება მეცნიერების ამგვარ მიღწევას. მე არ შევეხები ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკას - ეს სპეციალისტთა საქმეა, შევჩერდები მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ მეთოდზე, რომლის დროსაც სპერმის კონცენტრატი გამოიყენება. მას შეუძლია კოლბაში ერთდროულად გაანაყოფიეროს უამრავი უჯრედი (ეს, უკვე ცოცხალი არსებები, უფრო სწორად, უკვე სულის მქონე ადამიანები, განწირულნი არიან დასაღუპავად). შემდეგ რამდენიმე ემბრიონი დედის სხეულში გადააქვთ. გარკვეული დროის შემდეგ ახდენენ გადარჩევას: ერთ ემბრიონს ცოცხალს ტოვებენ, დანარჩენს კლავენ; როგორც წესი, ნემსს უყრიან გულში. ასეთი განაყოფიერების დროს ნაყოფი, შეიძლება ითქვას, საკუთარი დების და ძმების სასაფლაოზე იზრდება. ცოცხალმშობი ზვიგენის ფაშვში ნაშიერები რომ წამოიზრდებიან, ერთმანეთს ჭამენ მანამ, სანამ ერთი - ყველაზე ძლიერი არ დარჩება. ის გადარჩა იმიტომ, რომ საკუთარი და - ძმები შესანსლა. ვინც ამგვარ მეთოდზე თანხმდება, მისი საშო ზვიგენის ფაშვს ემსგავსება, რომელშიც ერთი ემბრიონი რჩება, ხოლო დანარჩენები იღუპებიან, ოღონდ არა ერთმანეთთან ბრძოლაში, არამედ - ექიმის არჩევანის მიხედვით.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია