ომს თავისი დაუწერელი კანონები აქვს: კაცს შეუძლია ბრძოლაშიც კაცად დარჩეს, ან პირუტყვად იქცეს. ომში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბოროტმოქმედება ბავშვების დახოცვაა. ზოგიერთი უძველესი ტომი შურს იძიებდა ხოლმე დამარცხებულ ან ტყვედ ჩავარდნილ ადამიანებზე იმით, რომ ველურები ორსულ ქალებს მუცლებს უჭრიდნენ, თანაც უნდა გამოეცნოთ, ნაყოფი ბიჭი იყო თუ გოგო. დღეს ახლო აღმოსავლეთის მთების ველური მკვიდრნი კი არ სჩადიან თითქმის იგივეს, არამედ ჰიპოკრატეს მოწაფეები, ოღონდ ერთი განსხვავებით: ისინი დედას ტოვებენ ცოცხალს. პირველს საზარელი ბოროტმოქმედება ჰქვია, მეორეს - ორსულობის შეწყვეტა. პირველი გამხეცებულ ავაზაკთა ხელით ხდებოდა ომის ან შემოსევის დროს, ხოლო მეორე დაუსრულებლად გრძელდება. ერთ შემთხვევაში დედა ბავშვთან ერთად ხდება მსხვერპლი, ხოლო მეორე შემთხვევაში ის ბოროტმოქმედების თანამონაწილეა მკვლელთან ერთად. მაგრამ საკუთარი შვილები ყაჩაღებსაც კი უყვართ, ხოლო ამ შემთხვევაში რაღაც ზნეობრივ ენტროპიასთან გვაქვს საქმე: მკვლელს ფულს უხდიან იმისთვის, რომ დედას შვილი მოუკლას, მუცელი გამოფატროს და ტყავი მთელი დაუტოვოს. რომელია უფრო დიდი დაცემა, თავად განსაჯეთ.
მეცნიერების დარგებს შორის ყველაზე შთამბეჭდავ შედეგებს სამხედრო ტექნიკამ, ანუ კაცისკვლის მეცნიერებამ მიაღწია. სამწუხაროდ, ზოგიერთი სამედიცინო გამოგონებაც სასიკვდილო დიაგნოზირებისთვის გამოიყენეს და მკვლელობის მეცნიერებად აქციეს. ვგულისხმობთ ექოსკოპიას, რომლის საშუალებითაც ადგენენ ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი ნაყოფის სქესს. რატომ აინტერესებთ მშობლებს წინასწარ გაგება იმისა, თუ ვინ იქნება მათი შვილი? განა ყველა ბავშვი ერთნაირად არ უნდა ახარებდეს მშობლის გულს? მაგრამ აქ ადამიანის თვითნებობა თავხედურად ერევა ღვთის განგებაში. მშობლები ითვისებენ ბავშვისთვის სიცოცხლის მიცემა-არმიცემის უფლებას იმის მიხედვით, თუ ვინ უნდათ, რომ ჰყავდეთ - ძე თუ ასული. უცნაური პარადოქსია: სამოქალაქო კანონები კრძალავენ ქალის დისკრიმინირებას, ხოლო ამ შემთხვევაში ნებადართულია ბავშვის მოკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მშობლისთვის არასასურველი სქესისაა, ე.ი. ხორციელდება არა დისკრიმინირება, არამედ გენოციდი სქესობრივი ნიშნის მიხედვით. მშობელთა ამ ცინიკურ არჩევანში უფრო ქალიშვილები იჩაგრებიან. თუ დიასახლისს წიწილების ბუდობა ჰყავს, ცდილობს, დედლები კვერცხის დასადებად დატოვოს და კერძში პირველები მამლები ხვდებიან, ამ შემთხვევაში კი პირიქით ხდება: უფრო ხშირად ვაჟებს ტოვებენ ცოცხალს, ანუ დედები კლავენ მომავალ დედებს. ესეც ერთ-ერთი ნაღმია, ერის განადგურებისთვის დადებული. თუ ქალებისა და ვაჟების თანაფარდობა დაირღვევა, რასაკვირველია, შობადობა მკვეთრად დაეცემა. ამრიგად, ექოთერაპია ხშირად ბავშვისკენ გასროლილ ტყვიად იქცევა. ნუთუ საავადმყოფო ნაყოფის დაკითხვის საკანია: ვინ იქნები შენ - ვაჟი თუ ქალი? თუ ქალი, მაშინ არსებული დანაშაულის შედგენილობა დამტკიცებულია, განაჩენი სიკვდილით დასჯაა. რაღა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც სიკვდილს ვაჟებსაც მიუსჯიან ხოლმე, მაგრამ პრინციპში ეს საქმეს არ ცვლის. სქესი განიხილება, როგორც დანაშაული, რომელიც სასიკვდილო განაჩენის ღირსია. ექოსკოპია გამომძიებელივით აგროვებს მტკიცებებს, მშობლებს, ტრიბუნალის მოსამართლეთა მსგავსად, განაჩენი გამოაქვთ, ხოლო ექიმებს ეს განაჩენი სისრულეში მოჰყავთ და უფრო ხშირად მშობლებს ხელს კი არ აღებინებენ განზრახვაზე, არამედ დანაშაულისკენ უბიძგებენ. ვინ უფრო ზნედაცემულია ამ შემთხვევაში: თეთრხალათიანი, უმაღლესი განათლების მქონე ექიმი, რომლის ვალი ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლაა, თუ წითელ პერანგში გამოწყობილი მთვრალი ჯალათი, ქუჩური გინებით რომ ასალმებს სიცოცხლეს თავის მსხვერპლს?
არსებობენ ე.წ. ზეკანონები, რომლებიც დედამიწაზე ქალ-ვაჟის რაოდენობას აწესრიგებენ. მაგალითად, ომების დროს უფრო ჭარბად ვაჟები იბადებიან, ვიდრე გოგონები. ნიშანდობლივია, რომ ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებში ხდება, რომლებშიც უფრო მეტი მეომარი იღუპება, და თანაფარდობა სწორდება.
ექოსკოპია, როგორც სქესის პროგნოზი, ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედებაა. არასასურველი ნაყოფი ცოცხალიც რომ დატოვონ, დედის საშოში ბავშვი მაინც იგრძნობს სიყვარულის ნაკლებობას, როგორც გერი - დედინაცვლის სახლში. ამიტომ ექოსკოპია შეუთავსებლად უნდა იქნეს მიჩნეული ქრისტიანულ ზნეობასთან, როგორც საზარელი სელექციის საშუალება, რომელმაც დედამიწაზე ან რომელიმე ქვეყანაში შესაძლოა ერთ-ერთი სქესის გადამეტებული სიჭარბე გამოიწვიოს და ამას დემოგრაფიული კატასტროფა მოჰყვეს. მაგრამ დღეს უკვე სრული უფლებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დეგრადაციისა და მომავალ თაობათა ტრაგედიის შესახებ.
გამოუცდელ და არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ეს მეთოდი კიდევ ერთი საზარელი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას ანიჭებს: ის შეიძლება გახდეს არა მხოლოდ მცდარი გადაწყვეტილების მიზეზი, არამედ სპეკულაციის საშუალებაც, რათა ფსიქიკური ზეწოლით ქალი აბორტზე დაითანხმონ. მას შეიძლება შთააგონონ, რომ მისი შვილი განწირულია დასაღუპავად, რომ ის მახინჯი და ხეიბარი დაიბადება, ან შესაძლოა დედა შეაშინონ, რომ მშობიარობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. უამრავი შემთხვევა იყო, როცა მორწმუნე ან უბრალოდ ზნეობრივ ქალს უარი უთქვამს აბორტზე, ხშირად ეს პროგნოზები საერთოდ არ გამართლებულა: ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაბადებულა. ამასთან, ექიმს არასწორი დიაგნოზისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მაგრამ ზემოთქმული უფრო ურწმუნო ადამიანებს ეხებათ. ქრისტიანისთვის ჯანმრთელი და სნეული ბავშვი ერთნაირად ძვირფასია. ის ეკუთვნის ღმერთს, რომელიც საგანძურივით აბარებს მშობლებს თავიანთ შვილს და პასუხსაც მოსთხოვს მისთვის. სულთმობრძავის მოკვლაც კი იკრძალება მისი ტანჯვისგან ხსნის მიზნით, ხოლო ამ შემთხვევაში ბავშვის ავადმყოფობა ოჯახის საერთო უბედურებად კი არ აღიქმება, რომელშიც ბრალი მშობლებსაც მიუძღვით, ბავშვისადმი მეტი სიყვარულის მიზეზად კი არ იქცევა, არამედ მის სასიკვდილო განაჩენად. სავარაუდო ავადმყოფობის გამო ბავშვების ხოცვა ნუთუ ნაკლები დანაშაულია, ვიდრე სატანისტების მიერ საავადმყოფოს გადაწვა სნეულებთან ერთად? რატომ ეწოდება პირველს წინდახედულობა, ხოლო მეორეს - ბოროტმოქმედება? უფალმა მოწყალების ერთ-ერთ მცნებად სნეულთა მოვლა დაასახელა, რისთვისაც ადამიანმა, შესაძლოა, ცოდვათა მიტევება და საუკუნო ცხოვრება მიიღოს ჯილდოდ. ბავშვი ავადმყოფიც რომ დაიბადოს, მშობლებს მუდამ ექნებათ შესაძლებლობა, სახლშივე აღასრულონ ღვთის მცნება: სნეულს მოუარონ და ამით სიყვარულის სათნოება შეიძინონ. ასე რომ, ბავშვის ავადმყოფობა შეიძლება ცხონების გზად და ხიდად იქცეს.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია