ყველგან გაისმის სიტყვა „მშვიდობა", მაგრამ ეს სიცრუეა, ამაზრზენი თვალთმაქცობაა, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხეცური გრიმასაა. ჩვენს ირგვლივ დაუნდობელი და განუწყვეტელი ომი მძვინვარებს, რომელმაც არ იცის ზავი და დასასრული, რომელშიც არავინ იმარჯვებს და არავინ მარცხდება... მასში მონაწილეობენ მხოლოდ ჯალათები და მათი მსხვერპლნი. ამ ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა, განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ცივილიზაციით, კულტურითა და პროგრესით ამაყობენ. ეს ომი არაადამიანური, მეთოდური ხოცვა-ჟლეტაა, გენოციდია, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ უნახავს. ეს არის მშობელთა ომი მათივე შვილების წინააღმდეგ. ეს არის ომი, რომელშიც სისხლი ნიაღვრებად მიედინება, რომელშიც მკვლელობას წამება ერწყმის. ამ სასაკლაოზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი მსხვერპლი იწირება. თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეული თვალთმაქცობით ჩადენილ ამ საქციელს რატომღაც თავისი ნამდვილი სახელი კი არ ჰქვია - „უდანაშაულოთა და დაუცველთა მკვლელობა"; „ჯალათთა სადიზმი საკონცენტრაციო ბანაკებში"; „დაკანონებული უფლება მკვლელობასა და დანაშაულზე", არამედ ეს ბოროტმოქმედება შეფარული და შენიღბულია ბუნდოვანი და უსინდისოდ თვალთმაქცური ტერმინით - „აბორტი", ანუ „გარეთ გამოყრა", თითქოს საქმე ეხება სანაგვეზე გადასაყრელ, სახლისთვის უვარგის ხარახურას და არა ცოცხალ არსება - ბავშვს.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში წელიწადში შვიდი-ცხრა მილიონი აბორტი კეთდება და ეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრირებული რაოდენობის მაჩვენებელია. ფარულად გაკეთებული აბორტების რიცხვი აღრიცხვას საერთოდ არ ექვემდებარება. მეორე მსოფლიო ომმა უამრავი ხალხი იმსხვერპლა, მაგრამ იმავე დროში მშობლების მიერ დახოცილ ბავშვთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ბრძოლის ველზე დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვს. თანამედროვე კაცობრიობის ცხოვრების ეს ბნელი მხარე საუკეთესოდ ცხადყოფს, რომ ცივილიზაცია დაუნდობლობის ესკალაციად იქცა. ყველგან გაისმის მშვიდობისკენ მოწოდება, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არა მარტო გრძელდება, არამედ უფრო მეტად მძვინვარდება ეს სისხლიანი ომი, რომელმაც მსხვერპლის რაოდენობით ჰუნებისა და მონღოლების შემოსევას, ბოროტმოქმედებით თემურ ლენგსა და შაჰ-აბასს, ხოლო სისასტიკით საკონცენტრაციო ბანაკებისა და ჯურღმულების ტირანებსა და ჯალათებს გადააჭარბა. ამ უხილავი ომის მსხვერპლი გაცილებით დიდია, ვიდრე ყველა ომის, მკვლელობისა და ძალადობისა - ერთად აღებული. ამ დანაშაულით არა მხოლოდ ღვთის ნების უგულვებელყოფა ხდება, არამედ ადამიანის ყველა უფლება ილახება.
ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშობა ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია. ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ნაყოფი რთულად და მიზნობრივად რეაგირებს გარემო პირობებზე. ეს არსება ტკივილს განიცდის, მას სიცოცხლე სურს და, რაც ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარია, ადამიანის უკვდავი სული აქვს. მისი არასრულყოფილება მხოლოდ ის არის, რომ მისი სხეული - სულის ეს ინსტრუმენტი - ფორმირებული არ არის. კაცისკვლას დანაშაულად მხოლოდ იმიტომ თუ არ ჩავთვლით, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული ჯერ ზრდადაუსრულებელია, მაშინ მხცოვანთა და ავადმყოფთა მოკვლა უპირატესი უფლებით შეგვძლებია.
ამრიგად, აბორტის დაკანონება ყველა იმ ზნეობრივ და იურიდიულ კოდექსს არღვევს, რომელთა საფუძველი ადამიანთა უფლებების დაცვაა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, დაცული იქნას ადამიანის ნაყოფი, როგორც პიროვნება, ის, როგორც პიროვნება, განადგურებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა მკვლელობას შორის არ არსებობს. აბორტის დაშვება ან დაუსჯელობა მშობლებს ისეთ ტირანულ უფლებას ანიჭებს, ადამიანს ჯერ რომ არ ჰქონია, ანიჭებს უფლებას ტირანისა, რომელსაც შეუძლია თავისი სურვილით მოკლას ან ცოცხალი დატოვოს თავისი ქვეშევრდომი. აბორტის დაუსჯელობა და იმ ზნეობრივი და იურიდიული კანონების უქონლობა, რომლებითაც ნაყოფი და სიცოცხლეზე მისი ხელშეუვალი უფლება დაცული იქნება, ყველა დეკლარაციას ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შესახებ თვალთმაქცობად და უაზრობად აქცევს.
მშობლები არა მხოლოდ ტირანები, არამედ საკუთარი შვილების ჯალათები ხდებიან.
უდანაშაულოს მოკვლა მკვლელობის ყველაზე საძაგელი და ამაზრზენი სახეა, ამიტომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უდანაშაულო ჩვილის მოკვლა, გარკვეულ ვითარებასა და სიტუაციაში ნებისმიერი სხვა მკვლელობის ჩამდენნიც არიან.
ძველ მსაჯულთა აფორიზმი გვასწავლის: „სჯობს გაამართლო ათი დამნაშავე, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო", აბორტის დროს კი უდანაშაულო ბავშვი ისჯება სიკვდილით, თანაც როგორ! ის ცოცხლად იგლიჯება ნაკუწებად. ამგვარი მკვლელობის ჩადენა მხოლოდ გაქნილ სადისტს თუ შეეძლო, როგორიც იყო, მაგალითად, ნერონი ან კალიგულა.
უწინ ჯალათებს ხელსაც არ ართმევდნენ, თორემ სუფრასთან ვინ დაისვამდა? სამაგიეროდ, ჩვენი დროის ჯალათებს - შვილთა მკვლელ მშობლებს - და ექიმებს - პროფესიონალ მკვლელებს - საზოგადოება არც კი კიცხავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება მკვლელობის თანამონაწილეა. ცნობილი ავაზაკების - „მფატრავი ჯეკისა" და მისთანების სინდისზე ათობით ადამიანის მსხვერპლია, ხოლო თეთრხალათიანი განგსტერების კისერზე რამდენიმე ასეული და ათეული უდანაშაულოს სისხლია. ისინი მათი ხელით მოკლულ ბავშვებთან ერთად დიდ ორმოში რომ ჩაეყარათ, ჩვილების სისხლში ჩაიხრჩობოდნენ. ექიმის ვალია, მტერსაც კი გაუწიოს დახმარება, ახლა კი იგი დაქირავებული მკვლელი გამხდარა. ამიტომ ჩვენ მოგიწოდებთ, აბორტის გამკეთებელი ექიმები გამოცხადდნენ ერის მტრებად და ბოროტმოქმედებად მთელი კაცობრიობის წინაშე. ჩვილების მოკვლა დანაშაულია საღმრთო და ადამიანთა სამართლის წინაშე, ოჯახისა და ცოლქმრობის იდეის წინაშე, თვით ადამიანის ბუნების წინაშე, საკუთარი ერისა და მთელი კაცობრიობის წინაშე.
ჩვილების მოკვლა ეგოიზმის, სისასტიკის, მხდალობისა და თვალთმაქცობის შენადედია.
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ოჯახი პატარა ეკლესიაა, აბორტი მას ავაზაკთა ხროვად აქცევს. ოჯახი ურთიერთდახმარება და უფლებათა ერთობაა ამქვეყნიურ და საუკუნო ცხოვრებაში. აბორტის განზრახვის დროს ადამიანები დანაშაულისკენ, ზნეობრივი სიკვდილისკენ უბიძგებენ ერთმანეთს, მეგობრობისა და მეუღლეობის ნაცვლად ერთიმეორეს სასტიკ მტრობას უწევენ. ოჯახი ურთიერთსიყვარულია. განა შეიძლება, საკუთარი შვილის მკვლელი უყვარდეს ადამიანს, თუნდაც ორივე მშობელს მიუძღოდეს ბრალი? დანაშაული და ადამიანის სისხლი არასოდეს აერთიანებს, ის მხოლოდ აცალკევებს, ამიტომ განქორწინებების რაოდენობა აბორტების რიცხვის პირდაპირპროპორციულია. შვილის მკვლელობა აყალბებს ცოლ-ქმარს შორის არსებულ რთულ, მრავალმხრივ ურთიერთობას და იგი ცარიელ სექსამდე დაჰყავს, რომელსაც არც ბედნიერების მოტანა შეუძლია და არც სულიერი სითბოს მოცემა. ამ კულტად ქცეულ სიამოვნებაში არის რაღაც სასტიკი და ამაზრზენი.
დამტკიცებულია, რომ შვილებზე მემკვიდრეობით გადადის მშობლების არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი თვისებებიც. დედ-მამის ემოციური ცხოვრება გენეტიკურ კოდში აისახება და მათ შვილებს მიდრეკილებათა სახით გადაეცემათ. მშობლებმა, რომლებმაც საკუთარი შვილის მკვლელობა უკვე შემოიტანეს გენეტიკურ ფონდში. ეს მიდრეკილება იმ მომავალი ბავშვების ფსიქიკას დაამძიმებს, რომლებიც მათი ძმებისა და დებისგან განსხვავებით, ცოცხლები დარჩებიან. ზოგჯერ სულიერი თვისებები პირდაპირ კი არ გადადის, არამედ შემდეგ თაობაში ვლინდება. ამიტომ მშობლების მიერ ჩადენილი მკვლელობა დანაშაულია არა მხოლოდ მოკლული ბავშვის მიმართ, არამედ ყველა იმ შვილის წინაშეც, რომლებსაც მომავალში ისინი მაინც დაბადებენ. ასეთი მშობლები თვითონ გადასცემენ საკუთარ შვილებს სისასტიკის პოტენციალსა და მკვლელობისადმი ქვეცნობიერ მიდრეკილებას. ხშირად ისინი თავად ხდებიან ამ სისასტიკის მსხვერპლნი და შემდეგ უკვირთ, რატომ ხდება მათ თავს ამგვარი „უსამართლობა". ჩვილის მკვლელობა მარტო ზნეობრივი დაცემა და ადამიანის დეგრადაცია როდია, ქრისტიანისთვის ის უკვე ცოდვით დაცემის საშინელ უფსკრულად იქცევა. ბიბლიაში ნათქვამია: „არა კაც-ჰკლა". ეს მცნება ადამიანის ღმერთთან კავშირის უცილობელი პირობაა. ამ მცნების დარღვევით ადამიანი თვითონ განეშორება უფალს და უღმერთოდ რჩება.
ჩვილის მკვლელობა მხოლოდ ფიზიკურ სიკვდილს არ ნიშნავს. სხეულთან ერთად საუკუნო სიკვდილს ეზიარება მისი სულიც, რადგან ნათლისღების გარეშე ის პირველქმნილი ცოდვით აღბეჭდილი რჩება. ის თითქოს ბრმა იბადება მარადისობაში.
კართაგენში იდგა კერპი, სახელად მოლოქი. იგი სულ სპილენძითა და ვერცხლით იყო ნაკეთები. მასში ცეცხლს ანთებდნენ. გავარვარებული კერპის გამოწვდილ ხელებზე აწვენდნენ ჩვილებს, რომლებიც ნებაყოფლობით მიჰყავდათ საკუთარ მშობლებს. ჩვილის მკვლელობა დემონისათვის შესაწირ უდიდეს მსხვერპლად ითვლეობდა. ბავშვების შემზარავი კვნესისა და კივილის ჩასახშობად ქურუმები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მღეროდნენ და როკავდნენ. მოლოქი სიმდიდრის ღმერთად ითვლებოდა. ფუფუნებისა და ვნებით ტკბობის, ჰედონიზმის ამ დემონს ახლაც სწირავენ ბავშვებს მსხვერპლად.
ქანანელ ტომთა განადგურებას დავით მეფსალმუნე ღვთის რისხვად მიიჩნევს. ისინი ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გამო დაისაჯნენ. შუა საუკუნეების მაგიურ რიტუალებში კულმინაციური პუნქტი ჩვილის მკვლელობა იყო, ამიტომ, მისტიკური თვალსაზრისით, აბორტები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საყოველთაო ჰეკატომბა. ეს განუწყვეტელი მოხმობაა დემონისა და აბორტის ცოდვით შებღალულ ადამიანებს ისიც განუყრელად თან სდევს.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია