ღვთისათვის სათნოა და მაცხოვნებელ ტრადიციას სტუმართმოყვარეობისას ავსებს ახლობელთა მონახულების, ანუ სტუმრად სიარულის არანაკლებ მნიშვნელოვანი ტრადიცია.
რა საქმე შეიძლება დაგეგმოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ხარების ან უფლის ფერისცვალების დღესასწაულისათვის? ასეთ დღეებში, საეჭვოა, ვინმემ ბაროს ან თესოს, რეცხოს ან აშენოს. იგი თავისუფალი უნდა იყოს ასეთი სამუშაოსაგან. ეს ეკლესიური ლოცვის, კეთილი საქმეებისა და მოწყალების დღეებია. ვინმე იკითხავს: განა ზემოთ ჩამოთვლილი საქმეები ღვთისათვის სათნო არაა? უეჭველად სათნოა, მაგრამ სხვა დღეს. დღესასწაული კი უფალს ეძღვნება. ყოველკვირეული დღესასწაულია კვირა. მეოთხე მცნება ბრძანებს: „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი. ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმეი შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა".
დღესასწაულის ნაწილი, წირვა-ლოცვაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, სასურველია, ახლობლებთან ურთიერთობას დავუთმოთ. მივიღოთ მიწვევა და წავიდეთ სტუმრად, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული.
ერში მცხოვრებ ადამიანს, მით უფრო დღეს, უჭირს შეინარჩუნოს თავისი ეკლესიურობა მრევლთან ურთიერთობის გარეშე. იგი თითქოს შეუმჩნევლად ცივდება, ითქვიფება ან გადაგვარდება ეკლესიურობის რაღაც პირადი ინტერპრეტაციით, ანუ ვიღებთ ეკლესიურობას, „როგორც მე მესმის" და მარილიც განქარდება... „თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი. უკეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითა - მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ" (მათე 5, 13).
როგორ შევინარჩუნოთ მარილი - სიბრძნე და ჭეშმარიტება ქრისტიანობისა?
ამაში ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება. უპირველესად ლოცვა და საიდუმლოებებში მონაწილეობა, რომელიც გვაერთიანებს ქრისტეს ეკლესიაში. წმ. წერილისა და გადმოცემების კითხვა გვეხმარება არ დავკარგოთ ქრისტიანული ორიენტირი. ურთიერთობა ერთმორწმუნეებთან განგვიმტკიცებს რწმენას, გვმოძღვრავს, გვაფრთხილებს და გვიცავს შეცდომებისაგან.
სტუმრად ყოფნისას, ოჯახურ ატმოსფეროში, ხშირად გამოითქმება გულწრფელი აზრები, წარმოიშობა კითხვები, რომლებიც აშფოთებენ სულს და რომელთა სიმრავლისა თუ „უბრალოების" გამო ვერ გადაგვიწყვეტია სასულიერო პირის შეწუხება.
სტუმრად, სუფრასთან, ადამიანები ადვილად ეცნობიან ერთმანეთს. ზოგჯერ წლების მანძილზე ვიცნობთ ადამიანს, ვესალმებით, მოვიკითხავთ, მაგრამ ეს წლები არ იძლევა დაახლოების საშუალებას. სუფრასთან კი ეს სიშორე მოულოდნელად შეიძლება შემცირდეს და ახლო მეგობრებად ვიქცეთ.
უნდა შევნიშნოთ, რომ თუკი ეკლესიის მრევლი არ იკრიბება სუფრასთან დღესასწაულების აღსანიშნავად, ცხადია, არა ჭამა-სმისა და უწესო მხიარულებისათვის, არამედ როგორც თანამოაზრენი სულის გადარჩენისათვის ბრძოლაში, მაშინ მათ ტაძრის გარდა სხვა არაფერი აკავშირებთ.
თუკი სტუმრად სიარული არამარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა, სტუმრად უნდა წავიდეთ.
ყოველ ადამიანს თავისი ხასიათი და ჩვევები აქვს. ყოველ სახლს - თავისი წესრიგი და თავისებურებები. სხვის სახლში უხერხულია მასპინძელს ჩვენი ჩვეულებები მოვახვიოთ თავს. მშვიდი, მხიარული გარეგნობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახლში პრობლემები არაა. ამიტომ სტუმრად ყურადღებიანი და ფრთხილი უნდა ვიყოთ, რათა უნებლიედ არ დავარღვიოთ სიმშვიდე იმ სახლსა თუ საზოგადოებაში, სადაც ვიმყოფებით. „მნებავს თქვენი, რაითა ბრძენ იყვნეთ კეთილისათვის" (რომ. 16, 19) - ბრძანებს მოციქული. უადგილო შენიშვნა, რჩევა ან ხუმრობა, შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს ოჯახური მყუდროებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილი განზრახვით ითქვა.
ნიჭი იმისა, რომ არ შევიმჩნიოთ ცოდვა ან ნაკლი, გაცილებით მეტად ფასობს სტუმარში, ვიდრე მამხილებლის მახვილი თვალი.
სუფრასთან ადგილის შერჩევისას შეიძლება გავიხსენოთ სახარებისეული იგავი: „რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დაჯდები პირველსა საინახესა. ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყო ჩინებული მისგან; და მოვიდეს, რომელმან - იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ - ეს ამას! მაშინ იწყო სირცხვილით უკანასკნელსა ადგილსა დაპყრობად" (ლკ. 14. 8-9).
თუ ისეთ სახლში აღმოჩნდებით, სადაც არ მარხულობენ, ნუ შეაწუხებთ მასპინძელს საეკლესიო განაწესის ქადაგებით, მიუჯექით სუფრას, შეარჩიეთ რაიმე სამარხვო და შეეცადეთ, არ მიიქციოთ ყურადღება.
მარხვის დღეებში, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ ჩვენს საპატივცემულოდ გაშლილი სახსნილო სუფრის გამო, მაგრამ ესეც არაა მიზეზი იმისათვის, რომ მარხვა გავტეხოთ: „ყველა ადამიანი, ვინც და როგორიც არ უნდა იყოს იგი, მანამ უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ეს სიყვარული თანხმობაშია ღვთის სიყვარულთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის სიყვარულმა ღვთის სიყვარულს უნდა დაუთმოს ადგილი" (წმ. ტიხონ ზადონელი). ამავე დროს, საჭიროა, როგორმე დავამშვიდოთ კეთილი მასპინძლები, შევნიღბოთ ეს უხერხულობა სასიამოვნო საუბრით.
ჩვენ შევეხეთ საუბარს, იგი ხომ სუფრის „მთავარი კერძია", მაგრამ მოციქული გვაფრთხილებს მოსალოდნელი ფუჭადმეტყველების გამო: „ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ტომის რაცხათა და ხდომათა და ლალვათა შჯულისათა განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო" (ტიტ. 3, 9).
ჩვენი დრო იმითაა განსაკუთრებული, რომ ეკლესიაში ბევრი ახალი ადამიანი მოვიდა. მათ აქვთ სურვილი იცხოვრონ რელიგიური ცხოვრებით, მაგრამ ყოველთვის არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. უჭირთ მოძღვრის უბრალო რჩევის შესრულებაც კი. ასეთ ადამიანებს ეკლესიური მეგობარი და ცხოვრებისეული მაგალითი სჭირდებათ. ამავე დროს, ეს ყველაფერი საჭიროა არა მარტო გამოუცდელი ადამიანისათვის, არამედ იმისთვისაც, ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იცის სულის გადარჩენის შესახებ.
ხდება ხოლმე, რომ ნათლობის შემდეგ ზოგიერთი ქრისტიანი თავის რელიგიურობას მხოლოდ ეკლესიაში სანთლის დასანთებად იშვიათად შევლითა და ღმერთსა და რელიგიაზე ლიტერატურულ-ფილოსოფიური კამათით გამოხატავს. ასეთ სულიერ ინფანტილიზმში ყოფნა წლების მანძილზეა შესაძლებელი, ზოგჯერ კი სოცოცხლის ბოლომდეც. ისევ და ისევ ეკლესიურ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოწვევა და მათთან სტუმრობა, ცოცხალი მაგალითი ღვთისმოსავი ადამიანის ცხოვრებისა, შეიძლება აღმოჩნდეს საკურნებელი ამ სენით შეპყრობილთათვის.
შევნიშნავთ, რომ ეკლესიურ ადამიანებშიც შეიმჩნევა არაბუნებრივი რელიგიური აღტკინება ან სენტიმენტალიზმი. ეს მდგომარეობა რელიგიური რომანტიზმისა, ასევე ურთიერთობითა და მაგალითით იკურნება.
ჩვენი დრო გახშირებული ტყუილების დროა. მდიდარია სიცრუით, რომელსაც ქადაგებენ ზოგიერთი ე.წ. „რელიგიური" და „ქრისტიანული" გადაცემები, წიგნები, საგაზეთო წერილები. მაცხოვარი გვაფრთხილებს: „მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყველნი აღდგნენ და აცდუნებდნენ მრავალთა" (მათე 24, 11).
ჩვენი დრო განხეთქილების, ერესების, სექტების დროა. დღეს უფრო მეტად გვჭირდება ერთად ყოფნა. იქ, სადაც ჩვენ ვიკრიბებით უფლისათვის, სიცრუე იფანტება, რადგან მაშინ ღმერთია ჩვენს შორის.
განსაკუთრებით საჭიროა ერთმანეთთან სტუმრობა და თანადგომა მწუხარების მძიმე დღეებში, მაგრამ არა მხოლოდ იმისათვის, რომ ერთად ვიტიროთ, არამედ იმისათვის რომ არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, ვიდრე არსებობს ეკლესია, ვიდრე გვაქვს წმ. საიდუმლოებანი: აღსარება და ზიარება - გვაქვს მიზეზი სიხარულისათვის. მართალია, ამისათვის ყოველთვის არ გვყოფნის სულიერი ძალები, მაგრამ სწორედ მეგობრული თანადგომა გვეხმარება მწუხარების დაძლევაში.
როგორც ღვთისადმი სიყვარული გულისხმობს მისდამი დამოკიდებულებას, ასევე სიყვარული მოყვასისადმი გამოიხატება მისდამი დამოკიდებულებაში. ანუ ესაა ჩვენი მონაწილეობა სიხარულში და თანადგომა უბედურების ჟამს.
მოციქული გვასწავლის: „გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა" (რომ. 12, 15). ამიტომაც, თუკი ლხინზე მიგიწვიეს - იჩქარე, თვით ღმერთი გაგზავნის შენ მოყვასის სიხარულის გასაზიარებლად. მეგობრულ ტრაპეზზე თვითონ უფალი სუფევს ჩვენს შორის, ვინაიდნ აღგვითქვა: „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18, 20).
Xareba.net - ის რედაქცია