ბიბლიისა და წმინდანთა ცხოვრების შემდეგ სასარგებლოა იმ წიგნების კითხვა, რომლებშიც აღწერილია წმინდა ადგილები. წაიკითხავ ასეთ წიგნს და სული ხარობს.
სასარგებლოა ასევე ისეთი წიგნების კითხვა, რომლშიც წერია, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ძველად. საიდან მოდის ჩვენი მამული, ვინ ბატონობდა და მეფობდა მასში; რა კეთილი ჩვევები ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს და როგორი გადმოცემა და წესები გვიანდერძეს ჩვენ: ღვთივსათნოდ ვიცხოვროთ; გვიყვარდეს და პატივს მივაგებდეთ მეფეს; ვემსახუროთ მას რწმენითა და სიმართლით; არ შევარცხვინოთ ჩვენი მიწა უღირსი საქმეებით და ვიყოთ ჩვენი, მართლმადიდებელი დედა ეკლესიის ერთგული შვილები.
თუ წიგნებში წერია ყოველივე ამის შესახებ, მაშინ შეგვიძლია ისინი ვიკითხოთ ღვთის სადიდებლად. არ ითვლება ცოდვად ისეთი წიგნების კითხვაც, რომლებშიც შეიძლება ვიპოვოთ საჭირო რჩევა-დარიგება ცხოვრებისეულ საკითხებზე. მაგრამ არის წიგნები, რომელსაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ყველანაირად უნდა მოერიდოს. ესენია სხვადასხვა სასაცილო მოთხრობები, სიზმრების განმარტებები, ნათელმხილველთა სწავლებანი და მსგავსი, სულისათვის მავნე წიგნები. (ასევე ჰოროსკოპები, წიგნები ჯადოებზე, მაგიებზე, სპირიტიზმზე, სხვადასხვა სექტებისა და იოგების მწვალებლური სწავლებანი, პორნოგრაფია, სექსოლოგია და სხვ. - რედ). მათ მიეკუთვნება აგრეთვე სხვადასხვა უღმერთოთა თხზულებები, რომლებსაც არც ღმერთი სწამთ, არც მეფეს მიაგებენ პატივს და არც კანონების ცოდნა სურთ. ასეთი წიგნები, რომც აჩუქონ, მართლმადიდებელმა ქრიტიანმა არც უნდა წაიკითხოს, არამედ პირდაპირ ცეცხლში უნდა შეაგდოს.
... რამდენადაც შესაძლებელია, ძმებო, განვავითაროთ ჩვენში სასულიერო - ზნეობრივი წიგნების კითხვისა და მოსმენის სიყვარული. ის მიგვიყვანს ჩვენ ღმერთთან, გამოგვაფხიზლებს, განწმენდს ჩვენს გონებასა და გულს ამსოფლიურ ვნებათაგან (მისწრაფებათაგან).
წიგნიდან „ქრისტიანის მეგზური"
Xareba.net - ის რედაქცია