საჭიროა შეურყეველი დგომა მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად
არასოდეს, შესაძლოა, წარმართთაგან დევნის პერიოდშიც კი, არ ყოფილა ქრისტეს ეკლესია ესოდენ მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს, თითქოსდა მშვიდობიან დროს. მას მრავალი შიდა და გარეშე მტერი ემუქრება. ეკლესიის გარე მტრებში სექტები და განხეთქილებები, ხოლო შიდა მტრებში გარეგნულად ერთობაში მყოფნი, მაგრამ სარწმუნოებრივ საკითხებში უკვე სხვაგვარად მოაზროვნენი იგულისხმებიან. ყურადსაღებია, რომ უკანასკნელნი, შესაძლოა, პირველებზე საშიშნი აღმოჩნდნენ. ეკლესიური სწავლებისადმი ნაწილობრივი მინდობით ისინი იოლად ებმებიან ერეტიკოსების მიერ გაბმულ მახეში და ამგვარი რამ შეიძლება მათთვისაც შეუმჩნეველი დარჩეს. რამოდენიმე ხანს ისინი საკუთარ თავს კიდევ მიიჩნევენ მართლმადიდებლებად, მაგრამ შემდეგში, განმტკიცებულნი ამ ცრუ აზრებში, თვით ეკლესიას დასდებენ ბრალს საკითხის არასწორ გაგებაში, რითაც ეკლესიის ერთგულ ადამიანებსაც გადაიბირებენ. აი ამიტომ, საჭიროა შეურყეველი დგომა სადარაჯოზე მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად.
წმიდა წერილი არის მახვილი სულიერი, „უმკვეთლეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორპირისა"
დღეს ზოგიერთი საზოგადოება წმიდა წერილის გავრცელებით არის დაკავებული, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ექცევა ყურადღება ეკლესიის მიერ აუცილებელ საჭიროებად მიჩნეულ წმიდა წერილის მართლმადიდებლურ განმარტებებს. ამგვარი ცალმხრივი მიდგომა ამ საკითხებისადმი არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას. ჯერ კიდევ პეტრე მოციქული შენიშნავს, რომ „არიან ძნიად საცნურ რაიმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებლნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა" (2 პერ. 3, 16). წმიდა წერილი, პავლე მოციქულის სიტყვით: არის მახვილი სულიერი და თან „უმკვეთლეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორპირისა" (ებრ. 4, 12).
ყოველი მწვალებლობა, ცრუსწავლება და განხეთქილება იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანი ვერ წვდება წმიდა წერილის ჭეშმარიტ არსს. წაიკითხავს ადამიანი ერთ სტროფს სახარებიდან და იწყებს თვითნებურ განმარტებას, შემდეგ ეკლესიას განეშორება და ახალი მწვალებლობის ფუძემდებლად გვევლინება. საჭიროა კი მაგალითის მოყვანა? გაიფიქრა არიოზმა თითნებური განმარტება მაცხოვრის სიტყვებისა „მამა უფროს ჩემსა არს" და ღვთისმგმობ ერესში ჩავარდა: ძე ღვთისას, ერთარსს მამისას, ქმნილება უწოდა, რისთვისაც პირველ მსოფლიო კრებაზე ანათემას მიეცა. და კიდევ რამდენი იყო და არის ასეთი ჭკუაშეშლილი თვითნება წმიდა წერილის განმმარტებელი!
რა გავაკეთოთ, რათა არ ვცდუნდეთ წმიდა წერილის განმარტებაში?
როგორ მოვიქცეთ, როგორ ვისწავლოთ ორლესული მახვილის ფლობა? - უპირველესად გახსოვდეთ, რომ ცხონდებით მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიაში ყოფნითა და ეკლესიური ცხოვრებით.
ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ცხონდება მხოლოდ ის, ვისი თავიც ქრისტეა. ხოლო ქრისტე იმათი თავია, რომელნიც მის სხულში - ეკლესიაში იმყოფებიან. ეკლესიაში, რომელიც არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3, 15).
„გინდა ცხონება? - გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, - იყავი ეკლესიაში და ის არ გაგცემს შენ". გახსოვდეს: „ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, - ამბობს წმ. კიპრიანე კართაგენელი - მისთვის არც ღმერთია მამა".
აი რა გვიანდერძეს წმ. მამებმა და ეკლესიის მასწავლებლებმა. მათ სწავლებებში ჩვენ ვპოულობთ პასუხს კითხვაზე: რა ვაკეთოთ, რათა არ ვცდუნდეთ წმიდა წერილის განმარტებაში?
სანამ ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიურად, მანამდე მისთვის ღვთის სიტყვაც უცხო ენაზე დაწერილ წიგნს ემსგავსება
მყარად გეპყრას დედა ეკლესიის სწავლება. როდესაც წმიდა წერილში რაიმე შენთვის გაუგებარი შეგხვდება, პასუხი არა საკუთარ აზრებში, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში ეძიე.
წმიდა მამები ისე განმარტავენ წმიდა წერილს, როგორც ამას წმიდა მოციქულები ასწავლიდნენ. პეტრე მოციქული თავის მეორე ეპისტოლეში განუმარტავს თავის მოწაფეებს „ძნიად საცნაურ" ადგილებს პავლე მოციქულის ეპისტოლედან. და თუ რაოდენ მკაცრად იცავდნენ წმიდა მამები და ეკლესიის მასწავლებლები ყოველივეს, რაც მოციქულთაგან მიიღეს, თავად მათი ნაწერებიდან იხილე.
ასე მაგალითად წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს, რომ მოციქულთა გარდამოცემის უცოდინარნი ვერ შეიცნობენ ჭეშმარიტებას მხოლოდ წმიდა წერილიდან.
წმ. კლიმენტი ალექსანდრილი ამბობს, რომ „ვინც განმარტავს წმიდა წერილს არა ეკლესიის გარდამოცემის მიხედვით, არამედ თვითნებურად, მათ დაკარგეს ჭეშმარიტება".
„მხოლოდ მაშინ შეწყდება ადამიანთა ცდომილებანი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე კართაგენელი, - როდესაც ღვთის სიტყვას გადმოცემის მიხედვით განმარტავთ".
წმიდა წერილის სწორი გაგების მსურველთათვის საერთო წესი არსებობს: იცხოვრე ეკლესიაში, იაზროვნე ეკლესიურად, ეკლესიაში ჰპოვე პასუხი შენს ყოველ შეკითხვაზე, დაიმდაბლე შენი გონება ეკლესიისადმი მორჩილებით. „ვინც არ არის ეკლესიის წევრი, - ამბობს წმიდა ილარი, - მას არ ძალუძს ღვთის სიტყვის სწორი გაგება". ღვთის სიტყვა არის სიტყვა ჭეშმარიტ ცხოვრებაზე, ხოლო მადლმოსილი ცხოვრება ეკლესიის გარეთ არ არსებობს! აი ამიტომაც ღვთის სიტყვა „წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ცხორებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს". სანამ ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიურად, არ ასრულებს ქრისტეს მცნებებს, მანამდე მისთვის ღვთის სიტყვაც თითქოსდა უცხო ენაზე დაწერილ წიგნს ემსგავსება.
ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც შეუცვლელად იცავს წმიდა გადმოცემას. დღესაც ეკლესიის საჭიროებისამებრ არსებობენ გამოცდილი მამები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ღვთის სიტყვის ეკლესიურ განმარტებაში. ამგვარად, ჩვენი დროის სულიერი სიდუხჭირის მიუხედავად, ეკლესია შეურყევლად იცავს წმიდა გადმოცემას და კვლავაც განავრცობს იმ სწავლებას, რომელიც მოციქულთაგან მივიღეთ საცხოვნებლად. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როდესაც აზრდაუსრულებელი და საეჭვო ამ საკითხში არ უნდა არსებობდეს.
მთავარეპისკოპოსი ნიკონი (როჟდესტვენსკი) 1906 წ.
Xareba.net - ის რედაქცია