ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ნაბრძანები აქვს, ხშირად ეზიაროს. ამას გვიბრძანებენ: 1. უფალ იესო ქრისტეს მცნებები; 2. საქმე მოციქულთა და წმინდა კრებათა კანონები, წმინდა და ღმერთშემოსილი მამები; 3. წმინდა ლიტურგიის წეს-განგება, მღვდელმსახურება და თვით ლოცვის სიტყვები; 4. საკუთრივ წმინდა ზიარება.
უფალმა იესო ქრისტემ, ვიდრე ზიარების საიდუმლოს მოგვცემდა, გვამცნო: „... პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისათვის სოფლისა" (იოანე 6. 51); ანუ: საზრდელი, რომელიც მინდა მოგცეთ - ეს ჩემი ხორცია, რომელსაც ვაძლევ განსაცხოველებლად მთელს მსოფლიოს. ეს ნიშნავს, რომ საღმრთო ზიარება მორწმუნეთა სულიერი და ქრისტესმიერი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია; ხოლო სულიერი და ქრისტესმიერი ცხოვრება არასოდეს არ უნდა განელდეს, არ უნდა შეწყდეს (როგორც ამას მოციქული გვიბრძანებს: „სულსა ნუ დაივიწყებთ" (თესალ. 5. 19)), იგი მუდმივი და განუწყვეტელი უნდა იყოს, რათა ცოცხლები უკვე საკუთარი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ მათთვის მომკვდარისა და აღდგომილისათვის (იმავე მოციქულის სიტყვისაებრ (2 კორ. 5, 15)); სხვანაირად რომ ვთქვათ, მორწმუნეებმა თავიანთი პირადი, ხორციელი ცხოვრებით კი აღარ უნდა იცხოვრონ, არამედ იესო ქრისტეს ცხოვრებით - რომელიც მოკვდა და აღდგა ჩვენთვის, ანუ ქრისტესმიერი ცხოვრებით; ხოლო თუკი ქრისტემიერი ცხოვრება მუდმივი და განუწყვეტელია, აქედან უეჭველად გამომდინარეობს, რომ მუდმივი და განუწყვეტელი უნდა იყოს ისიც, რაც მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს - ანუ საღმრთო ზიარება.
და კიდევ, სხვა ადგილას, მაცხოვარი ბრძანებს: „ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა" (იოანე 6, 53). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ქრისტიანისთვის საღმრთო ზიარება იმდენადვე აუცილებელია, რამდენადაც აუცილებელია წმინდა ნათლისღება, რამეთუ ეს ორმაგი ბრძანება, რომელიც ნათლისღებასთან დაკავშირებით წარმოთქვა იესო ქრისტემ, წარმოთქვა ზიარებასთან დაკავშირებითაც. ნათლისღების შესახებ მან თქვა: „ამინ, ამინ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3, 5); ხოლო ზიარების შესახებ თქვა: „ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა". მაშასადამე, როგორც ნათლისღების გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება და ცათა სასუფეველის დამკვიდრება, ასევე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება საღმრთო ზიარების გარეშე; ხოლო რაკი ეს ორი საიდუმლო ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ნათლისღება მხოლოდ ერთხელ აღესრულება, ზიარება კი მუდმივად და ყოველდღიურად, აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საღმრთო ზიარება შეიცავს ორ აუცილებელ პირობას; პირველი: ის უნდა აღესრულებოდეს; და მეორე: უნდა აღესრულებოდეს განუწყვეტლივ.
ამასთან, როდესაც იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ზიარების საიდუმლოს აძლევდა, მას რჩევის სახით არ უთქვამს: „ვისაც სურს, ჭამოს ჩემი ხორცი და ვისაც სურს, სვას ჩემი სისხლიო", - როგორც, მაგალითად, თქვა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა..." (მათე 16, 24), ან: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო..." (მათე 19, 21); არამედ ბრძანების სახით თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი"; და - „სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი" (მათე 26, 26-28); ანუ: თქვენ აუცილებლად უნდა სჭამოთ ჩემი ხორცი და აუცილებლად უნდა სვათ ჩემი სისხლიო; აგრეთვე თქვა: „ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა" (ლუკა 22. 19); ესე იგი - ეს უნდა გააკეთოთ არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ, არამედ ყოველდღიურად (როგორც ამას ღვთაებრივი ოქროპირი განმარტავს), რათა იხსენიებდეთ ჩემს ვნებებს, ჩემს სიკვდილს და ჩემს მიერ კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლოს.
იესო ქრისტეს ეს სიტყვები ნათლად წარმოგვიდგენენ ზიარების საიდუმლოს ორ აუცილებელ მხარეს: პირველი მიუთითებს ბრძანების ვალდებულებაზე, რომელიც ჩანს ამ სიტყვებში, ხოლო მეორე - სიხშირეზე, რომელსაც გამოხატავს სიტყვა „ჰყოფდით"; აქედან გამომდინარე, ჩვენ გვევალება არა მხოლოდ ზიარება, არამედ განუწყვეტელი ზიარება.
მაშ ასე, ახლა ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანს, თუნდაც მაღალ ხარისხში მყოფს, არავითარი უფლება არა აქვს, უგულებელყოს მაცხოვრის ეს ბრძანება, არამედ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია შეასრულოს და დაიცვას იგი, როგორც სამეუფეო მცნება და დადგენილება.
ღვთაებრივი მოციქულები თავიანთი ქადაგების დასაწყისშივე გულმოდგინედ ასრულებდნენ ამ მცნებას. როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდათ, ისინი მორწმუნეებთან ერთად საიდუმლო ადგილას იკრიბებოდნენ (ისე, რომ იუდეველებს არ მიეგნოთ), დამოძღვრავდნენ ქრისტიანებს, ლოცულობდნენ; შემდეგ აღასრულებდნენ წმინდა მსხვერპლშეწირვას და ყველანი ეზიარებოდნენ. ამას გვიდასტურებს მოციქული ლუკა „საქმე მოციქულთაში". იგი ამბობს, რომ სული წმიდის მოფენის დღეს სამი ათასმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ - იღო; ისინი არ შორდებოდნენ მოციქულებს, რათა სულიერი სარგებელი მიეღოთ მათი ქადაგებებისგან, ელოცათ მათთან ერთად, ზიარებულიყვნენ წმინდა საიდუმლოს და განწმენდილიყვნენ ქრისტიანულ სარწმუნოებაში: „და იყვნენ განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა" (საქმე 2, 42).
მაცხოვრის ეს მეტად მნიშვნელოვანი გადმოცემა დროთა განმავლობაში დავიწყებისთვის რომ არ მიეცათ ქრისტიანებს, მოციქულებმა თავიანთ კანონებში - კერძოდ, მე-8 და მე-9 კანონში - შეიტანეს ის, რასაც თვითონვე აკეთებდნენ და მკაცრი სასჯელი და განკვეთა დააწესეს მათთვის, ვინც წირვის დროს წმინდა საიდუმლოს არ ეზიარებოდა.
„თუ ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი, ან სხვა სამღვდელო დასისაგანი წმინდა მსხვერპლის შეწირვის დროს არ ეზიარება, უნდა თქვას მიზეზი. თუ სწორი იქნება მიზეზი, შენდობა მიეცეს, თუ არ იტყვის, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას, რომ არ გახდეს ერისთვის ვნების მიზეზი და შემწირველში არ აღძრას ეჭვი".
„ყველა მორწმუნე, რომელიც შედის ეკლესიაში, ისმენს წიგნის კითხვას, მაგრამ, არ ელოდება ლოცვასა და წმინდა ზიარებას, როგორც უწესობის მოქმედი, უნდა დაისაჯოს უზიარებლობით".
ამ კანონის განმარტებისას ბალსამონი აღნიშნავს: „კანონის განჩინება ძალზე მკაცრია, რამეთუ იგი განკვეთს მათ, ვინც ეკლესიაში მოდის, მაგრამ ბოლომდე არ რჩება და არ ეზიარება". ამის მსგავსად, სხვა კანონებიც გვიბრძანებენ, რომ ყველანი მზად ვიყოთ ზიარებისთვის და ღირსეულად ვეზიარებოდეთ.
ამ მხრივ ანტიოქიის კრება კვალდაკვალ მიჰყვება მოციქულებს; პირველ რიგში, ის ადასტურებს მოციქულთა ზემო მოყვანილ კანონს, შემდეგ კი ბრძანებს:
„ყველა, ვინც შევა ღვთის ეკლესიაში, მოისმენს საღვთო წიგნებს, მაგრამ არ ეზიარება ერის საერთო ლოცვას, ან თავს აარიდებს წმინდა მადლობის ზიარებას (ევქარისტიას) უწესობის გამო, უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, სანამ არ აღიარებს (თავის შეცდომას), არ უჩვენებს სინანულის ნაყოფს და არ შეევედრება. ამგვარად მიიღებენ ისინი შენდობას".
ახლა ხომ ხედავთ, ძმანო, რომ ყველა ქრისტიანი უცილობელ განკვეთას ექვემდებარება? და რომ ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიაროს? რომ იგი ვალდებულია ეზიაროს ყოველ წირვაზე, რათა არ განიკვეთოს (უზიარებლობის შემთხვევაში) წმინდა მოციქულებისა და წმინდა კრებების მიერ? (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია