პირველი მცნება - „მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე"
რა მოვალეობანი გვაკისრია ამ მცნებით ღმრთის წინაშე?
პირველი მოვალეობა: ჩვენ უნდა გვქონდეს ღმრთის ჭეშმარიტი შემეცნება. გვაქვს კი ეს ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა? არა, ჩვენ არ გვაქვს მართალი გაგება ღმერთზე, ჩვენს რწმენაზე, მართლმადიდებლურ სწავლებაზე, ეკლესიაზე, რომლის წევრებადაც ვითვლებით წმიდა ნათლისღების შემდეგ.
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
თავს კიდევ იმით ვიმართლებთ, რომ არსაიდან გაგვიგია ეს მართალი სწავლება ღმერთზე, რომ ჩვენთვის არავის უსწავლებია და არც არავინ გვასწავლის ამას. თავის მართლების ამ სულისკვეთებით ვაღრმავებთ ჩვენს დანაშაულს, რადგან ეს არ არის მართალი. ჩვენ ძალზედ უყურადღებოდ და დაბნეულად ვცხოვრობთ, თავად არ გვსურს, შევიძინოთ საჭირო შემეცნება იმ წყაროებიდან, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია.
ვკითხოთ ჩვენს სინდისს, ძვირფასია თუ არა ჩვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ეკლესიაში? ვაყურადებთ კი ლოცვისა და გალობის სიტყვებს, რომლითაც ლოცულობს ეკლესია? აი, თქვენი სკოლა, აი, ყველაზე უსაჭიროესი, უჭეშმარიტესი ღმრთისმეტყველება, აი, ყველაზე აღმატებული ლოცვა და ყველაზე შთაგონებული განდიდება ღმრთისა.
ვასაზრდოებთ კი ყოველივე ამით ჩვენს გონებასა და სულს?
არა! უფალო, შეგვინდევ ჩვენ!
ჩვენ არ გვიყვარს ტაძარში ღმრთისმსახურების დაწყებისას მისვლა, მსახურების დროს ხალხის გარღვევას ვცდილობთ, თავს ვიყრით მესანთლესთან და ხმამაღლა ვლაპარაკობთ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდივართ. თავად არ გვესმის, რა იკითხება და იგალობება და სხვებსაც ხელს ვუშლით. ამ ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველების წყაროდან ვერაფერს ვიღებთ.
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
ზოგიერთები კი თავიანთ თავს ძალზე ნაკითხად და ყოვლისმცოდნედ მიიჩნევენ, ასეთები გაღიზიანებით და განკითხვით ისმენენ მღვდლის ქადაგებას: „რა არის, ერთსა და იმავეს რომ იმეორებსო", და გვავიწყდება, რომ მღვდელი, ამბიონზე მდგომი, თითქოს უფლის კარიდან გადაგორებულ ლოდზე იდგესო, არ შეიძლება ასეთი წმიდა ადგილიდან უსარგებლო სიტყვებს წარმოთქვამდეს, თვით ყველაზე უმნიშვნელო სიტყვაც კი, ამბიონიდან თქმული, ყოველთვის გვაწსავლის ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას!
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, შენი სიტყვის უარმყოფელებს!
ჩვენ არ ვკითხულობთ სულის მხსნელ წიგნებს, თავს ვიმართლებთ იმით, რომ ისინი ამჟამად არ იშოვება. აი, კიდევ ერთი ბოროტი თავის მართლება! ხოლო წიგნთა შორის აღმატებულს, წმიდა სახარებას კი ვკითხულობთ? სახარება ხომ ყველა ჩვენთაგანს აქვს და თუ აქამდე არ შეგვიძენია, ეს უდიდესი დაუდევრობაა. ვსწავლობთ კი ამ ცხოვრებიდან?! წმიდა ეკლესიამ დააწესა, რომ ყოველდღე სავალდებულოა კითხვა სახარებისა და სამოციქულოსი. დავუშვათ, რეგულარულად ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ ვინ გვიშლის ხელს, დღეგამოშვებით მაინც წავიკითხოთ თუნდაც ერთი თავი?! დღეს მონანულ მრავალ თქვენთაგანს ყურადღებით ერთხელ მაინც თუ წაუკითხავს სახარება, მოციქულთა საქმენი და ეპისტოლეები?!
შეგვინდევ ჩვენ, უფალო!
ჩვენ არა მარტო სახლში არ ვკითხულობთ სახარებას, არამედ ტაძარშიც არ ვისმენთ მას! მოკრძალებული მოქცევა ტაძარში ყოველთვის აუცილებელია, ხოლო წმიდა სახარების კითხვისას ყველა ერთ ადგილზე უნდა გაირინდოს და დახრილი თავით ყურადღებით უნდა მოისმინოს სახარების სიტყვები.
კიდევ, თუ ამ მონეტში გარეშეთ არ ვაწუხებთ (ასეთი რამ კი გვემართება - შეგვინდევ ჩვენ, უფალო), კარგია, თუ ამ დროს სანთლების გადაწოდებას არ ვიწყებთ და ამით სხვების ყურადღებას არ ვფანტავთ (შეინანეთ უფლის წინაშე, ვინც ამაშია დამნაშავე - უფალო, შეგვინდე ჩვენ). კარგია, თუ ამ დროს სანთლების გადაწოდებას არ ვიწყებთ და ამით სხვების ყურადღებას არ ვფანტავთ (შეინანეთ უფლის წინაშე, ვინც ამაშია დამნაშავე - უფალო, შეგვინდე ჩვენ). კარგია, თუ „ცარიელი" დროის შესავსებად არ ვიწყებთ სანთლების გასწორებასა და კანდლების ანთებას (ესეც ხშირად გვემართება - შეგვინდევ ჩვენ, უფალო).
კარგია, თუ გარშემომყოფთ არ ვაწუხებთ ფუჭი საუბრებით, ამითაც ვცოდავთ, უფალო! მაგრამ გარეგნულად თუ არ ვარღვევთ ამ მომენტს ღმრთისმსახურებისას, რამდენ ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ საგანგებო ყურადღებით ისმენს წმიდა წერილის სიტყვებს?! ხომ არ აირეკლავს თქვენი სმენა ამ სიტყვებს? იგი არათუ გულამდე, უბრალოდ, გონებამდეც ვერ აღწევს, რომელიც თავად სად გარბის, არავინ უწყის.
უფალო, შეგვინდე ჩვენი უყურადღებობა, კადნიერება, გონებაგაფანტულობა და გულცივობა, რომელსაც ვავლენთ ეკლესიაში ღმრთისმსახურების დროს, სახარების კითხვისას.
დღესვე, ახლავე მიეახლე სინანულით უფალს, მოინანიე ეს ყოველივე (ამისთვის არ გჭირდება დიდი ჭკუა ანდა განსაკუთრებული ღვაწლი). როგორც კი ტაძარში დაიწყება სახარების კითხვა, მაშინვე შეწყვიტე ყველა გარეშე საქმე, ყოველნაირი მოძრაობა, საგანგებო ყურადღებით ჩაწვდი სახარების სიტყვებს.
შეგვეწიე ჩვენ, უფალო!
თუ თქვენს გარშემო აღმოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სმენია დღევანდელ აღსარებაზე თქმული და არ იცის, როგორ დაიჭიროს თავი აღნიშნულ მომენტში, ნუ მისცემთ შენიშვნას გულისწყრომით. ხოლო ღმრთისმსახურების დამთავრების შემდეგ, თუკი მას დაიმახსოვრებთ, სიყვარულითა და მორიდებით აუხსენით, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახარების კითხვისას.
აი, ეს იქნება ქრისტიანული საქციელი!
არ ვკითხულობთ რელიგიურ-ზნეობრივი შინაარსის წიგნებს. ისინი, მართალია, ყველას არა აქვს და მათი შოვნაც ძნელია (დღევანდელისგან განსხვავებით მაშინ, როცა წარმოითქვა ეს ქადაგება, ეს პრობლემა მართლაც იდგა - რედ.), მაგრამ ჩვენს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც აქვთ ეს წიგნები, ოღონდ წიგნები თაროებზეა შემოწყობილი. მათი წაკითხვა ან ეზარებათ, ან ამისთვის არ სცალიათ: „ჯობს, მეტხანს ვიძინო!", ხოლო ცოტა უფრო განათლებულს გაზეთის კითხვა უფრო ეხალისება, ვიდრე სერიოზული სულიერი ლიტერატურისა. სხვა კი არც თვითონ კითხულობს და არც სხვებს აძლევს წასაკითხად: „რომ არ დაუბრუნონ, ანდა თავად რომ მოუნდეს სწორედ ამ დროს წაკითხვა?!". აი, როგორ გვძლევს სიძუნწე!
აქვე აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დიდი უგუნურებაა სხვისი სასულიერო წიგნების მითვისება. რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ჩვენ სულებს ამ მოპარული წიგნების კითხვამ? თუ ვინმემ ამით სცოდა და სახლში აქვს ასეთი წიგნები, სასწრაფოდ, პირველი შესაძლებლობისთანავე დაუბრუნოს ისინი თავის პატრონს!
უფალო, შეგვინდევ ჩვენი უგუნურობა და უპატიოსნობა!
დაბოლოს, ღმრთის შემეცნების სწავლა შესაძლებელია ღმრთისმოსავ და ნაკითხ ადამიანებთან საუბრითაც. გვიყვარს მუსაიფი, სულ მიგვიწევს გული მეგობრებთან და ნაცნობებთან სასაუბროდ, მაგრამ - არაღმერთზე, სულსა და ცხონებაზე.
სამარცხვინო და საშინელია, ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ხშირად ვიკრიბებით იმისათვის, რათა განვიკითხოთ ახლობლბი, ჩავერთოთ ბანქოს თამაშში, ანდა ღვინის სმა გავაჩაღოთ. წავედით სტუმრად ცარიელი და უფრო გაძარცული დავბრუნდით შინ!
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
ესეც ხშირად გვემართება ხოლმე აღსარების შემდეგ, ანდა ქრისტეს წმიდა საიდუმლოებასთან ზიარების დღეს. (გაგრძელება...)
Xareba.net – ის რედაქცია