ყოველი ნაბიჯი ქრისტიანის სულიერი ცხოვრების გზაზე სხვა არაფერია, თუ არა მონანული გულით საკუთარი ცოდვების ხედვა. სინანულის მეოხებით ახლად მოქცეულს განეღება ეკლესიური სამყაროს კარი. ადამიანი მხოლოდ სინანულის გზით დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. მოკლედ რომ ვთქვათ, სინანულის დასაწყისი - ცხონების დასაწყისია.
ჩვენი დროის მრავალმა ადამიანმა გაიაზრა შავბნელი სიღრმე ურწმუნოებისა და უღმერთოებისა. იგემა მრავალ მომაკვდინებელ ცოდვათა სიმძიმე. ღვთის წყალობით ისინი აღმოყვანილი იქნენ ამ ჯოჯოხეთიდან - ნათლობის საიდუმლოთი, საკუთარი ცოდვების აღსარებით, მათთან განშორებით, აღსარების საიდუმლოში შენდობის მიღებით, ზიარების საიდუმლოთი მადლის მოხვეჭით. ისინი იბადებიან ახალი, უწინდელისაგან საერთოდ განსხვავებული ცხოვრებისათვის. მაგრამ ეს ახალი ცხოვრება მრავალი ადრინდელი შეხედულებების, ფასეულებებისა და მიდრეკილებების, ცოდნის, გემოვნების განადგურებას, ხშირად ყოველივე იმ უდიდესი ცოდვისმიერი ქაოსის სრულ დავიწყებას მოითხოვს.
ძველი ცხოვრების წესის უარყოფა, განახლება, სულის აღდგინება საკმაოდ რთული, იდუმალი და არაორდინარული პროცესია. ღმერთს ყოველი ადამიანი, ჩვენთვის მიუწვდომელი განგებით, აღმოჰყავს ცოდვიანი სოდომისა და ეგვიპტური ტყვეობისაგან, უდაბნოს გავლით მიჰყავს აღთქმული ქვეყნისაკენ.
როგორ შევინანოთ ჩადენილი ცოდვები? რომელია ეს ცოდვები? როგორ მივატოვოთ და არ გავიმეოროთ? - ყოველივე ამის შესახებ საკმაოდ ბევრია დაწერილი, ეს იქადაგება ეკლესიებში. თვით ახლად მოქცეულისთვისაც კი ამ ეტაპზე ყველაფერი ნათელია. რადგან ბოროტება დაუფარავად ამჟღავნებს თავის თავს. საჭიროა მხოლოდ სიმამაცე და გამბედაობა, მტკიცე ნაბიჯი, რომ დაიწყო ახალი ცხოვრება და საბოლოოდ მიატოვო ძველი.
და აი, პირველივე მცირე გამარჯვების შემდეგ, ახლად მოქცეული გრძნობს შინაგან სიმსუბუქეს, განთავისუფლებას, შერიგებას ღმერთთან, სინდისთან, ადამიანებთან, თითქოს მძიმე ტვირთს იშორებს მხრებიდან, გრძნობს სიხარულს და ახალი ძალების მოსვლას. აი, ასეთი აღფრთოვანებით შედის იდუმალ ეკლესიურ სამყაროში, ახალ ოჯახში, იწყებს ახალ ცხოვრებას.
და თუ ახლად მოქცეულმა ქრისტიანმა შეძლო, ღვთის შეწევნით, უწინდელი ცოდვიანი ცხოვრების უკუგდება და ახალ სამყაროში შედგა ფეხი, სწორედ მაშინ იწყება მისთვის ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი პერიოდი. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანი ხედავს თავის აშკარა ცოდვებს, ეს მას ამდაბლებს. მაშინ ის სწორ შეფასებას აძლევს საკუთარ თავს, აქვს შიში ღვთის სამსჯავროს წინაშე. იცის გზა, რომლითაც უნდა იაროს პირველ პერიოდში. მაგრამ როდესაც მორწმუნე, ღვთის შეწევნით, მოიკვეთს თავის აშკარა ცოდვებს, მაშინ სინანული საგრძნობლად რთულდება, იხვეწება. აქ ჩნდება სწორი, ვიწრო, მაცხოვნებელი გზის დაკარგვის ფართო, თვითკმაყოფილებისა და სიამაყის გზისკენ გადახვევის საშიშროება.
წარსული ცოდვების მონანიების, უწმინდური ცხოვრებისაგან განშორებისა და ღვთისაგან შენდობის ამ დიდი წყალობის მიღების მიუხედავად, ჩვენ ღრმად ვართ დაზიანებულნი მრავალი სულიერი სენით, ვნებით, ცოდვიანი ჩვევებით, ავად ვართ გულით, გონებით, ნებით, ყოველივე გრძნობით. ცოდვები ნაპატიებია, მაგრამ ვნებები ჯერ კიდევ ცოცხლობს, მომაკვდინებელ ცოდვებს აღარ ჩავდივართ, მაგრამ ცოდვისადმი მიდრეკილება რჩება. ყოველივე ეს ჯერ კიდევ მრავალ ბრძოლას, სინანულსა და მოწყალე ექიმისადმი, კაცთმოყვარე ღვთისადმი გულმხურვალე ლოცვას მოითხოვს.
და როდემდე ასე? - სანამ ცოცხლები ვართ.
ამ ეტაპზე კი იწყება წინააღმდეგობა. სისტემატიური სინანული, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, უკმაყოფილება, ეჭვი გრძნობებისა და სულის მოქმედებებისადმი, რაღაცნაირი შინაგანი დაძაბულობა, ტკივილი, მწუხარება - საკმაოდ არამიმზიდველია მრავალთათვის. ადამიანს პირიქით, უმალ სრული სიმშვიდის, შინაგანი კომფორტის, თვითკმაყოფილების, ღვთისაგან გამორჩეულობისა და თავისი მნიშვნელოვნების მიღება სურს. კარგია, თუ ქრისტიანობის გზაზე ეხლახანს შემდგარს, დასაწყისშივე სწორი შეხედულების მოძღვარი შეხვდება, რომელიც მიუთითებს მართალი გზისაკენ. ასწავლის, თუ როგორ არ დაშორდეს მაცხოვნებელ გულის წუხილსა და შემუსვრილებას, როგორ არ განაგდოს სულის სიმახინჯის განცდის ეს არასასიამოვნო, მაგრამ სასარგებლო სანახაობა. გამოცდილი მოძღვარი მიუთითებს როგორ არ მიჩქმალოს ცრუ წარმოდგენები საკუთარ თავზე, არამედ იტვირთოს ეს განსაცდელი, როგორც საკუთარი ჯვარი, როგორც საწინდარი მომავალი სიხარულისა, რაც არჩეული გზის უტყუარობის ჭეშმარიტი მოწმობაა. (ეს განსაცდელი, წარმოქმნილი ჩვენი დაცემული ბუნებიდან, ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის მიერ: „სოფელსა შინა ჭირი გაქუს". ვინც არ შეიძულებს თავის სულსა და ცხოვრებას, ვერ გახდება ქრისტეს მოწაფე!). ახლად მოქცეულმა უნდა გაითავისოს ეს განწყობა, როგორც სახარებაშია ნახსენები, მარილი სოფლისა, რომლის გარეშეც ყოველის სულის მოქმედება იქვე ლპება და სიმყრალეს გამოყოფს.
მაგრამ ხშირად პირიქით ხდება! ეს ჩვენი დროის უკვე გავრცელებული ავადმყოფობაა. დღეს ადამიანი, ავხორცობის ვნებით ფესვგადგმული, ყოველთვის და ყველაფერში კომფორტისა და სიამოვნებებისადმია მიდრეკილი. თვით სულიერ ცხოვრებასაც, როგორც შინაგან „ნეტარებას", საამო სიმშვიდისა და ეიფორიის სწრაფი მიღების საშუალებად მიიჩნევს. და აი, როგორ სურათი შეინიშნება: ახლად მოქცეულმა შეინანა უწინდელი მძიმე ცოდვები, იარა ეკლესიაში, რამოდენიმეჯერ კიდეც აღიარა წარსულში ჩადენილი ცოდვები, ცოტა ლოცვაც ისწავლა, მოიწესრიგა გარეგნული ცხოვრება, მაგრამ შემდეგი გზა უკვე აღარ ჩანს. ახლა რა შევინანოთ, - ვცხოვრობთ თითქოს ნორმალურად, განსაკუთრებულად არ ვცოდავთ. მართალია, სხვადასხვა ცუდი აზრი მოგვდის, ზოგიერთი ვნებებიც იჩენს თავს, მაგრამ ეს ხომ ყველას ასე აქვს. სამაგიეროდ უკვე რამდენ კარგ საქმეს ვაკეთებთ" - და ა.შ. ასეთი მიდგომით დასაწყისშივე შეიძლება საკუთარი ავადმყოფობისადმი უგრძნობელობა დაგვეუფლოს. და თუ აქვე არ ვისწავლით საკუთარი სულიერი მდგომარეობისადმი სერიოზულ მიდგომას, მაშინ მთელი სულიერი ცხოვრება, შინაგანი სინანულის გარეშე, არასწორი ორიენტირის გამო გადაიხრება მცდარი, დამღუპველი, ხიბლისმიერი გზისაკენ. ამ შემთხვევაში ადამიანი არა მარტო ვერ დაინახავს თავის ფარულ ვნებებს, არამედ შეექმნება წარმოდგენა, თითქოს მონიჭებული აქვს „სულიერი", „მადლმოსილი", „წმიდა", ამაღლებული ნიჭი სულიწმიდისა. ყოველი ასეთი, თითქოს სულიერი მოღვაწეობა, თავის თავზე განსაკუთრებული გამორჩეულობის წარმოდგენას უქმნის ადამიანს. იგი ამგვარ მოღვაწეობას ამაღლებული სულიერი ცხოვრების დასაწყისად მიიჩნევს.
და მართლაც, - საკუთარ თავზე მაცდუნებელი წარმოდგენისა და თითქოს უკვე სულიერების მნიშვნელოვან საფეხურზე ყოფნის გამო, ადამიანს ეუფლება უცნაური, ამოუხსნელი აღფრთოვანება. ის გრძნობს რაღაცნაირ შინაგან აღმავლობას, უცნაურ სიმხურვალეს, მოღვაწეობისადმი ლტოლვას, რომელსაც ღვთის სათნო მოშურნეობად მიიჩნევს.
დასაწყისში ასეთი სულიერი მდგომარეობის გამორკვევა საკმაოდ რთულია. ამისთვის უდიდესი სულიერი გამოცდილებაა საჭირო, რათა ზუსტად განასხვავოთ ავადმყოფური სიმხურვალე - ჭეშმარიტი მოშურნეობისაგან.
მცდარი წარმოდგენის მიუხედავად, ასეთი ადამინი აღიარებს საკუთარ ცოდვილობას და გარკვეულ წილად მიიჩნევს თავს ასეთად. საქმე იმაშია, რომ ვნებები აქ ფარულად მოქმედებს. ასე რომ, ცოდვას ვაღიარებთ, მაგრამ ძალიან ზედაპირულად, უფრო მეტად სიტყვით, ვიდრე გრძნობით - ხოლო საკუთარი სიმართლის შეგრძნება ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გულებში, თუმცა სიტყვით შეიძლება არც გამოვხატავდეთ მას.
ახლა ნათელია, რაოდენ მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორი მიმართულების მიცემა, გაფრთხილება ამგვარი ცრუ წარმოდგენებისაგან თავის დასაცავად, რათა ოაზისი უდაბნოში, აღთქმულ ქვეყანად არ მივიჩნიოთ (ეპ. ეგნატე). ე.ი. - არ უნდა გვეგონოს თავი გადრჩენილი, დახსნილი საშიშროებისაგან, როდესაც მხოლოდ ახლა გამოვედით ბრძოლის ველზე.
იმის შემდეგ, რაც ახლად მოქცეულმა შეინანა წარსულში ჩადენილი ცოდვები, აუცილებელია სწორი რჩევის მიცემა შინაგანი ვნებების მზაკვრობისა და სულიერი სამყაროს ღრმა დაცემულობის შესახებ, რომელთანაც ჯერ კიდევ მრავალი ბრძოლა გვმართებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თავიდანვე მიეთითოს ჭეშმარიტი განცდადი შეხედულება თავისი „სათნოებების", ცრუ მოშურნეობისა და მოულოდნელ მაღალ საგმირო საქმეების მიმართ.
არქიმანდრიტი ლაზარეს წიგნის „სულის ფარულ სნეულებათა შესახებ" წინასიტყვაობა
მოამზადეს დეკანოზმა კონსტანტინემ და დავით ჯინჭარაძეებმა
Xareba.net - ის რედაქცია