წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობის დროს, კილიკიის მმართველი დომენტიანე გადააწყდა ბერს, რომელიც მშვიდად და ალერსიანად საუბრობდა გარსშემორტყმულ მხეცებთან. მონადირეთა დანახვაზე მხეცები დაფრთხნენ და დაიფანტნენ. ბერს ჰკითხეს, ვინ იყო და ამ უდაბნოში რატომ ცხოვრობდა, მან კი მიუგო, ზოსიმე მქვია, ქრისტიანი ვარ და ქალაქში იესო ქრისტეს მტრების გვერდით ყოფნას ნადირებთან ცხოვრება მირჩევნიაო. დომენტიანე დაემუქრა: „თუ ნაზარეველს ეთაყვანები, ნაზარეთში სახალხოდ სასტიკად გაწამებ და ქრისტეს უარყოფასაც გაიძულებო", შემდეგ კი წმიდანს ჰკითხა, რა ძალით ათვინიერებდა ველურ ცხოველებს. მოხუცმა მიუგო: „მე - ქრისტიანი ვარ და ყოველი სული ქრისტეს ემორჩილება". უღმრთოებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებელი მამა, ნაზარეთში წაიყვანეს და სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, კისერზე დიდი ლოდი გამოაბეს და რკინის ჩანგლებით სხეულის ჯიჯგნა დაუწყეს. ჯალათები მარტვილს ეუბნებოდნენ: „თუ მხეცებიც გემორჩილებიან, რომელიმე მათგანს უბრძანე, აქ გამოცხადდეს, მაშინ ჩვენც ვირწმუნებთ შენს ღმერთს". ზოსიმე ლოცვით შეევედრა უფალს და უეცრად წამების ადგილას უზარმაზარმა ლომმა მოირბინა. ყველანი შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, ლომი კი წმიდანს მიუახლოვდა და მის კისერზე გამობმული ლოდი აღუმსუბუქა. მმართველმა ზოსიმეს სთხოვა, ნადირი დაეოკებინა, ჯალათებს კი წმიდანის ჩამოხსნა უბრძანა, რომ იგი იმპერატორთან წაეყვანა, მაგრამ ზოსიმემ წმიდა სული იქვე შეჰვედრა უფალს (წმ. ზოსიმეს ხსენება 4 იანვარსაც აღესრულება).
Xareba.net - ის რედაქცია