მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქია ამობრუნებულ პირამიდას ჰგავს, რომელიც ქვემოთკენ ვიწროვდება, ისე, რომ მთელი მისი მასა და სიმძიმე იმ მცირერიცხოვან ადამიანებს აწვება, რომლებიც მის საფუძველში დგანან. ამიტომაც იერარქიული მსახურება ეკლესიაში, იოანე ოქროპირის სიტყვით, ნახევრად მოწამეობრივია. იერარქია არამხოლოდ ხელმძღვანელობს ერს, არამედ ყველაზე მძიმე სულიერ ჯვარსაც ატარებს. იერარქს მიტრა ეძლევა - საეკლესიო გვირგვინისა და ეკლის გვირგვინის ეს ორმაგი სიმბოლო. ეს მხოლოდ პირველობა როდია პატივისა და ძალაუფლების მხრივ (რამეთუ იოანე ოქროპირის სიტყვით, ეპისკოპოსის ხელისუფლება უმაღლესია ამქვეყნად!), არამედ ეს მოწამეობაშიც პირველობა, რაც უხილავია ამა ქვეყნისათვის.
ახლა კი საღმრთო წერილს მივმართავთ - ჭეშმარიტების უზენაეს წყაროს. წმიდა მამები ამბობენ, რომ საღმრთო წერილი არის ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ეკლესიის ისტორიაც. მეფეთა პირველ წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ როცა ისრაელმა ერმა მოითხოვა პირველ-მღვდელმთავარსა და წინასწარმეტყველ სამოელს - ჩვენი ქვეყანაც მსაჯულებმა და წინასწარმეტყველებმა კი არა, მეფეებმა მართონ, როგორც ეს მეზობელ ქვეყნებშიაო, მაშინ უფალმა უთხრა სამოელს: „არა შენ, შეურაცხგყვეს არამედ მე" (I მეფეთა 8, 7). წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი ამბობს, რომ როცა ეპისკოპოსს შეურაცხყოფენ, მაშინ უფალი იგივე სიტყვებს ეუბნება მას: შენ კი არა, მე შეურაცხმყვესო. წმიდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს: „გეშინოდეს ეპისკოპოსის შეურაცხყოფისა, განსაკუთრებით კი მდუმარისა" (რადგან მის ნაცვლად უფალი მოგიგებსო). წმიდა ეფრემ ასურს კი ასეთი შედარება მოჰყავს: „როცა ადამიანი უწესრიგობას შენიშნავს საკურთხეველში და საყდარზე, განა შეუძლია მას წმიდათა წმიდაში შევიდეს და ხელით შეეხოს სამსხვერპლოს, თუკი საკურთხი არ იქნება სამღვდელო საქმისათვის?" მეფე იოსია აღთქმის კურთხეულ კიდობანს შეეხო ხელით და ამის გამო იგი კეთრით იქნა მოწყლული! წმიდა ეფრემი წერს, რომ კიდევ უფრო დიდ ცოდვას სჩადის ის, ვინც მღვდელმთავარს განსჯის. განხეთქილება კი განუწყვეტელი განსჯა-გასამართლებაა მთელი მსოფლიო ეკლესიისა, რაც განხეთქილებაში მყოფთ თავიანთი განდგომილების გასასამართლებლად სჭირდებათ ადამიანთა წინაშე, რათა ისევე ჩაიხშონ საკუთარი სინდისის ქენჯნა, როგორადაც ნარკოტიკის ინექციით უხშობენ ტკივილს მძიმე სნეულ ადამიანს.
კვლავ საღმრთო წერილს მივმართოთ. სინაის უდაბნოში ისრაელთა ბანაკში ჯანყი მოხდა: ლევიტელი დათანი და რუბიმეს შთამომავალნი - კორე და ავირონი აარონის წინააღმდეგ აღდგნენ როგორც სჯულიერი პირველმღვდელმთავრისა. ისინი მოითხოვდნენ მსხვერპლშეწირვის აღსრულების უფლებას, რაც მათ არამც და არამც არ ეკუთვნოდათ და საეკლესიო მოჯანყეთ საშინელი საღმრთო სასჯელი ეწიათ: მიწა განიპო და ცოცხლად შთანთქა შფოთისთავნი, ხოლო ციდან გადმოსულმა ცეცხლმა მათი თანამზრახველნი დასწვა. მოჯანყეთა ეს ამოწყვეტა მთელი მათი ოჯახებითურთ და მრავალრიცხოვანი მომხრეებითურთ სოდომის დასჯას გავდა. ამიტომ ჩვენი ძმები უნდა დაუფიქრდნენ იმას, თუ ვის უფრო ჰგავს ცეცხლით მოცული სოდომი - ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას თუ მოჯანყეთა ბანაკს! სასჯელად ოქროს ხბოს კერპის დამზადებისათვის აარონი ვერ ეღირსა აღთქმულ ქვეყანაში შესვლას. პირველმღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ აარონის ორი უფროსი ძე დაიღუპა არასწორი მსხვერპლშეწირვის გამო - ისინი ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა დასწვა (ლევიტ. 10. 1-7) და არონს ღმერთმა მათი დატირება და დაკრძალვაზე დასწრებაც კი აუკრძალა, ხოლო მოჯანყენი, რომლებმაც განხეთქილების შეტანა სცადეს ისრაელიანთა ბანაკში, ცოცხლად იქნენ დანთქმულნი მიწაში.
მაკაბელთა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მეფე ანტიოქეს ზეობისას ზოგიერთი მღვდელი და მღვდელმთავარიც კი წარმართთა თამაშობებსა და საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობდა. ერთ-ერთი მღვდელმთავრის შესახებ ბიბლიაში წერია, რომ ის უღმერთოა და არა - მღვდელმთავარი! მაგრამ ვერსად ვერ ვნახავთ ერთ შემთხვევაშიც კი რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში განხეთქილება აღმოცენებულიყოს, რომელიც დასაბამს მისცემდა ახალ იერარქიას - არა აარონის შთამომავალთაგან, არამედ სხვა გვარისას, მღვდელმსახურთა ცოდვები ზნეობრივი გამოცდა იყო მორწმუნეთათვის, - ის წინაღობა, უსათუოდ რომ უნდა გადალახულიყო ღმერთის სიყვარულითა და ერთგულებით. ამიტომაც ჭეშმარიტი მორწმუნენი ყოველთვის ისე აღიქვამდნენ თავიანთი სულიერი და სისხლისმიერი მამების ცოდვებს, როგორც საკუთარს და ცდილობდნენ ამპარტავნული განკითხვითა და განხეთქილებით კი არა, წრფელი სინანულით განეკურნათ ისინი.
ახლა კი ახალი აღთქმის ეკლესიის ისტორიას მივმართოთ. არიანული და მონოფიზიტური მწვალებლობით გამოწვეულ არეულობების დროს ბევრს ეჩვენებოდა, რომ მთელი აღმოსავლეთი მწვალებლობაში ჩაიძირა. მაშ რატომ არცერთმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა არ გამოაცხადა თავისი ეპარქია მსოფლიო ეკლესიად და რატომ არ დაუდო სათავე ახალ იერარქიას? წმიდა ბასილი დიდი ეკლესიის მდგომარეობას ზღვის ღამეულ ორთაბრძოლას ადარებდა, როცა ძნელია თავისიანთა გამორჩევა მტრისაგან და როცა მეომართა ყიჟინა, დაჭრილთა კვნესა და აზვირთებულ ტალღათა დგაფუნი ერთურთს ერევა და რაიმეს გარკვევით გარჩევა ძნელია. მაგრამ წმიდა მამები საღმრთო აღთქმას სასოებდნენ, რომელიც უფალს თავისი ეკლესიისათვის ჰქონდა მიცემული: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას!" (მათე. 16, 18). მათ სჯეროდათ და იცოდნენ, რომ დადგება დღე, როცა მწვალებლობანი ღრუბლებსავით გაიფანტებიან და კვლავ აღმობრწყინდება მართლმადიდებლობის მზე. აბა, გავიხსენოთ, რამდენგზის ყოფილა წმიდა ათანასე დიდი უკანონოდ ჩამოგდებული თავის სამღვდელმთავრო კათედრიდან, რომელზეც ისე ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, რომ ბასილი დიდს უთქვამს: „ათანასე - ეს თვით მართლმადიდებლობაა!"-ო. თავისი ქვეყნიური ცხოვრების თითქმის ნახევარი ამ წმიდა მამამ გადასახლებაში გაატარა, მაგრამ არიანელ მწვალებლებთან ბრძოლისას მას არასოდეს უთქვამს - ეკლესიამ დაკარგა მადლი და დაიღუპაო. დევნილ-შევიწროებულსაც მწვალებელთაგან, მას არასოდეს არ მიუცია თავისი მრევლისათვის საბაბი იმაში შეეჭვებისა, რომ ხსნა მხოლოდ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაშია. წმიდა იოანე ოქროპირიც უკანონოდ განსაჯეს და გადაასახლეს ბიზანტიის უშორეს ადგილას, მაგრამ წინასწარ ჭვრეტდა რა, თუ როგორი მძიმე შედეგები მოყვებოდა ეკლესიისათვის განხეთქილებას, იგი თავის გამოსათხოვარ ქადაგებაში შეევედრა სამწყსოს: ახალი, ჩემი შემცვლელი ეპისკოპოსის მორჩილნი იყავითო. „ჩემით არ დაწყებულა ეკლესია და არც ჩემით დასრულდება იგი!" - თქვა წმიდა იოანე ოქროპირმა და აკურთხა მორწმუნე მრევლი. იგი ამ დროს ეკლესიის ერთიანობაზე ფიქრობდა და ნაკლებ აღელვებდა თავისი გადასახლება და სიცოცხლეც კი!
ფლორენციის საეკლესიო კრებაზე, როცა თითქმის ყველა ბერძენმა მღვდელმთავარმა ხელი მოაწერა უნიატურ შეთანხმებას რომთან, რატომ არ გამოაცხადა მართლმადიდებლობის დამცველმა მარკოზ ეფესელმა ეს ეპისკოპოსები დამხობილებად, მათი ეკლესიები გაუქმებულად, მადლდაკარგულად და რატომ არ დაისაკუთრა სხვათა ეპარქიები?!
რამდენიმე ადამიანმა დეკლარაცია რომ შეადგინოს - მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კანონმდებლობათა დარღვევები აღმოვაჩინეთ და ამიტომ ყველა სახელმწიფოს გაუქმებულად მივიჩნევთ, ხოლო ჩვენს თავს მსოფლიო მთავრობად ვაცხადებთო, განა ასეთი ქმედება ჭკუათმყოფელისას ემგვანებოდა?! მათზე იტყოდნენ, ან უკბილოდ ხუმრობენ, ანდა ავად არიანო! განხეთქილებაში გასულნი კი, არსებითად სწორედ მათ მსგავსად იქცევიან, საჭიროა მხოლოდ მათ განცხადებებში სიტყვა „სახელმწიფოს" ნაცვლად სიტყვა - „ეკლესია" ვიგულისხმოთ!
წარმოვიდგინოთ, რომ მცირე სანთელმა თქვას: „ასტრონომებმა მზეზე ბნელი ლაქები აღმოაჩინეს. ამიტომ მე ვაუქმებ მზეს და თვითონ გავუნათებ მთელს ქვეყნიერებას და ყოველივეს განვათბობ ჩემი ცეცხლითო. ჰოდა, მოდით ყველანი, და დასტკბით ჩემი წმიდა, ბნელ ლაქათაგან შეურყვნელი ნათელით!" მაგრამ, აი, დაუბერა სიომ და სანთელიც ჩაქრა!
ძვირფასო ძმანო! სად, საღმრთო წერილის რომელ ადგილას და რომელ საკრებო დადგინებაში, რომელ წმიდა მამებთან ნახეთ თქვენ მითითება, ანდა თუნდაც მცირედი მინიშნება მასზედ, რომ მთელი ეკლესია ოდესმე მწვალებლობაში შთავარდება, ხოლო ბოსტონელთა (თუ რომელიმე სხვა) დაჯგუფება ზე აღმართავს მიწაზე დავარდნილ დროშას მართლმადიდებლობისა და მთელს ქვეყნიერებაზე გადააფრიალებს?! წმიდა მამებმა განგვიცხადეს ჩვენ, რომ დადგება ზნეობრივი და სულიერი დაცემის მანამდე არნახული დრო; რომ ქვეყნიერების გახრწნა საზარელ ფორმებს მიიღებს და შეუძლებელია მისი ეს გახრწნილი სული ეკლესიის ადამიანურ ელემენტსაც არ შეეხოს, მათ შორის მღვდელმსახურებსაც და ბერ-მონაზვნებსაც. მაგრამ, ამავე დროს, წმიდა მამებმა მცნებად დაგვიდეს ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, კიდევ უფრო მჭიდროდ შევკავშირდეთ ეკლესიის გარშემო, ყოველივეში მას დავემყაროთ და მივენდოთ ბოლომდე, რამეთუ მხოლოდ ეკლესიაშია ხსნა და ცხოვრება, ეკლესიის გარეთ კი - ჯოჯოხეთია; ღვთაებრივი ლოგოსის გარეშე - ამ მარადიული ნათელის გარეშე - ყველგან მხოლოდ წყვდიადისა და სიცივის სამეუფოა!
ჟურნალიდან „ივერიის გაბრწყინება"
Xareba.net - ის რედაქცია