წმიდანო მეუფენო, თქვენთან ერთად შეშფოთებულნი ვართ იმით, თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს მოსალოდნელ "საერთო-მართლმადიდებლურ კრებაზე" პირდაპირ ანტიმართლმადიდებ-ლური გაგების (სწავლების) დამტკიცების შედეგად. ჩვენ აღფრთო-ვანებულნი ვართ იმით, რომ მთელი მართლმადიდებლური სამ-ყაროსთვის ამ მძიმე დროს სწორედ საქართველოს ეკლესია არის ერთად შეკრული, როდესაც უწმიდესი პატრიარქი, წმიდა სინოდი, სამღვდელოება და ხალხი - მათი უმრავლესობა ერთაზროვნად და ერთსულოვნად წინ უდგებიან მწვალებლურ სიახლეებს, რომელთა დანერგვითაც მახინჯდება ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი დედა ეკლესიის მაცხოვნებელი სწავლება. ვიზიარებთ ჩვენი მღვდელთ-მთავრების მიერ ხმამაღლად გაჟღერებულ პროტესტს მართლმადი-დებლურ სწავლებასთან შეუთავსებელი რიგი თემების გამო, რომ-ლებსაც დასამტკიცებლად გვთავაზობენ ამ საეჭვო, ნაჩქარევად "წმიდად" დასახელებულ კრებაზე. სრულიად ერთსულოვნები ვართ ჩვენს მღვდელთმთავრებთან და სრულიად უარვყოფთ "საერთო-მართლმადიდებლურ კრებაზე" განსახილველად წარდგენილ იმ დოკუმენტს, რომელმაც უნდა ნათელყოს "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან".
რაც შეეხება ამ უკანსაკნელ თემას - გვგონია, რომ ამ დოკუმენტში შესატანი ვერავითარი შესწორება და განმარტება ვერ გახდის მას მართლმადიდებელი ქრისტიანის სინდისისთვის მისაღებად. ამ დო-კუმენტის არამართლმადიდებლურ დადგენილებებს შეუძლებელია დავარქვათ მხოლოდ "ღმრთისმეტყველურად უზუსტო ტერმინები" ანდა "დაუმთავრებელი ფრაზები". ნათლად ვხედავთ, რომ ამ საკითხის ასეთი ფორმულირებით დაყენება: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", მცდელობა, რომ ის იყოს განმარტებელი "საერთომართლმადი-დებლურ კრებაზე" - მიუღებელია! ამ დოკუმენტის მთელი ტექსტი (ყველა მისი 24 პუნქტი, ზოგი ცხადად ზოგი კი შეფარებით) ვარაუდობს ჩვენი სარწმუნოების ერთერთი ძირითადი დოგმატის - მართლმადიდებლური წმიდა ეკლესიის ერთიანობისა და კრებსი-თობის გადახედვას და გადაკეთებას ახალ (ეკუმენისტურ) ყაიდაზე. მაგრამ ამ დოგმატს ყოველი მართლმადიდებელი ნათლისღებისას აღიარებს სამგზის და შემდგომ ყოველდღიურად მრავალგზის, სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმისას. ეს დოგმატი უზუსტესი სახითაა განმარტებული ყველა მართლმადიდებლურ კატეხიზმოში. და ახლა უცებ - "წმიდა საერთომართლმადიდებლურ კრებაზე" ჩვენ განგვიცხადებენ, რომ მამათა უწინდელი განმარტება ერთი წმიდა და კათოლიკე ეკლესიის გაგებისა უნდა გადაიხედოს და მიეცეს სრულიად საწინააღმდეგო განმარტება?
აი რას ვკითხულობთ ეკლესიის ერთობაზე კატეხიზმოში: "დედ-ამიწაზე ეკლესია - ესაა ქრისტიანთა კრებული, რომლებიც გაერ-თიანებულნი არიან მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ღვთის-მსახურებითი ურთიერთობით, იერარქიული მორჩილებით და ღმრთის მცნებების აღსრულებით. ხოლო ყველა მწვალებელი და განხეთქილებაში მყოფი იმყოფებიან მის მიღმა და ვერ ცხონდებიან, თუ არ შეინანეს... ჩვენ იმიტომ გვრწამს ერთი ეკლესიის, რომ ყველა "ეკლესიებიდან" მხოლოდ ერთადერთს აქვს საფუძვლიანი უფლება ერქვას ეს სახელი, ყველა დანარჩენი კი მოიხსენებიან ასე მხოლოდ მიღებული ჩვეულებით. სინამდვილეში ეკლესია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, იმიტომ რომ ეკლესიასთან განუყრელადაა დაკავ-შირებული წოდება სრული ჭეშმარიტების მატარებელისა, ჭეშმა-რიტება კი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. თუ ზუსტ და ძირითად საკითხებში არსებობს რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება, სწორი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, დანარჩენი კი - მცდარია...".
მაგრამ ახლა როგორც ვხედავთ - სურთ დაგვიმტკიცონ, რომ ეკლ-ესიის ერთობა გაყოფილია "ქრისტიანულ ეკლესიებსა და კომფესიებს" შორის, და ჩვენ რუდუნებით უნდა ვიღვაწოთ, რათა "აღვადგინოთ" ეს "დაკარგული ერთობა"? - ე.ი. შევუერთდეთ ერეტიკოსებს მათი სინანულის გარეშე, მივცეთ მაგალითი ჩვენს ქრისტიანულ სინდისთან კომპრომისისა, და შევთავაზოთ, მათაც ასე მოიქცნენ?
უკვე თვით იდეა, რატომ დაარქვეს მოსალოდნელ კრებას - "საერ-თომართლმადიდებლური" - და არა "მსოფლიო" (ეს ორი გაგება ჩვენთვის ხომ ერთიდაიგივეა) შეიცავს ანტიეკლესიურ აზრს. ასე მაგალითად, 2015 წლის 29 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავართა შეკრებაზე კონსტანტინეპოლში მსოფლიო პატ-რიარქმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ დასახელებული კრება "ვერ იქნება შეკრებილი როგორც მსოფლიო, ვერ დახასიათდება როგორც მსოფლიო, ვინაიდან მასში არ მიიღებენ მონაწილეობას "დასავლეთის ქრისტიანები". პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ქ. თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ღმრთისმეტყველების ფაკულტეტის პატივცემული პროფესორი) ასეთ კომენტარს უკეთებს ამ სიტყვებს: "მსოფლიო პატრიარქის ამ განცხადებიდან გამოდის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, არ წარმოადგენს ეკლესიას, რომელიც ფლობს სისავსეს, არამედ ნაკ-ლულევანია. მას არ ძალუძს მოიწვიოს მსოფლიო კრება, ვინაიდან წარმოადგენს ეკლესიის მხოლოდ ერთ ნაწილს, მისი (ეკლესიის) მეორე ნაწილი კი არ მიიღებს მასში მონაწილეობას...".
იმის შესახებ კი, თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ მართლმადიდე-ბლური ეკლესიიდან განკვეთილი ქრისტიანები მის ერთობაში - ამომწურავად უპასუხეს აღმოსავლეთის პატრიარქებმა მართლმადი-დებლებთან შეერთებია მსურველ ანგლიკან პროტესტანტებს 1723 წლის ეპისტოლეში. აღმოსავლეთის პატრიარქები მიესალმებიან რა მათ ამ მისწრაფებას, პასუხობენ მათ წერილობით კითხვებს: "ჩვენთვის გასაგებია დაწერილის აზრი და იმაზე მეტს ვერ ვიტყვით ამაზე, გარდა იმისა, რაც უკვე გითხარით წინათ, გადმოგეცით რა ჩვენი აზრი და ჩვენი აღმოსავლეთ ეკლესიის სწავლება; და ახლა თქვენი მხრიდან ჩვენდამი გამოგზავნილ ყველა წინადადებაზე გპასუხობთ იმასვე, ე.ი. რომ ჩვენი აღმოსავლეთ ეკლესიის დოგმატები და სწავლება უძველესი დროიდან გამოკვლეულია, მართებულად და კეთილმსახურად განჩინებული და დამტკიცებულია წმიდა და მსოფლიო კრებების მიერ; მათთან რაიმეს მიმატება ან მათგან რაიმეს გამოკლება დაუშვებელია. ამგვარად მართლმადიდებლური სარწმუნოების საღმ-რთო დოგმატებში ჩვენთან თანხმობის მსურველებმა უბრალოებით, მორჩილებით, ყოველგვარი გამოძიებისა და ცნობისმოყვარეობის გარეშე უნდა მიიღონ და დაემორჩილონ ყველაფერ იმას, რაც განსაზღვრული და განჩინებულია მამათა ძველი გადმოცემით, რაც დამტკიცებულია წმიდა მსოფლიო კრებების მიერ, მოციქულთა და მათი მემკვიდრეების, ჩვენი ეკლესიის ღმერთშემოსილი მამების დროიდან..." ვფიქრობთ, - აღმოსავლეთ პატრიარქების ეს პასუხი სრულიად ამომწურავად მოიცავს კითხვაზე პასუხს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს ერთ წმიდა კათოლიკე ეკლესიას დანარჩენ "ქრისტიანულ სამყაროსთან", და იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეუერთდნენ სხვაგვარადმადიდებელი ქრისტიანები მას!
წმიდა ეკლესიისაგან ჩვენ ყველანი სწორედ ასე ვიყავით განსწავ-ლულნი მისი ამ ერთობისა და კრებსითობის დოგმატის გაგებაში, სწორედ ასე ესმოდათ ის ჩვენამდე მთელი ორი ათასი წლის მანძილზე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს! სწორედ ასე, - რომ ჩვენი ეკლესია ერთია, ვინაიდან მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ეკლესია დედამიწაზე; ხოლო კრებსითია, რადგანაც მთელი მსოფლიოს ჭეშმარიტი ქრისტიანები, სადაც და რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი, - სწამთ ერთნაირად, ერთნაირად აღიარებენ ჭეშმარიტებას, თანაბრად მონაწილეობენ სრული სისავსით ეკლესიურ ცხოვრებაში, წარმოადგენენ ქრისტეს ერთიანი სხეულის ნაწილებს და თანაბრად არიან პასუხისმგებელნი იმ სწავლების დასაცავად, რომელიც მათ დედა-ეკლესიას უპყრია.
ნუთუ ახლა უნდა გადავეჩვიოთ ასე გვწამდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი მოდერნისტულად განწყობილი თანამედროვე ფსე-ვდო-ღმრთისმეტყველი, ზოგიერთი დიდი სახელის მქონე ეკუმენ-ისტი-იერარქი გვიბრძანებენ, გადავაკეთოთ ჩვენი სარწმუნოება, და ჩვენ ვალდებულნი ვართ ვუსმინოთ უფრო მათ "ვიდრე ღმერთს" (საქმ. 4, 19), მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეკლესიაში უკავიათ მთავარი კათედრები? ჩვენი ხედვით, უკვე თვით ეს კადნიერება - ეკლესიის ერთიანობისა და კრებსითობის დოგმატის ხელახლა განმარტების მცდელობა (თითქოსდა, ის კვლავ საჭიროებს გააზრებას) პირდაპირ წინ აღუდგება მის კრებსითობას და ერთობას. არცერთ მღვდელ-თმთავართა კრებას არა აქვს უფლება გაკადნიერდეს ამაზე!
წმ. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვით - "ეკლესიური კეთილმორწმუ-ნეობა წმიდად და ჭეშმარიტად სცნობს მხოლოდ იმ კრებებს, რომლებზეც დამტკიცებულია სწორი დოგმატები". წმ. მოციქული პავლე აფრთხილებს მორწმუნეებს: "დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალ. 1, 8).
აგრეთვე გვახსენდება ნეტარხსენებული რუსი ბერის - იოანეს (კრე-სტიანკინი) სიტყვები: "ეკლესია დაფუძნებულია შვიდ სვეტზე - შვიდ მსოფლიო კრებაზე. მომავალი მერვე მსოფლიო კრება აშინებს ბევრს, ნუ შეშფოთდებით ამით, არამედ სიმშვიდით გვჯეროდეს ღმერთის. ვინაიდან თუ ის (კრება) მიიღებს რაიმე ისეთს, რაც არ ეთანხმება ყოფილ შვიდ მსოფლიო კრებას, უფლება გვექნება არ მივიღოთ მისი დადგენილებები...".
ჩვენ გვსურს გვჯეროდეს, რომ დღეს მართლმადიდებლობის ჭეშმა-რიტების დამცველი საქართველოს ეკლესია ღმრთისაგან ქებისა და აღთქმის ღირსი გახდება, რაც უფალმა უწინასწარმეტყველა ფილა-დელფიის ეკლესიის ანგელოზს: "აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი... რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულვების მოსვლად ყოველსა ზედა სოფელსა გამოცდად მკვიდრთა მათ ქუეყანისათა..." (გამოცხ. 3. 8-10).
დღეისათვის შესაძლო მოახლოებული საფრთხის წინ ჩვენთვის იმე-დის მომცემი და გამამხნევებელი გადაწყვეტილება გააჟღერა საქარ-თველოს ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) მსოფლიო პატრიარქისადმი მიწერილ წერილში: "თავად მსოფლიო კრებების დადგენილებათა სავალდებულობაც კი, წმიდა მამათა სწავლებასთან მათ სრულ თანხვედრასთან ერთად, საჭიროებდა ეკლესიის სისავსის მიერ ამ გადაწყვეტილებათა აღიარებასაც". - ღმრთის წყალობით ჩვენც - ცოდვილნი და უძლურნი მწყემსნი და მონოზონნი, ჩვენს თანამოაზრე ერში მცხოვრებ ძმებთან ერთად, მივაკუთვნებთ თავს თვით ამ "ეკლესიის სისავსეს", რომელიც დღეს უნდა დადგეს "გვერდიგვერდ" ჩვენს მეუფეებთან ერთად, რომლებიც იცავენ წმიდა მართლ-მადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას!
შვილებრივი სიყვარულით - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) ტაბარუკის აღდგომის მამათა მონასტრის საძმოსა და მრევლთან ერთად.
Xareba.net - ის რედაქცია