2016 წლის 3 მარტს, საეკლესიო ამბების სააგენტოს „Amen.gr"-ს ვებ-გვერდზე, გამოქვეყნებულ იქნა მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერის გიორგი ცეცის სტატია სათაურით: „სიმართლეა თუ „პროვოკაცია" საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?" და ვინაიდან მე გახლავართ საქართველოს დელეგაციის ერთერთი „სქოლასტიკოსთაგანი", თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო გარკ-ვეული კომენტარი.
უპირველეს ყოვლისა გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკლე-სიის დელეგაცია კრების წინამოსამზადებელ ყველა შეხვედრაზე ჩადიოდა და მათში მონაწილეობას ღებულობდა ძმობის, ერთობისა და ყველა ეკლესიასთან თანამშრომლობის სულისკვეთებით. სულის-კვეთებით მსოფლიო საპატრიარქოსადმი მხარდაჭერისა, რომელმაც ათწლეულების მანძილზე სხვებზე მეტად იშრომა და იტვირთა უმთავრესი სიმძიმე წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში.
თუმცაღა, მივუბრუნდეთ სტატიას. დასაწყისშივე მამა გიორგი აც-ხადებს, რომ ქართველმა დელეგატებმა V კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე მათ „სული ამოვხადეთ", სანამ არ მივაღწიეთ იმას, რომ დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" შესულიყო არაერთი ცვლილება ჩვენი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან.
ნათელი სურათის დასახატად, თხრობა იმის აღწერით უნდა დავი-წყოთ, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურთა 2014 წლის მარტის გადაწყვეტილების საფუძ-ველზე შექმნილი საგანგებო მოსამზადებელი კომისიის სხდომები. მით უფრო, რომ ამ საკითხს წერილის ავტორიც ეხება, როდესაც ბრძანებს: „ფაქტია, რომ მართლმადიდებლურ შეკრებებსა და კომი-სიებში მონაწილე ქართველი ძმების ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი".
1. მოგეხსენებათ, რომ ხსენებულ კომისიას დაევალა 1982-1986 წლებში მიღებული სამი ტექსტის გადახედვა („მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენისტური მოძრაობა", „მართლმადიდებელი ეკ-ლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" და „მართლმადიდებელი ეკლესის წვლილი მშვიდობის, სამართლი-ანობის, თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის გავრცელების საქმეში და რასობრივი და სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოფ-ხვრაში") სამის კი, რედაქტირება („ერთიანი კალენდრის შესახებ", „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები" და „მარხვის მნიშვ-ნელობა და მისი დაცვა დღეს"), მათი V კრებისწინა საერთომართლ-მადიდებლურ შეკრებაზე დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით. მიუხედავად დავალების სიცხადისა, პატივცემული თავმჯდომარე არ აძლევდა კომისიის წევრებს განსახილველად გამოტანილ დოკუ-მენტებში „არსებითი ხასიათის ცვლილებების" შეტანის საშუალებას იმ საბაბით, რომ აღნიშნული ტექსტები თავის დროზე მიღებული იყო კომისიაზე ზემდგომი ორგანოს (ანუ, სხვადასხვა წლების კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების) მიერ, რასაც ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რადგან საგანგებო კომისიას გააჩნდა აღნიშნული უფლებამოსილება (მისი ეს განცხადება ეხებოდა ექვსივე დოკუმენტს). არაერთი ეკლესიის წარმომადგენელთა მკვეთრი პროტესტის მიუ-ხედავად, მან საკუთარი პოზიცია არ შეცვალა. თუმცაღა, ეს აკრძალვა რატომღაც არ ვრცელდებოდა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ან თავად თავმჯდომარისგან იქნა ინიცირებული, ან მის მოწონებას იმსა-ხურებდა. ასე მაგალითად, მოხდა ორი დოკუმენტის გაერთიანება, მათგან სხვადასხვა კონფესიებთან მიმდინარე დიალოგთა შეფასებების ამოღება და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა.
ასე რომ, სხვა აღარაფერი დაგვრჩენოდა, თუ არა დავლოდებოდით V კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებას, რათა იქ მიგვეღწია სასურველი ცვლილებების შეტანისათვის. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ორი დოკუმენტი: „ერთიანი კალენდრის შესახებ" და „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები", რომლებ-ზეც ეკლესიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საკუთარი უარყო-ფითი პოზიცია დააფიქსირა, საქართველოს დელეგატებმა კი უარი განვაცხადეთ მათ ხელისმოწერაზე. რაზეც გვიპასუხეს, რომ ვინაიდან 1982 წელს ისინი მიღებული ჰქონდა III კრების წინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებას, ამიტომ ავტომატურად მოხდებოდა მათი ძველი რედაქციით დიდ კრებაზე გატანა. საქართველოს ეკლესია აღნიშნულ მიდგომას კატეგორიულად არ დაეთანხმა და ოფიცი-ალური წერილებით ითხოვდა მსოფლიო საპატრიარქოსგან მო-ცემული თემების ან საერთოდ ამოღებას წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგიდან, ან მათ განსახილველად გამოტანას. რასაც მივაღწიეთ კიდეც 2016 წლის შამბეზის წინამძღოლთა შეკრებაზე (მსგავს მოთხოვნას აყენებდა კიდევ რამდენიმე ეკლესია).
2. საგანგებო კომისიის მუშაობის შედეგების გაცნობის შემდგომ, საქართველოს ეკლესიიდან, კათოლიკოს-პატრიარქის სახელით, გაი-გზავნა წერილი მსოფლიო პატრიარქისადმი, რომელშიც, სხვასთან ერთად, გამოთქმული იყო შემდეგი მოსაზრებები და შენიშვნები მოსამზადებელ ტექსტებთან დაკავშირებით:
ა. ≪დიდი კრებისათვის მოსამზადებელ ტექსტებში მკაფიოდ და ცალსახად უნდა იყოს ხაზგასმული, რომ, მხოლოდ მართლმადი-დებელი ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, სადაც არსებობს მოციქულებრივი ხელდასხმა, აღესრულება ჭეშმარიტი ნათლობა, ევქარისტია და ქრისტიანული ეკლესიის სხვა საიდუმლოებები.
ბ. უფრო მკვეთრად უნდა დაფიქსირდეს აზრი, რომ თავისი ონტ-ოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა შეუძლებელია დაირღვეს და რომ იგი დიალოგს სხვადასხვა დენომინაციებთან აწარმოებს მათი ეკლესიის წიაღში დაბრუნების მიზნით.
გ. დოკუმენტი: „მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან აქამდე მიმდინარე დიალოგთა შეფასე-ბებს, ვინაიდან უშუალოდ წმინდა და დიდი კრების კომპეტენციას განეკუთვნება მათთან მიმართებაში ჩვენი შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრა.
დ. მიუღებლად მიგვაჩნია „ერთიანი კალენდრისა" და „ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა" შესახებ დოკუმენტების დღეს არსე-ბული სახით კრებაზე გატანა, რადგან იგი ეწინააღმდეგება მართლ-მადიდებელი ეკლესიის კანონიკასა და ტრადიციას≫.
აქვე იყო მოთხოვნა იმ დოკუმენტების გასაჯაროების თაობაზე, რო-მელთაც უკვე გავლილი ჰქონდათ ყველა წინამოსამზადებელი სტადია, რათა ეკლესიის სისავსეს მისცემოდა საკმარისი დრო მათი შესწავლისა და საკუთარი შენიშვნების გამოთქმისათვის.
3. სწორედ ამგვარი დავალებითა და კონსტრუქციული სამუშაო გან-წყობით ჩავედით საქართველოს დელეგატები V კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქაც სიურპრიზები გველოდა სხდომის გახსნისთანავე თავჯდომარემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ჩვენ 1982-1986 წლებში მიღებული დოკუმენტების ტექსტებს კვლავ ვერ შევეხებოდით და მხოლოდ იმის უფლებამოსილება გაგვაჩნდა, რომ შეგვეტანა ცვლილებები ჩვენს მიერვე საგანგებო კომისიის ფარგლებში შეტანილ ცვლილებებში! ხოლო როდესაც საქმე დოკუმენტის „მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" განხილვაზე მიდგა, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიების წარმომადგენლებს არ მოგვეცა წესდებით გარანტირებული საკუთარი პოზიციების დაფიქსირების უფლება იმ მოტივით, რომ წინასწარ, წერილობითი ფორმით, არ გვქონდა წარდგენილი წინადადებები ტექსტებში შესატან ცვლილებებზე. ძალზედ შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, რო-დესაც საქართველოს ეკლესიის დელეგაციის სრულფასოვანი ჩართულობის საკითხი სხდომების მუშაობაში საერთო კენჭისყრაზე იქნა დაყენებული. საბოლოოდ, ეს უფლება „მოგვენიჭა", თუმცაღა, ამ კონკრეტული დოკუმენტის მხოლოდ ნაწილის განხილვაში შევძელით სრულყოფილად მონაწილეობის მიღება.
თუკი ამას, „ხისტი და სქოლასტიკური ქცევა" ეწოდება, მაშინ რა შეიძლება ეწოდოს კომისიის თავმჯდომარის საქციელს, რომელიც შვიდი საათის განმავლობაში ცდილობდა „დაერწმუნებინა" ეკლე-სიათა დელეგატები ერთი პარაგრაფის მისთვის სასურველი სახით მიღებაზე?!
4. წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის შემდგენი კომისიის შეკ-რების წინ (ათენი, 2015 წლის 15-19 დეკემბერი), საქართველოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე, მსოფლიო საპატრიარქოსადმი გაგზავნილ წერილში, აღწერდა რა V კრებისწინა საერთო მართლადიდებლურ შეკრებაზე განვითარებულ სამწუხარო მოვლენებს, წერდა: „მიუხედა-ვად ამისა, თანამშრომლობის სულით აღვსილმა ჩვენი დელეგაციის წევრებმა მაინც მოაწერეს ხელი დოკუმენტების უმრავლესობას. თუმცაღა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერ არ მიუღია სინოდალური გადაწყვეტილება დიდ კრებაზე გასატან საკითხებზე (ველოდებოდით რა მათ საბოლოო ვარიანტებს). ვფიქრობთ, სხვა ეკლესიებიც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან. ამდენად, დიდი კრების რეგლამენტი აუცილებლად უნდა იძლეოდეს დოკუმენტების პუნქტობრივი განხილვისა და დამტკიცების საშუალებას".
წერილში კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული მიღებული დოკუმენ-ტების გასაჯაროების საჭიროება და ნათქვამი იყო, რომ: „თავად მსოფლიო კრებების დადგენილებათა სავალდებულოებაც კი, წმინდა მამათა სწავლებასთან მათ სრულ თანხვედრასთან ერთად, საჭი-როებდა ეკლესიის სისავსის მიერ ამ გადაწყვეტილებათა აღიარე-ბასაც".
5. წერილის ბოლოს, მამა გიორგი აცხადებს, რომ საქართველოს ეკ-ლესია იმყოფება „ფუნდამენტალისტური წრეების ტყვეობაში" და მოუწოდებს ეკლესიებს, „რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზე-გავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომლებსაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში)", შეაცვლევი-ნონ პოზიცია საქართველოს ეკლესიას. ჩვენთვის გასაგებია მხცოვანი მღვდელმსახურის, ისევე როგოც პროცესების მონაწილე სხვა ადამი-ანების გულისწყრომა, რომელთაც თავიანთი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დიდი კრების მომზადებასა და სხვადასხვა კონფესიებთან დიალოგებს მიუძღვნეს და რისთვისაც დიდი შრომა გასწიეს, ამიტომ შევეცდებით სტატიაში გაჟღერებულ შეურაცხყოფებს მოთმინებით მოვეკიდოთ და მხოლოდ ფაქტებით ვუპასუხოთ.
პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ არც „ფუნდამენტალისტური წრეების ტყვეობაში" ვიმყოფებით და არც არანაირი ეკლესიები სარგებლობენ ჩვენზე „გარკვეული ზეგავლენით", ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის დელეგატების პოზიციას წინამოსამზადებელ სამუშაოთა სხვადასხვა სტადიებზე, მოგახსენებთ, რომ: შამბეზის 2016 წლის ეკლესიათა მეთაურთა შეკრებაზე ხელი მოვაწერეთ V კრე-ბისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე ჩვენს მიერ უარყოფილ დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თა-ნამედროვე მსოფლიოში", მხოლოდ მას შემდეგ რაც მასში შეტანილ იქნა ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოგმატური შენიშვნები (ასევე მოიქცა რუსეთის ეკლესია); დოკუმენტს „ქორწინების დამაბრკო-ლებელი გარემოებები" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ხელი არ მოაწერა (ისევე, როგორც ანტიოქიის ეკლესიამ) დოგმატური უთანხმოების გამო (აღსანიშნავია, რომ დოკუმენტები „ერთიანი კალენდრის შესახებ" და „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემო-ებები" ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბერს უარყო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა).
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის უკანასკნელ სხდომას, რომელზეც მოხდა დიდი კრებისათვის მომზადებული ტექსტების განხილვა, გაცნობებთ, რომ დოკუმენტმა „მართლმადი-დებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სა-მყაროსთან" დაიმსახურა მწვავე, ცალსახა კრიტიკა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გარკვევით ბრძანა შამბეზის ბოლო შეხვედრაზე, რომ იქ მიღებული დოკუმენტები, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინებოდა წმინდა სინოდს.
როგორც ცნობილია, ეკლესიათა წინამძღოლთა შამბეზის შეკრების შემდგომ შედგა რუსეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის ეკლესიათა იერარქიის კრებებიც, რომლებზეც იმსჯელეს და შეფასება მისცეს მიღებულ დოკუმენტებს.
6. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგე-ნილებას, იგი გამოვაქვეყნეთ ქართულ ენაზე. მისი შემდგომი გავრცელების თანმიმდევრობაზე კი, ვერაფერს მოგახსენებთ, ვინა-იდან აღნიშნული სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს.
7. მამა გიორგი უკმაყოფილებას გამოთქვამს გადწყვეტილებათა ერ-თხმად მიღების პრინციპის გამოც, რომელიც ათწლეულებია რაც მოქმედებს წმინდა და დიდი კრების მზადების პროცედურებთან მიმართებაში, ეკლესიათა მეთაურებმა კი, თავიანთი 2014 წლის მარტის გადაწყვეტილებით იგი თავად კრებაზეც განავრცეს, რისი კრიტიკის უფლებასაც ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ.
8. საქართველოს ეკლესიის წევრობაზე მსოფლიო ეკლესიათა საბ-ჭოში, რომელშიც მაშინ გაერთიანებული იყო ყველა მართლმადი-დებლური ეკლესია, ვიტყვით, რომ ეს გახლდათ მოძმე ეკლესიებთან და ზოგადად, გარე სამყაროსთან, ურთიერთობის თითქმის ერთა-დერთი შანსი რკინის ფარდის მიღმა მყოფი ჩვენი ეკლესიისათვის. დიახ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 1979 წელს ხუთი წლის ვადით არჩეულ იქნა მის თავმჯდომარედ (როგორც მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციას 8 თავმჯდომარე ჰყავს, რომლებსაც ხანგრძლივი ვადით ირჩევენ, რეალური მმართველი კი, გენერალური მდივანი გახლავთ). რაც შეეხება იქიდან გამოსვლას, თავად მამა გიორგის მიერვე მოყვანილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის ფრაგმენტიდან ნათლად ჩანს დოგმატური მიზეზი „ვინა-იდან ხშირ შემთხვევებში არ ხდება მართლმადიდებელთა ინტე-რესების გათვალისწინება და ბოლო ხანებში შეიმჩნევა ტენდენცია ორგანიზაციისათვის გარკვეული ეკლესიოლოგიური ხასიათის მინი-ჭებისა, საქართველოს ეკლესია მიზანშეწონილად მიიჩნევს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გასვლას".
9. როდის ყოფილა ქრისტეს ეკლესია ამა სოფელში დალხინებული? დღესაც, ბევრ მოძმე ეკლესიას მტრულ გარემოში უწევს არსებობა. თუმცაღა ღვთის მადლით, საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს საპატრიარქოში შეიარაღებულ პირთა მივარდნის ფაქტი და აღნიშნულ ცნობას მხოლოდ დეზინფორმაცია შეიძლება ეწოდოს. ეს თუნდაც იმიტომ ვერ მოხდებოდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს უდიდესი საყოველთაო სიყვარუ-ლითა და პატივისცემით.
10. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო იღებდა ზემოხსენებული ორგანიზაციის დახმარებით, ჩვენ ძალზედ მადლიერნი ვართ, პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-სა, რომელიც გამოირჩევა სიბრძნითა და კაცთმოყვარეობით და ასევე ყველა ადამიანისა, ვინც იმ უმძიმეს წლებში ქართველ ხალხს გვერდში ამოგვიდგა. ამასთან, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია გაწეული დახმარების უადგილო შეხსენება და აქვე ვსვამთ კითხვას: განა მატერიალური დახმარების სანაცვლოდ მორალურ პრინციპებზე უარის თქმა მიღებული წესია?
11. სამწუხაროა, რომ როდესაც პატივცემული პროტოპრესვიტერი საქართველოს ეკლესიის მიერ კრებისათვის „ძირის გამოთხრის" საშიშროებაზე საუბრობს, იგი რატომღაც არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესიამ, დიდი კრების არ დაბრკოლებისათვის, საკუთარი კეთილი ნებით, ჟენევის წინამძღოლთა შეკრებაზე განაცხადა, რომ თანახმაა, ჩვენთვის ძალზედ არსებითი, დიპტიქების თემის დიდი კრების დღის წესრიგიდან ამოღებაზე და მასზე მსჯელობის კრების შემდგომ პერიოდში გადატანაზე, რის გამოც, კრიტიკაც კი დაიმსახურა!
12. მამა გიორგი ბრძანებს, რომ „დროა დაინგრეს მითი იმის შესახებ, რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა მართლმადიდებლობის დამცველი". თუკი მსგავსი მითი მართლაც არსებობს, ჩვენ პირველნი ვუერთდებით აღნიშნულ მოთხოვნას!
* * *
დღეს საქართველოს ეკლესია ემზადება წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად კრეტაზე გასამგზავრებლად და სრულიად ბუნებრივია, რომ მიმდინარეობს დოკუმენტების სიღრმისეული შესწავლა მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა და მორწმუნე მრე-ვლის საფუძვლიანი შენიშვნების გათვალისწინებით. სწორედ ამი-ტომაც ვითხოვდით დოკუმენტების დროულად გამოქვეყნებას, ისევე როგორც დიდ კრებაზე მართლმადიდებელი მონაზვნობის, სამღვდე-ლოებისა და ღვთისმეტყველთა მონაწილეობას სიტყვის უფლებით.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ყველა არსებული ნაკლი გამოსწორებული იქნება და სულიწმინდის მადლით აღვსილნი, წმინდა და დიდი კრების მონაწილენი, როგორც კათოლიკე ეკლესიის ერთიანი ხმის გამომხატველნი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად დაამოწმებენ მარადიულ ჭეშმარიტებებს, რომელთა ერთგულიცაა ეკლესია დღიდან მისი დაარსებისა!
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია
25.03.2016
Xareba.net - ის რედაქცია