ახლა, როცა გავარკვიეთ, რომ ეკლესიის უცდომელობა არ ნიშნავს ცალკეული ეპისკოპოსის, თუნდაც მათი კრების უცდომელობას (ამიტომ ყოველთვის არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კრების გადაწყვეტილებაში ჭეშმარიტება აისახა). მნიშვნელოვანია, განვიხი-ლოთ, თუ ჭეშმარიტების რომელი კრიტერიუმები ჩაითვლება უცდომელად, რათა უშიშრად გამოვიყენოთ ისინი სულიერ ცხოვრებაში გზამკვლევად. პასუხს ისევ პ. ბუმისის ნაშრომიდან მოვიყვანთ:
„შესაძლოა, ვინმემ წუხილითა და იმედგაცრუებით თქვას: რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში? საიდან უნდა მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხი? როგორ მივხვდეთ, თითოეულ შემთხვევაში სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა? - მაგრამ აქაც სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. ზუსტად ამისთვის გადმოგვცა ეკლესიამ ჩვენ მსოფლიო კრებათა უცდომელი კანონები სიცოცხლისა და რწმენის, მსოფლმხედველობრივი და სამოღვაწეო, ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა. ეკლესიამ, როგორც დედამ, გადმოგვცა ეს უცდომელი კრიტერიუმები, რათა ისინი ყოველთვის თან გვქონდეს, რომ როცა მოვისურვებთ და დაგვჭირდება, მათთან შეთანხმებით ვიმოქმედოთ. ეს უცდომელი კრიტერიუმები, უპირველესად, არის: წმიდა წერილის (ძველი და ახალი აღთქმის) კანონი და მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებანი (სარწმუნოების განსაზღვრებანი და კანონები), რომლებიც მათ განგვიკუთვნეს და დაგვიმტკიცეს...
სწორედ ეს უცდომელი კრიტერიუმები მთელი მათი სისავსით შეა-დგენენ ნამდვილ და უეჭველ საეკლესიო გადმოცემას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეს კრიტერიუმები ნამდვილად შეადგენენ საეკლესიო გადმოცემას. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ ეს გადმოცემა არის საეკლესიო გადმოცემა მთელ მის სისავსეში და არა რომელიმე მის ნაწილში. ყველა დანარჩენ გადმოცემას არა აქვს უფლება ერქვას საეკლესიო გადმოცემა, მანამდე, სანამ არ იქნებიან მოწონებულნი და დამტკიცებულნი მთელი ეკლესიის მიერ. სწორედ ამის გამო საეკლესიო ჭეშმარიტ კანონებად, კანონებად ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომლებიც გვიჩვენებენ პირდაპირ მიმართუ-ლებას, გვევლინებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც დადგენილნი ან დამტკიცებულნი არიან მსოფლიო კრების - ე.ი. მთელი ეკლესიის მიერ. ყველა სხვა კანონიკური ეპისტოლეები თუ დადგენილებანი, გადმოცემული ადგილობრივი კრების ან რომელიმე საეკლესიო პირის მიერ, არ შეიძლება საეკლესიო კანონებად იწოდებოდნენ, რადგანაც მათ ზემოთ მითითებული საეკლესიო დადასტურება არ მიუღიათ. ამრიგად, ეს საეკლესიო გადმოცემა - ნამდვილი და სანდო საეკლესიო გადმოცემა - შეადგენს მართლმადიდებლობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის, მართალი სარწმუნოებისა და სწორი ქმედების, ჭეშმარიტი ცხოვრების საფუძველს. ეს გადმოცემა შეადგენს საეკლე-სიო „აკრივიას".1 ჩვენ ვალდებული ვართ, ვიცოდეთ ეს გადმოცემა, გვწამდეს მისი დოგმატები, ვეთანხმებოდეთ მის კანონებს და, საერთოდ, ამ ჭეშმარიტებით ვიცხოვროთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს აკრივია, მოვუფრთხილდეთ მას და მივდიოთ მას ცხოვრებაში. სწორედ ეს აკრივიაა კრიტერიუმი, რის საფუძ-ველზეც თითოეულს შეუძლია შეაფასოს შეხედულება, წარმოდგენები, სიტყვები და საქმენი, ქმედება და ცხოვრების წესი, როგორც თავისი, ისევე სხვისი, თუ მას სურს იყოს მართლმადიდებელი და ობიექტური. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს ემუქრება საფრთხე, ჩავარდეს ცდომილებაში, იყოს უსამართლო, სუბიექტური, „განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ხორცთა მისთაჲთა" (კოლ. 2, 18); და როცა ვამბობთ, რომ ამ კანონებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს სხვათა სიტყვა და საქმე, მხედველობაში გვყავს არა მარტო რიგითი ქრისტიანები, არამედ სამღვდელო დასი, იერარქები, პატრიარქები და მღვდელმთავრობა - ნებისმიერი, ცოცხალი იქნება იგი თუ გარდაც-ვლილი...
რა თქმა უნდა: როდესაც ვამბობთ, რომ გარკვეული ტექსტები, კრიტერიუმები, „მოწმობანი" არიან ნამდვილი და სარწმუნონი და რომ ისინი შეადგენენ ჭეშმარიტ გადმოცემას და საეკლესიო აკრივიას, ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ყველა მცდარია. მით უფრო არ უნდა ჩავთვალოთ უსარგებლოდ ეკლესიის მამათა, ეპისკოპოსთა, ღმრთისმეტყველთა და უბრალო ქრისტიანთა ყველა დანარჩენი საქმე და ნაწარმოები. შესაძლოა, ისინი შეიცავდნენ შეცდომებს, მაგრამ მთლიანობაში მცდარი არ არის. მეტიც, შესაძლოა შეცდომებს არც შეიცავდნენ, მაგრამ ჩვენ ამაში არ შეიძლება დარწმუნებულნი ვიყოთ... თუ განვაცხადებთ, რომ ეკლესიის დიდ მამათა ყველა მსჯელობა და გადაწყვეტილება უცდომელია, მაშინ გვექმნება საფრთხე, გავიზიაროთ პაპიზმის შეხედულებანი და ჩვენდა უნებურად წარმოვაჩინოთ ახალი არგუმენტები პაპის უცდომელობის სასარგებლოდ...
გამოდის, რომ მამები და საეკლესიო ავტორები თავიანთ მსჯელო-ბებში შეუმცდარნი არ ყოფილან, ე.ი. მათ შეეძლოთ შემცდარიყვნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი სიტყვები და ნაწერები სრულიად მცდარი იყო. ასეთი თხზულებების მაგალითებად გამოდგება წმ. წერილის განმარტებანი, სარწმუნოების დოგმატების განხილვები, წმიდა კანონების კომენტარები, აგრეთვე საეკლესიო თუ ქრისტეში მოსაგრობითი ცხოვრების პირადი გამოცდილებების გადმოცემა.
რასაკვირველია, ეს ყოველივე წარმოადგენს გადმოცემას, მაგრამ, რადგანაც იგი არ დაუმტკიცებია მთელ ეკლესიას, ამიტომ ეკლესიის უეჭველ გადმოცემად ვერ ჩაითვლება.
ამგვარ გადმოცემებად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენს მოძღვართა მსჯელობები, ჩვენი ეპისკოპოსებისა თუ წმიდა სინოდის განჩინებანი და დადგენილებები. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? დავუჯეროთ მათ, მივიღოთ ისინი და ცხოვრებაში გამოვიყენოთ? აუცილებლია ისინი, თუ შეიძლება მათი უგულებელყოფა? - ისინი, რა თქმა უნდა, იმდენად არიან აუცილებელნი, რამდენადაც არ ეწინააღმდეგბიან წმიდა წერილსა და მსოფლიო კრებათა გადაწ-ყვეტილებებს, ე.ი. უეჭველ საეკლესიო გადმოცემას. ისინი სავალ-დებულო მაშინაც არის, როდესაც უცნობია, ეწინააღმდეგება თუ არა საეკლესიო გადმოცემას...
მაგრამ, თუ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს შეხედულებანი და მი-თითებანი არ შეესაბამება საეკლესიო გადმოცემას, მაშინ ვალ-დებულნი ვართ, სათანადოდ და პატივისცემით მივუთითოთ ჩვენს საეკლესიო და სულიერ წინამძღვრებს, რომ მათი პოზიცია მცდარია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ გადმოცემას, და ამის გამო ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია, მივყვეთ მცდარ ადამიანურ დარიგებებსა და მითითებებს. ჩვენთვის ამაში მაგალითი უნდა იყვნენ მოციქულნი, რომლებმაც განაცხადეს: „მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ" (საქმ. 5, 29). („Непрогрешимость Православия" გვ. 14, 17). (გაგრძელება...)
1სიზუსტე, უცვლელობა.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)