ჩვენ ვთვლით, რომ ეკუმენიზმი გარედან შემოტანილი მოვლენაა ქრისტიანობაში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეკუმენიზმის პრაქტიკა არ არსებობდა ძველ ეკლესიაში - დოგმატური და კანონიკური საკითხები მასში კრებსითი ცნობიერებით წყდებოდა; მეორე მხრივ, ქრისტიანი, რომელიც ეკუმენისტურ დიალოგში ერთვება, ან დარწმუნებული უნდა იყოს თავისი აღმსარებლობის ჭეშმარიტებაში, ანდა არ იყოს დარწმუნებული მასში, ვითარცა ღმრთივგამოცხადებულ ჭეშმარიტე-ბაში. თუკი ის არ არის დარწმუნებული, მაშინ არც შეიძლება თავისი კონფესიის წარმომადგენელი იყოს. ხოლო თუკი დარწმუნებულია, მაშინ გამოდის, ერთადერთი მიზნით ერთვება დიალოგში - რათა დაარწმუნოს თავისი ოპონენტი და თავის ჭეშმარიტ აღმსარებლობად მოაქციოს, ანუ დიალოგი ამ შემთხვევაში მონოლოგად იქცევა, ხოლო თვით ტერმინი დიალოგი - მოხერხებულ ფანდად მიზნის მისაღ-წევად. თუმცა ეკუმენიზმში დიალოგი, როგორც ასეთი, არ არსებობს; იგი წარმოადგენს პროტესტანტული მენტალიტეტის თავსმოხვევის მცდელობას მონაწილეებისთვის.
ეკუმენიზმი ზნეობრივ ასპექტშიც არ შეესაბამება სახარებისმიერ სწა-ვლებას. ქრისტიანობა ქადაგებს სიყვარულს, რომელიც აღემატება ეროვნულ, სოციალურ და რელიგიურ განსხვავებებს. ამაში ჩვენ ქრისტიანული სიყვარულის ამაღლებულობას ვხედავთ. ეკუმენიზმი კი ხელოვნურ გაერთიანებას ესწრაფვის შემთანხმებლური იდეოლო-გიის მეშვეობით. მაშასადამე, იგი სიყვარულს იდეოლოგიაზე დამოკიდებულად თვლის, ანუ ამით აუქმებს და უარყოფს ქრი-სტიანობის თვით არსს - მოყვასად მიიჩნევდეს ყოველ ადამიანს, თავის პირად მტერსაც კი სხვა მრავალი რელიგიისაგან განსხვავებით, ქრისტიანობა „მოყვასში" სხვა რჯულის წარმომადგენლებსაც გულ-ისხმობს. ეკუმენიზმი კი, რომელიც მაღალფარდოვნად გაჰყვირის სიყვარულზე, სინამდვილეში მის შენაცვლებას ახდენს კონფესიური სოლიდარობით, ანუ კონფესიათაშორისი გათანაბრებით.
როცა ერთიანობის სარგებლობაზე ლაპარაკობს, ეკუმენიზმი ამით რელიგიური პირმოთნეობის პროვოცირებას ახდენს. მისთვის ერთიანობა გარკვეულ მიზანთა მისაღწევადაა აუცილებელი, ანუ ერთ-იანობა აქ გამორჩევას ემსახურება, მაშინ, როცა სინამდვილეში სულიერი ერთიანობა შეიძლება მხოლოდ ჭეშმარიტებაში ერთობა იყოს. ეკუმენიზმი პროტესტანტულ წიაღში იშვა, სადაც უარყოფილი იყო ტრადიციები, საეკლესიო იერარქია და ახლა მას სურს იდეოლოგიური გათანაბრებით მოახდინოს ამის კომპენსირება.
ეკუმენიზმი ჭეშმარიტების პლურალიზმს ქადაგებს; მაშასადამე, თი-თოეული „ჭეშმარიტება" არ არის სრული, შეფარდებითია, დროებით-ია და შეერთებულია შეცთომილებასთან, ანუ ასეთი „ჭეშმარიტება" უკვე აღარც არის ჭეშმარიტება. ეკუმენიზმი შეუთავსებელია ეკლესიის კანონებთან, ამიტომ იგი ან ჩქმალავს მათ, იგნორირებას უკეთებს, ანდა ცდილობს ისე წარმოაჩინოს კრებსითი კანონები, თითქოს ისინი დროებითი რეგიონალური დადგინებები იყოს, ანუ ეკუმენიზმი ფუნდამენტს აცლის ეკლესიას და სურს თვითნებობისა და ვოლუნტარიზმის ნადავლად აქციოს იგი.
ტრადიციებს დაშორებული მართლმადიდებლობა, ადრე თუ გვიან, პროტესტანტიზმის გზას დაადგება. ეკუმენიზმი ქრისტიანი მოწა-მეების ღვაწლის დისკრედიტირებას ახდენს. თუკი განსხვავება კონფესიებს შორის არ არის არსებითი, მაში ის წმინდა მარ-თლმადიდებელი მოწამეები, რომელთაც უარი თქვეს მიეღოთ კათოლიკობა, მონოფიზიტობა და ა.შ., უნდა განხილულ იქნენ როგორც ჯიუტი და უდრეკი, თავისნათქვამა ადამიანები და არა როგორც წმიდა მოწამეები, რომელთაც უარუყვიათ უნია ვითარცა ცრუ-მოწამეებს (გავიხსენოთ, რომ უნიატებმა ათონის ივერთა მონასტრის ბერები მოაკვდინეს, რომლებსაც ეკლესია პატივს მიაგებს როგორც წმიდა მოწამეებს, თანასწორთ იმ წმიდა მოწამეებისა, ტანჯვა-წამება და მოწამეობრივი სიკვდილი რომ მიიღეს ქრისტესათვის წარმართული დევნულებების ჟამს).
ეკუმენიზმი არღვევს მთელს ეკლესიოლოგიას. ეკლესია არის სვეტი და დამტკიცება ჭეშმარიტებისა. ეკლესია არის მისტიკური სხეული ქრისტე მაცხოვრისა და განა შეიძლება ერთ თავს რამდენიმე სხეული ჰქონდეს? ეკუმენისტები გაიძახიან: „თქვენ ერთი ეკლესია ხართ, ოღონთ არ გესმით ეს". მაშასადამე, მათი სიტყვით ეკლესია მოკლებულია თვითშემეცნების უნარს. თუ ასეა, როგორღა შეიძლება მასში ჭეშმარიტება და სულიწმიდა იყოს, თუკი მას თავადვე არ ესმის, თუ სინამდვილეში ვინ არის?! ლაპარაკობენ აგრეთვე რაღაც უხილავი და შეუცნობელი ეკლესიის შესახებ. ეს პროტესტანტების სწავლებაა. უარი თქვეს რა ისტორიულ ხილულ ეკლესიაზე, მათ მოიგონეს უხილავი, ტრანსცენდენტური ეკლესია. რა ეკლესია შეიძლება იყოს ეს დოგმატების გარეშე, საღმრთო საიდუმლოთა გარეშე?! სად არის ამ ეკლესიის საზღვრები და ფარგლები?!
ეკუმენისტები ორი ცნების აღრევას ახდენენ: ადამიანისადმი პატ-ივისცემისა და მის მსოფლმხედველობასთან სოლიდარობისა. დოგმატური შეცდომა - ეს არის სიცრუე. სიცრუე კი - სულიერი სიკვდილია. ჩვენ, მართლმადიდებლებს არ შეგვიძლია სიცრუე და სიკვდილი გვიყვარდეს, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანს როგორც პიროვნებას და ვაღიარებთ მის უფლებას თავადვე ამოირჩიოს თავისთვის მსოფლმხედველობა, და პირობებიც ამ უფლების განსა-ხორციელებლად. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მისი მსოფლმხე-დველობის სიყვარული, თუკი ის მცდარად და ცრუდ გვესახება. ასე რომ არ იყოს, მაშინ არც თვით ადამიანი გვეყვარებოდა. საღვთისმეტყველო პლანში ეკუმენიზმს ადოგმატიზმისაკენ, ანუ დოგმატების სრულ უარყოფამდე მივყავართ. კანონიკურ პლანში - საეკლესიო კანონთა და დადგინებათა დისკრეტიზაციისაკენ, ლიტურ-გიკულ პლანში - წეს-ჩვეულებათა თანდათანობითი დეფორმაციისა და ტრადიციების მოსპობისაკენ; ზნეობრივ პლანში - ინდიფერენ-ტიზმისა და პრაგმატიზმისაკენ, ანუ სრული განურჩევლობისა და ოდენ პრაქტიკული სარგებლობისაკენ; ხოლო ისტორიულ პლანში ეკუმენიზმს მივყავართ ოდინდელი მწვალებლობის - გნოსტიციზმის აღორძინებისაკენ მის მრავალფეროვან ფორმებში. ამიტომ ჩვენ ეკუმენიზმის წინააღმდეგ გამოვდივართ. მაგრამ ჩვენ ადამიანთა შორის სიყვარულის მქადაგებელნი ვართ და არამც და არამც არ ვზღუდავთ მას ჩვენი საკუთარი და სხვათა, უცხო კონფესიურობით. ჩვენ ეკუმენიზმის წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ მომხრენი - კორექტული საღვთისმეტყველო დიალოგისა, ამასთან, ჩვენ კატე-გორიულად ვეწინააღმდეგებით საღმრთო საიდუმლოთა გატანას ეკლესიის ზღურბლს გარეთ (რათა მასში ნებისმიერმა ადამიანმა არ მიიღოს მონაწილეობა და თანაც ისე, როგორც თავად მოეპრიანება).
ეკუმენიზმის მომხრეებმა პრესაში გამოსვლისას ლანძღვა-გინებით შეცვალეს დასაბუთებანი და ამ ლანძღვა-გინებაში „ობსკურანტი" და „ფანატიკოსი" ყველაზე უწყინარი სიტყვებია. ამგვარ ლანძღვა-გინებას თავისი ოპონენტების მიმართ მარქსის ნაწერებში თუ შეხვდებით, განსაკუთრებით კი მის პირად წერილებში.
ჩვენი დროის ერთ-ერთი უბედურებაა ცხოვრებისა და სიტყვის, საგ-ნისა და სახელის ურთიერთდაშორება. თუკი ეკუმენისტები საკუთარ თავს მართლმადიდებლებად ხმობენ, მაშინ ისინი მართლმა-დიდებლური კანონების თანახმიერად და შესატყვისად უნდა ლაპარაკობდნენ, ხოლო თუ არა, მაშინ დაე, მხოლოდ საკუთარი თავის სახელით ილაპარაკონ. თუკი მათთვის სულ ერთია, სად ილოცებენ - ეკლესიაში თუ მეჩეთში, ეს მათი პირადი საქმეა, მაგრამ, დაე, ნუ თხზავენ მითს მასზედ, თუ როგორ ასწავლეს მათ წმინდა მოწამეებმა ეკუმენიზმი.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია