აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან.
ფსალმუნი 120, 4
დადგება დრო, როდესაც ცხოველმყოფელ მოძღვრებს აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებს მიმართავენ.
2 ტიმოთე 4. 3, 4
ოღონდ ამქვეყნიურ დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვართე.
1 ტიმოთე 4. 7
ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ უშუალოდ ახალი პასპორტების აღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საზოგადოების ნაწილში ჩამოვარდნილია შფოთი და გაურკვევლობა, რომ თითქოს ეს დოკუმენტები ანტიქრისტეს ბეჭედითაა დაღდასმული. ამ შფოთს სამწუხაროდ სასულიერო პირების ნაწილიც იზიარებს. შიშსა და გაურკვევლობას იწვევს ის მიკროჩიპი, რომელიც დატანებული იქნება ამდაგვარ პასპორტებზე და სავარაუდოდ პიროვნების პირადი ან ბიომეტრული მონაცემების შემცველი იქნება (ან ორივესი ერთად).
ღმერთმა უწყის ექნება თუ არა ამ ჩიპს მომავალში ავბედითი პატივი კაცობრიობისათვის ბაბილონის მიკროგოდლად იქცეს, ფაქტი ერთია, ჯერ-ჯერობით იგი ნანოტექნოლოგიურ1 მიღწევას წარმოადგენს. ადამის მოდგმას თავისი მიწიერი ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ შეუქმნია საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, ეს ყველაფერი ვისგან, რა ფორმით და რისთვის იქნება გამოყენებული. კაცობრიობის გარიჟრაჟზე ქვა გახდა მკვლელობის იარაღი, ხოლო კომუნისტების ზეობის ჟამს კარაბინმა და მავთულხლართებმა შექმნეს მიწიერი ჯოჯოხეთი. ფაშისტურ ბანაკებში კი დაკრისტალებული გაზის ნატეხები (ციკლონ B) იქცნენ სიკვდილის მოციქულებად. რაც შეეხება ანტიქრისტეს ბეჭედს, იგი არ იქნება მოქმედებაში, სანამ თვით ანტიქრისტე არ გამოჩნდება; ამიტომაც მსჯელობა უშუალოდ ბეჭდის თაობაზე, საუკეთესო შემთხვევაში ვარაუდების სფეროა, უარესში - მარჩიელობისა.
წმინდა ანთიმოზი, იერუსალიმის პატრიარქი (1788-1808) წერდა: „იმ ბეჭდის შესახებ, რომელიც შუბლსა და მარჯვენა ხელზე დაისმება, ანუ მხეცის სახელის რიცხვზე 666, მახარებელმა დაიდუმა, თუნდაც იმიტომ, რომ ამის ცოდნა ჩვენთვის სასიკეთო არ არის. ეკლესიის მასწავლებელთაგან ზოგიერთები ამბობენ, რომ ამ საკითხზე შემ-დგომი გამომეძიებლობით დაკავდნენ ისინი, ვისაც მეტი სხვა საქმე არა აქვსო".
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შფოთის მიზეზი რამოდენიმე ურთიერთდა-კავშირებული მცდარი პოსტულატია.2
1. თითქოს აქტიურობის იმ ფორმით, რასაც გვთავაზობენ, შესაძ-ლებელია ანტიქრისტეს მოსვლის შეჩერება.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, მამათა სწავლებებზე დაყრდნობით, წერდა:
„მართლმსაჯულია ღმერთი თავის დაშვებაში. ეს დაშვება იქნება და-კმაყოფილება და ამავე დროს მხილება და სამსჯავრო ადამიანის სულისათვის. ანტიქრისტე მოვა წინასწარგანსაზღვრულ დროს. მის მოსვლას წინ უძღვის ადამიანთა უმრავლესობის საერთო განდ-გომილება ქრისტიანული სარწმუნოებისაგან. ქრისტესაგან განდგომი-ლებით კაცობრიობა მოემზადება ანტიქრისტეს მისაღებად, მიიღებს მას საკუთარ სულში. თვით ადამიანური სულის განწყობაში წარმოიშვება მოთხოვნილება, მიწვევა ანტიქრისტესი, მისი თანაგ-რძნობა, როგორც ძლიერი სატკივარის დროს წარმოიშვება ხოლმე წყურვილი მომაკვდინებელი სასმისის შესმისა. წარმოითქმება მოწვევა! ადამიანთა საზოგადოებაში გაისმება მოწოდების ხმა, რომელიც გამოხატავს დაჟინებულ მოთხოვნას გენიოსთა გენიოსის მოსასვლელად, რომელიც მატერიალურ განვითარებას და წარმა-ტებებს აიყვანს უმაღლეს ხარისხში, დაამყარებს დედამიწაზე იმ კეთილდღეობას, რომლის დროსაც სამოთხე და ზეცა ადამიანთათვის ზედმეტი გახდება. ანტიქრისტე იქნება ლოგიკური, სამართლიანი, ბუნებრივი შედეგი ადამიანთა საერთო ზნეობრივი და სულიერი მოსწრაფებებისა...
განდგომილება დაშვებულია ღვთისაგან, არ გაბედო მისი შეჩერება საკუთარი უძლური ხელით" (ე. ბრიანჩანინოვი. IV ტომი).
შემდეგ, თეოფანე დაყუდებული:
„ანტიქრისტე გამოცხადდება, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, არა ღვთის ნების წინააღმდეგ. ღვთის განგებულებაში შედის ისიც, მისი მოსვლის მომზადებაც და ამ მოსვლის შედეგებიც. არა იმიტომ, რომ ღმერთი უსურვებს ასეთ ბოროტებას ადამიანებს, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები თავად მიიყვანენ თავის თავს აქამდე. ეს მომენტი უფალმა ბოლო შესაძლებლობამდე გადასწია იმის მოლ-ოდინში, მოვა თუ არა კიდევ ვინმე, ვისაც ენდომება მისდამი შევრდომა. როდესაც უკვე აღარავინ დარჩება ასეთი, უფალი აღიღებს ხელს, ბოროტება აზვირთდება და ანტიქრისტე გამოცხადდება".
ამდენად, თუ ჩვენ ანტიქრისტეს მოსვლის გადავადებაზე ვიმსჯე-ლებთ, უნდა ვისაუბროთ ადამიანური მოღვაწეობის იმ ღრმა სულიერი და ზნეობრივი მხარის გაჯანსაღებასა და ამაღლებაზე, რომელსაც ღვთის მოწყალებასთან ერთად, ერთადერთს შეუძლია ამის გაკეთება და არა ზედაპირულ, მსუბუქ ადამიანურ სიჯიუტეს. ე.ი. ეს არ არის მეცნიერული ტექნოლოგიების სფერო. ბეჭდის მიღება-არმიღებაც ადამიანის ზნეობრივი არჩევანი იქნება და არა ტექნოლოგიური იძულება, ანუ ბეჭედი ადამიანის ქრისტესაგან ნებაყოფლობითი განდგომის ნიშანი იქნება უპირველეს ყოვლისა.
იოანე დამასკელი წერდა: „სატანასა და მის ეშმაკებს არავის წინ-ააღმდეგ არა აქვთ უფლებამოსილება ან ძალა, თუ ღვთისაგან არ მიეცემათ განგებულებითაც, როგორც, მაგალითად, იობთან და-კავშირებით და, როგორც, აგრეთვე, სახარებაში წერია ღორების შესახებ... ამასთან, ნება ქვს მიცემული, შეუტიონ ადამიანს, მაგრამ ვინმეს იძულება არ შეუძლიათ, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, დავუთმობთ მათ შეტევას თუ არ დავუთმობთ" (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა). (გაგრძელება...)
1ნანოტექნოლოგია - გამოკვლევა, დამუშავება და შექმნა ობიექტებისა, რომელთა ზომაც ატომების, მოლეკულების, იონების ზომისაა.
2პოსტულატი - აქსიომა, თვალსაზრისი, უდავო ჭეშმარიტება.
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური"